19:42, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

17 წლის გოგონა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

17.05.2006
17 წლის გოგონა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს


რატომ შეცვალა მოწმემ ჩვენება ცხრა თვის შემდეგ

17 წლის გორელმა გოგონამ ეკა სეხნიაშვილმა შიდა ქართლის სამართალდამცავები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ძალოვნებს იგი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პიროვნებების საცხოვრებელ სახლებში დატყვევებული ჰყავდათ. საქმე ეხება მის მიერ რამდენიმე თვის წინ დაწერილ ჩვენებებს, რომლითაც შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ვოვა ჯუღელმა 12 კაციანი ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ჯგუფი დააკავა. დღეს ეკა სეხნიაშვილი აცხადებს, რომ ამ 12 კაცის წინააღმდეგ ჩვენება მას პოლიციის უფროსმა და პროკურორმა მოტყუებით და ძალის გამოყენებით დააწერინეს.

2005 წლის აგვისტოს თვეში, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ რამდენიმე პიროვნება სპეც-ოპერაციის ჩატარების დროს ერთდროულად დააკავეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მათ ბრალი რამდენიმე ორგანიზებულ ყაჩაღობაში ედებოდათ, მათ შორის ქეთევან მირძველის ავტომანქანის გატაცებაში, რა დროსაც იმ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა 1073 აშშ დოლარის და 1000 ლართან ერთად ერთი კილოგრამი ოქროც გაიყოლეს.

დაკითხვის დროს დაზარალებულმა ქეთევან მირძველმა განაცხადა, რომ ამ ოქროს შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ მის მეზობელს 17 წლის ეკა სეხნიაშვილს. პოლიციამ სეხნიაშვილი რამდენიმე საათში მოძებნა და დაიწყო მისი დაკითხვაც. როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში აცხადებენ, ეკა სეხნიაშვილის დაკავებიდან რამდენიმე წუთში პოლიციის შენობაში 12-მდე ეჭვმიტანილი მიიყვანეს დასაკითხად, ამათგან უმრავლესობა დააპატიმრეს. ეკა სეხნიაშვილმა აღიარა, რომ 12 კაციან ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია, რისი საშუალებითაც მოხდა აღნიშნული დაყაჩაღება. დაკავებულებიც არასრულწლოვანები აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, ამავე ჯგუფს დაედო ბრალი გორში კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დაყაჩაღებაც, რა დროსაც დიდი რაოდენობით ფულის წართმევასთან ერთად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ოჯახის პატრონი „დააუთოვეს“.

მომხადრი შემთხვევიდან ცხრა თვის შემდეგ ეკა სეხნიაშვილი ჩვენებას ცვლის. სასამართლო პროცესი, ქარელის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე წლის 1 მაისს გაიმართა, სადაც ეკა სეხნიაშვილი მოწმის სახით იმყოფებოდა. მან უარყო ყველა ის პირი, ვინც სავარაუდოდ ჩვენების მიცემის დროს ჰყავდა დასახელებული და განაცხადა, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება ზეწოლის ქვეშ და ძალით დაწერა. ეკა სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ მის დაკითხვას მიუხედავად მისი არასრულწლოვანებისა, არავინ დაასწრეს, თუმცა სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა ქ. გორის მე-6 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მედიკო თეგეტაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ, როგორც პედაგოგი იგი დაკითხვის პროცესს დაასწრეს.

ეკა სეხნიაშვილი: „როდესაც მიმიყვანეს პოლიციაში, მითხრეს, რომ ამა და ამ პიროვნებების წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიმეცა. სამაგიეროდ გარანტირებული მქონდა თვითმფრინავის ბილეთი, მთავარი იყო, მე ამერჩია ქვეყანა. ვინც ამჟამად დაპატიმრებულია ჩემი ჩვენების წყალობით, არც ერთს არ ვიცნობ. ყველაფერი დაწერეს თვითონ, ხელი კი მე მოვაწერე, მაგრამ არ ვიცი რაზე მოვაწერე. თვითონ გია კავსაძის და ეთერ სადაღაშვილის სახლში ვყავდი გადამალული. იქ მეუბნებოდნენ, ასე ჯობია რომ გააკეთოო. კავსაძე მგონი პროკურორია, სადაღაშვილიც მანდ პოლიციაში მუშაობს. სადაღაშვილთან პირადად ვოვა ჯუღელმა ამიყვანა. რაც თვითონ სურდათ, იმას მაკეთებინებდნენ.
_ ზეწოლა რაში გამოიხატებოდა?
_ თავიდან მიყვიროდნენ, მე შემეშინდა. რამდენიმე დღე მათ განკარგულებაში ვიყავი. ბოლოს რაღაცეების წერა დაიწყეს, თან მეუბნებოდნენ, ასე ჯობია რომ დავწეროთო. მე საერთოდ არ ვიცნობ არც ერთ დაკავებულს. მერე თვითონვე თქვეს, ამას ვიღაც მოკლავსო. ხან სად გადამმალეს, ყაზბეგშიც კი ვყავდი. ამდენი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სასამართლო პროცესამდე დამეცადა და იქ ვიტყოდი სიმართლეს. მანამდე მეშინოდა, რადგან მათ განკარგულებაში ვიყავი.
_ ცრუ ჩვენებისთვის შეიძლება დაგაპატიმრონ. რა არგუმენტები გაქვთ, რომ პოლიციის მხრიდან იძულების ფაქტი დაადასტურო?
_ ვერ გეტყვით. დაველაპარაკები ადვოკატს. ალბათ არასამთავრობოებიც დამიდგებიან გვერდში“.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჯუღელი აცხადებს, რომ „აღნიშნული საქმის მოკვლევა უშუალოდ პროკურატურას ევალა და ყველაფერი ხდებოდა პროკურატურის მეთვალყურეობის ქვეშ. მინდა განვაცხადო, რომ მაშინ დავაკავეთ საკმაოდ მასშტაბური ბანდიტური დაჯგუფება, ყველა წვრილმანისა და დეტალის შესახებ ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ უშუალოდ სამინისტროს მითითებით ხდებოდა ყველაფერი. არც ისაა ახალი და გასაკვირი, რომ სამინისტროში არის სპეციალური სამსახურები, რომელთაც უშუალოდ ევალებათ მოწმის უსაფრთხოების დაცვა, სწორედ ასეთ სამსახურებს ის უსაფრთხო სახლებიც გააჩნიათ, სადაც მოწმე თავს დაცულად გრძნობს”,_განაცხადა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა.

სეხნიაშვილის ბრალდებები გაუგებარია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის  ეთერ სადაღაშვილისთვისაც: „შარშან, ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როდესაც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი იყო, მართლაც მოხდა ერთ-ერთი ბანდიტური დაჯგუფების წევრების აყვანა, როგორც მე ვიცი სწორედ ამ საქმეზე მოწმედ იკითხებოდა ეკა სეხნიაშვილი. სეხნიაშვილმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ სახლში ვეღარ მივიდოდა, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდნენ კრიმინალები. აქედან გამომდინარე, პოლიცია ვალდებული იყო მოწმე დაეცვა და შეურჩიეს უსაფრთხო ადგილი. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ასეთი სამსახური და ამგვარი კონფედენციალური ადგილები, რისი დასახელების უფლებაც მე არ მაქვს და არც ვიცი.”

ეთერ სადაღაშვილისთვის გაუგებარია სეხნიაშვილის გააქტიურება 9 თვის შემდეგ. იგი აცხადებს, რომ ეკა სეხნიაშვილს თუ კი მისი უფლებები ირღვეოდა, გაცილებით უკეთ შეეძლო ამის დემონსტრირება ჩვენების მიცემის დროს: „როცა მოწმის სახით იკითხებოდა სეხნიაშვილი, სწორედ იმ პერიოდში მომხდარი ამბავი საკმაოდ აჟიტირებული იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ყველას კარგად ახსოვს, რომ თეა თუთბერიძე სამხარეო პოლიციის შენობაში შემოვიდა და სათითაო ოთახი დაათვალიერა რათა დარწმუნებულიყო, რომ არ ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა. იგი გაესაუბრა თითოეულ დაკავებულსა და მოწმეს.“

შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი კავსაძე აბსურდულს უწოდებს მოწმის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას: „როგორ უნდა დამემალა სეხნიაშვილი ჩემს სახლში, როცა იგი ჩემს მეზობლად ცხოვრობს, რამდენჯერმე ამოვიდა, რადგან შეშინებული იყო და სიტუაციაში გარკვევა მთხოვა. ყველაფერს ძიება მიხედავს და სასამართლო პროცესზე გაირკვევა სიმართლე.“

აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს ადვოკატი ზაზა გიგაური, რომელიც ეკა სეხნიაშვილის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ დაკავებულს იცავს. „ეს ყველაფერი მოიფიქრა „სოდმა“, სეხნიაშვილს მათ შეაცვლევინეს ჩვენება, რადგან შემდეგ დაიჭერენ და ათქმევინებენ, რომ მე დავავალე, რომ უკუღმა ელაპარაკა“,_აცხადებს ჩვენთან გაკეთებული კომენტარის დროს ადვოკატი ზაზა გიგაური.

მაინც რა ინტერესი უნდა ჰქონდეს „სოდს“ ადვოკატ ზაზა გიგაურთან? როგორც ირკვევა, ზაზა გიგაური ყველა იმ ადამიანის ადვოკატია, რომელიც ბოლო ხანებში გახმაურებული სპეცოპერაციების დროს დააკავეს. ზაზა გიგაური ასევე ადგილობრივ გაზეთ „თრიალეთის“ მთავარი რედაქტორის თინათინ ვაჩაძის ადვოკატია, რომელიც ოლქის პროკურორს ვაჩაძისადმი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC