კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროელ ჰერებს საქართველოში ცხოვრებაზე უარი ათქმევინეს

17 მაისი, 2006

დედოფლისწყაროელ ჰერებს საქართველოში ცხოვრებაზე უარი ათქმევინეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს 300-მდე მცხოვრებმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც ისინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს კახის რაიონში საცხოვრებელი ადგილის მიცემას და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას სთხოვენ. ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც წერილის ავტორები ამბობენ, მათ საქართველოს ხელისუფლებამ და რეგიონში გამეფებულმა განუკითხაობამ აიძულა.

სამთაწყაროს მოსახლეობის თქმით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ფინანსური პოლიციისა და დედოფლისწყაროს პოლიციის წარმომადგენლები მათ დისკრიმინაციას ახდენენ. არაერთი მოთხოვნისა და საპროტესტო აქციის მიუხედავად კი ყურადღებას არავინ აქცევთ. საინგილოსთან დამაკავშირებელი სამთაწყაროს ხიდი დღემდე უსაფუძვლოდ არის ჩაკეტილი, რის გამოც სამთაწყაროელმა ჰერებმა ნათესავებთან ვერც ახალი წელი აღნიშნეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მიცვალებულთა საფლავებზეც ვერ გავიდნენ და გიორგობას, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაშიც ვერ ილოცეს. 

მდინარე ალაზანზე გადებული ხიდის ჩაკეტვას, სამთაწყაროში, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილისა და პრეზიდენტის პრეს-მდივანის მარიკა ვერულაშვილის დაპირისპირებას უკავშირებენ.

„ხელისუფლებამ კონტრაბანდას შეგვწირა. იმიტომ, რომ კახეთის გუბერნატორმა პეტრე ცისკარიშვილმა, ფინანსურ პოლიციას ლაგოდეხში, პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ძმის ბესარიონ ვერულაშვილის კონტრაბანდული საწვავი დააკავებინა, სამაგიეროდ მარიკა ვერულაშვილმა ხიდის ამორტიზირების მიზეზით, სამთაწყაროს საბაჟო-გამშვები პუნქტი ჩააკეტინა, საიდანაც ზუსტად ვიცით, რომ აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული საწვავით დატვირთული ცისტერნები კახეთის გუბერნატორის მფარველობით შემოდიოდა. სამთაწყაროში ეს ბავშვმაც იცის და ბერიკაცმაც. ჩვენ გვაქვს საზღვარზე გამეფებული კორუფციის ამსახველი ვიდეოკადრები, როგორ ეზიდებიან კონტრაბანდულ საწვავს ცისტერნებით, როგორ იღებენ საზღვრის გადაკვეთისას ჩვენგან ფულს და ა.შ.“,- ამბობენ სამთაწყაროელები და ამატებენ, რომ ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით კახეთის მხარის რწმუნებულს პეტრე ცისკარიშვილს დახმარება სთხოვეს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არ აინტერესებდა. „მას შემდეგ საპროტესტო აქციებს ვმართავთ, მაგრამ უშედეგოდ. საზღვრისპირა სოფელია და ვერც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზას გადავკეტავთ და ვერც კანცელარიის წინ ვიყვირებთ, რომ მაღალჩინოსნები შევაწუხოთ. ცენტრში წასვლის ფული არ გვაქვს,“- ამბობენ სამთაწყაროელი ჰერები, რომლებმაც ფინანსური პოლიციის მიერ ხიდთან გათხრილი ღრმა თხრილი, რამდენჯერმე ამოავსეს, თუმცა საზღვარზე სასწრაფოდ გამოცხადებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა აღელვებულ მოსახლეობას საზღვრის გადაკვეთის ყველა მცდელობა ჩაუშალა.

„დახმარება როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს და სახალხო დამცველსაც არაერთხელ ვთხოვეთ, მაგრამ ყურიც არავინ გვათხოვა. ნათესავები და ოჯახის წევრები ხუთი თვეა არ გვინახავს. ამაოდ ვიხვეწებოდით, სააღდგომოდ მიცვალებულთა საფლავებზე სანთლების დასანთებად მაინც გადავეშვით საინგილოში. არც გიორგობისთვის მოგვცეს იქ გადასვლისა და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლოცვის საშუალება. მოთმინება აღარ გვყოფნის, როცა გვაგინებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ თათრები, მომთაბარეები ვართ და სწორედ მოვიქცევით საქართველოდან აზერბაიჯანში თუ წავალთ. ეს არის დისკრიმინაცია და მეტი არაფერი. აქ ჩამოსული დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი დიმა ბოჭორიძე ყოველთვის გვლანძღავს. ამდენ შეურაცხყოფას ვეღარ ვუძლებთ. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ საინგილოში, ჩვენს ქართველ დებთან და ძმებთან ერთად უფრო შევინარჩუნებთ ნერვებსაც და ეროვნულ ცნობიერებასაც. ამიტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელზე ხელი მოვაწერეთ წერილს, სადაც მას საინგილოში მუდმივად ცხოვრების უფლებას და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მოცემას ვთხოვთ. სხვა გზა ქართულმა ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა“,- აცხადებს აღელვებული ხალხი და თითოეული მათგანი ცრემლებს ვერ მალავს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ალიევის სახელზე წერილი მზად არის, სამთაწყაროელი ჰერები აზერბაიჯანში მის გაგზავნას აგვიანებენ. მიზეზს კი შემდეგნაირად ხსნიან: „სამთაწყაროში ჰერები უკვე 85 წელზე მეტია ვცხოვრობთ. საინგილოდან აზერბაიჯანის გამძვინვარებულ ხელისუფლებას გამოვექეცით, რომელნიც გამუსლიმანებაზე უარის შემთხვევაში გვდევნიდნენ და გვაწიოკებდნენ. ისიც კარგად ვიცით, რომ იქ უკეთესი მდგომარეობა არც დღეს არის. ქრისტიანი ქართველებისთვის არ არსებობს სამსახური, ეკრძალებათ ბავშვებისთვის ქართული გვარი-სახელების დარქმევა და ა.შ. მაგრამ, აზერბაიჯანის ხელისუფლება იქაურ ინგილოებს ჩვენთან ურთიერთობას არ უკრძალავს. გვინდა გითხრათ, რომ რაც 1918 წლის საქართველოს მთავრობამ დაგვაკლო, სააკაშვილის ხელისუფლება აგვირგვინებს. ამათი ანტიდემოკრატიული მიდგომით, მალე მართლმადიდებელი ინგილოები აღარ იარსებებენ,“- გულდაწყვეტილნი არიან სამთაწყაროელი ჰერები.

ორი დღის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით მესაზღვრეებისგან და მებაჟეთაგან მოგვეპოვებინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მდინარე ალაზანზე გადებული ხიდი ამორტიზებულია და იქ საშიშია ფეხით მოსიარულე ადამიანების თუ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა, მაგრამ ვერცერთი უწყების თანამშრომლებმა მსგავსი საბუთი ვერ წარმოადგინეს. სამთაწყაროს საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე არსენ მაისურაძე აცხადებს, რომ მას ბრძანება ზემოდან აქვს და რეგისტრაციაში ვერცერთ ავტომანქანას ვერ გაატარებს. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მებაჟეებმა რეგისტრაციის ვერავითარი ჟურნალიც ვერ წარმოადგინეს. „რას ჰქვია რეგისტრაციაში არ გატარებენ, მათ ამის უფლება არ აქვთ. ხელმძღვანელობას მივცემ ამ ინფორმაციას და ათ წუთში პრობლემა გადაიჭრება“,- გვითხრა საბაჟო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა კახა ჭაბაშვილმა. ნახევარი საათის შემდეგ მას კვლავ შევეხმიანეთ, თუმცა ბატონმა ჭაბაშვილმა რაც გვითხრა, ყველაფერი უარყო და აღნიშნა: „იცით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გითანაგრძნობთ, ხომ იცით რაც მოხდება. ანთელიძეს შეეხმიანეთ“.

ზურაბ ანთელიძეს მთელი დღის განმავლობაში მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღმოსავლეთის საბაჟოების წარმომადგენელს ვინმე გიასაც დაუკავშირდა, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა: „რა დოკუმენტი, რის დოკუმენტი. ბრძანება მაქვს, რომ საზღვარი არავინ გადაკვეთოს და მორჩა“,- განაცხადა მან და ტელეფონი გათიშა.
 
მოგვიანებით საზღვარზე კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ აივაზაშვილი გამომძიებლებთან და სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გამოცხადდა და დაიმუქრა. „არავინ შემედაოს, წინააღმდეგობის გაწევაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. დაიშალეთ და სახლებში წადით, თორემ ესენი აქ ტყულიად არ არიან,“- და მუქარას გინებაც მოაყოლა ფინანსური პოლიციის უფროსმა.

„აქ სრული განუკითხაობაა. ნახეთ, სკოლის დირექტორი დინა გამხარაშვილი რომ გაიყვანეს და დაემუქრნენ, ამ ხალხს გვერდში ნუ უდგეხარ და ნუ აქტიურობ, თორემ სკოლის დირექტორობა ხომ უკან დაგრჩება და თავს ციხეშიც ამოჰყოფო. პოლიციის უფროსად ბოჭორიძე იმიტომ დანიშნეს, რომ ჯართის ბიზნესს მფარველობს, ამის ვიდეოკადრებიც გვაქვს. ჩვენი განმკითხავი არავინ არის, ჟურნალისტების გარდა. აღარ ვიცით რა ვქნათ. სახალხო დამცველს სოზარ სუბარს ერჩია, ქურმუხის წმინდა გიორგში წასვლამდე ჩვენთვის მოეხედა“,- ამბობენ სამთაწყაროელები.

სკოლის დირექტორი დინა გამხარაშვილი მისი დაშინების ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ ხელისუფლების დახმარებით მას საინგილოში აღარც ნათესავები ჰყავს და აღარც საფლავები აქვს, რადგანაც ხუთი თვეა მათზე უარი ათქმევინეს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები