კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს ბიზნესმენებს მანქანებს უკანონოდ ართმევს

17 მაისი, 2006

 შსს ბიზნესმენებს მანქანებს უკანონოდ ართმევს

ბათუმელ ბიზნესმენ მიშა გაგოშიძეს ავტომანქანა „ტოიოტა-ლენდკრუიზერი“, საბაჟო წესების დარღვევის მოტივით, რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს. გაგოშიძის ადვოკატის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლები ბიზნესმენს მანქანის ჩუქებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი საქმე არ აღიძვრებოდა.

ავტომანქანა მიშა გაგოშიძეს 2005 წლის 5 ნოემბერს ჩამოართვეს. ოპერაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონულმა სამმართველოს გამომძიებელმა სულიკო ვარშანიძემ ჩაატარა. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის #362 მუხლით წაუყენეს - ყალბი დოკუმენტებით მანქანის გაფორმება.

მანქანის ჩამორთმევის დღესვე, გამომძიებელი ვარშანიძე ბიზნესმენ გაგოშიძეს მანქანის დათმობას სთავაზობს, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ საქმე არ აღიძვრებოდა. „გამომძიებელმა სულიკო ვარშანიძემ უთხრა მიშა გაგოშიძეს, რომ მისი მანქანა სპეცრაზმის ბიჭებს მოსწონთ და თუ დაუთმობდა, საქმე არ აღიძვრებოდა. მიშა გაგოშიძემ მანქანა არ დათმო“, - აღნიშნა ბიზნესმენის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.

პაქსაძის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს მანქანის წართმევის ასეთი მეთოდი გააჩნიათ: „შემოყვანილ ავტომანქანას ჯერ იღებს, თითქოსდა მანქანა არაკანონიერადაა შემოყვანილი, შემდეგ კი მეპატრონესთან გარიგებას დებს. თუკი მეპატრონე მანქანას შსს-ს რომელიმე ჩინოვნიკს აჩუქებს, მაშინ საქმე წყდება. ხშირად ასეც ხდება“, - აცხადებს პაქსაძე და იქვე დასძენს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ამ მეთოდით, ბათუმიდან 30-მდე ძვირადღირებული მანქანაა ამოღებული, „თუმცა, ეს ადამიანები გაჩუმებას ამჯობინებენ“.

ადვოკატი პაქსაძე საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს: „მანქანის მონაცემები ინტერპოლში გააგზავნეს, მაგრამ გაგოშიძის მანქანა არსად იძებნება. ამის გარდა, ბრალდებაში დაუმატეს საბაჟო წესების დარღვევაც, რაც ნივთის კონფისკაციას ითვალისწინებს, რათა სპეცრაზმა ბიზნესმენის მანქანა როგორმე მოიპოვოს. მიუხედავად ამისა, 362-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე - ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ხანდაზმულობის ვადა 2 წელია, რაც უკვე გასულია. გაგოშიძემ მანქანა 2002 წლის დეკემბერში შემოიყვანა ბათუმში“.

ამჟამად მიშა გაგოშიძე საქართველოში არ იმყოფება. ის მოწმის სტატუსით, მანქანის ჩამორთმევის შემდეგ დაკითხეს. მანქანა „ტოიოტა-ლენდკრუიზერი“ თავის მძღოლ, ლევან არობელიძის სახელზეა გაფორმებული. თუმცა, არობელიძით სამართალდამცველები დღემდე არ დაინტერესებულან.

ჩამორთმევის შემდეგ ავტომანქანა ბათუმში, აჭარის შს სამმართველოს ეზოში უნდა ყოფილიყო. თუმცა, გაგოშიძემ თავისი მანქანა სანდრო გვირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებისას, სატელევიზიო კადრებში იცნო. გაგოშიძის ადვოკატის პაქსაძის დაინტერესების შემდეგ, თუ როგორ აღმოჩნდა მანქანა თბილისში, ბიზნესმენის მანქანას უკანვე, ბათუმში აბრუნებენ. „მანქანაზე საკუთარი ხელით ჰქონდა შეცვლილი დეტალები. ამიტომ კადრზე თვალის მოკვრაც საკმარისი იყო, რომ გაგოშიძეს თავისი  მანქანა ამოეცნო“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმეს აჭარის პროკურატურა იძიებდა. „ამჟამად პროკურორმა, ამირან ვერულიძემ მითხრა, რომ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცაო“, _ აღნიშნა ემზარ პაქსაძემ. ჩვენთან სატელეფონო საუბარში კი პროკურორი ამირან ვერულიძე აცხადებს, „მაგ საქმესთან შეხება არ მქონია. საერთოდ, ჩვენ უფრო მძიმე დანაშაულებებს ვიძიებთ“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები