კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში სისხლის აღებით იმუქრებიან

24 მაისი, 2006

პანკისის ხეობაში სისხლის აღებით იმუქრებიან

                      

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციელთაგან ჩახოცილი ავთო და ვახო გუმაშვილების ახლობლები ერთი წელია დამნაშავე პოლიციელთა დასჯას და გადამწვარი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ამაოდ ითხოვენ. ხეობაში მცხოვრებ, უსამართლობით აღშფოთებულ ქისტებს გადაწყვეტილი აქვთ განუკითხაობას ქისტური ტრადიციით დაუპირისპირდნენ და სისხლი აიღონ.

შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა და სპეცდანიშნულების რაზმმა, ავთო გუმაშვილისა და მასთან სტუმრად მყოფი 23 წლის ვახო გუმაშვილის ლიკვიდაცია შეიარაღებული წინააღმდეგობის ბრალდებით, 2005 წლის 3 ივლისს მოახდინეს. შტურმის შედეგად, მთლიანად დაიწვა ავთანდილ გუმაშვილის საცხოვრებელი ბინა.

სპეცოპერაციის მსვლელობისას პოლიციელთა ქმედებებით აღშფოთებული დუისელი ქალები სპეცრაზმელების შეჩერებას ქვების სროლითაც შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცავები ხალხს ყურადღებას არ აქცევდნენ და პანიკის შესაქმნელად ყველა მიმართულებით ისროდნენ, რის გამოც დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი და 3 მოქალაქე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით, რამდენიმე ახალგაზრდაც დააკავა, მათ შორის ინვალიდიც. სპეცოპერაციის შედეგად, ხეობაში დღესაც ტრავმირებული არინ ბავშვები, რომელთა წინაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებში ტყვიები ცვიოდა. პროტესტის ნიშნად, ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ სულეიმან გუმაშვილმა პოსტიც დატოვა.

„სპეცოპერაცია დილის 4 საათზე დაიწყო. თავდაპირველად ავთო გუმაშვილის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა. გუმაშვილმა პოლიციელებს ჩაბარებაზე უარი განუცხადა და უთხრა, სანამ მარგოშვილთან, რომელმაც ჩემი მეუღლე გააუპატიურა და ოჯახი დამინგრია, ჩემს ანგარიშს არ გავასწორებ, მანამდე არ ჩაგბარდებითო. ავთოს დედა და დუისელი ქალები პოლიციელებს ვეხვეწებოდით, ავთო ცუდი ადამიანი არ არის და რად გინდათ, ამხელა ამბავი რომ ატეხეთო, მაგრამ კახეთის პოლიციის უფროსი თემურ ანჯაფარიძე დაგვემუქრა, ხმას ნუ იღებთ, თორემ გუმაშვილს თქვენი ოჯახის წევრებსაც მივაყოლებო. ავთოს სახლის კარი ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა მასთან საუბარს მისივე ამხანაგები ფანჯრიდან ახერხებდნენ. გარეთ რომ გამოდიოდნენ, ამბობდნენ, ავთომ თქვა, გამანებონ თავი, პოლიციას ცოცხალი მაინც არ ჩავბარდები და მათ არც რაიმეს დავუშავებო. მალე პოლიციელებმა სროლა ატეხეს, რასაც ავთოს მხრიდანაც მოჰყვა ჰაერში გასროლა. ავთოს ნასროლით არავინ დაჭრილა. პოლიციელებმა კი მშიდობიანი მოქალაქეებიც დაჭრეს. რვა საათისთვის დუისში სპეცრაზმელებიც ამოვიდნენ. პოლიციელთა რიცხვმა თითქმის ორასს გადააჭარბა. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, რამაც ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა. პოლიციამ ავთოს სახლს რაღაც ესროლა და ცეცხლი გაჩნდა. ყველაფერი კვამლში გაეხვია. დავინახეთ, ფანჯრიდან როგორ გადმოხტა ავთოს ბიძაშვილი ვახო გუმაშვილი ხელებაწეული, აშკარად ჩაბარების ნიშნად, უიარაღოდ, მაგრამ პოლიციელებმა ის ჰაერში დახვრიტეს. ცხედარი კი სასწრაფოდ პოლიციის უაზში ჩადეს და სოფლიდან წაიღეს. ამ ხნის განმავლობაში ავთო ცეცხლმოკიდებულ სახლში ჩაიწვა. ცეცხლი რომ ჩაქრა, პოლიციელები შევარდნენ, ავთოს ძვლები ვედროში ჩაყარეს და წავიდნენ“,- იხსენებს სპეცოპერაციის თვითმხილველი ჯემალ ხანგოშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში.

ჯიბრაილ ხანგოშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სპეცოპერაციისას ავთო გუმაშვილს შეხვდა. მისი თქმით, ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, 10 წლის წინ დაიწყო. ოთარ მარგოშვილმა ავთო გუმაშვილის მეუღლე გააუპატიურა. ამ ამბავს მისი მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. მომხდარის შემდეგ გუმაშვილების ოჯახი დაინგრა. ავთო გუმაშვილის მეუღლე შვილებთან ერთად რუსეთში წავიდა. იმ დღიდან გუმაშვილი მარგოშვილს ეძებდა, რომ ჩადენილისთვის პასუხი მოეთხოვა. შეგახსენებთ, რომ პანკისში ჯერ კიდევ მოქმედებს სისხლის აღების ინსტიტუტი, რის გამოც მარგოშვილების ოჯახი ხეობიდან აიყარა და დიდხანს იმალებოდა. ბოლოს ისინი თელავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ამ ინფორმაციამ გუმაშვილის ყურამდეც მიაღწია და მეუღლის შეურაცხმყოფელს ესტუმრა. "მეგობრებისთვის უთქვამს, მარგოშვილის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მის შვილებს რომ შევხედე, მოსაკლავად ვეღარ გავიმეტე, მხოლოდ ფეხში ვესროლეო“,- ამბობს ჯიბრაილ ხანგოშვილი.

თვითმხილველთა თქმით, სპეცოპერაციისას სამართალდამცავები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ავთო გუმაშვილს სახლში მძევლები ჰყავდა, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონაც. „ეს ვერსია პოლიციამ შეთხზა, კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმის საშინელი მოქმედებები რომ გაემართლებინათ და გუმაშვილისთვის ჩირქი მოეცხოთ“,- აცხადებენ ლიკვიდირებულის მეზობლები, რომელთაც დღემდე ვერ აუხსნიათ, ვის და რატომ დასჭირდა გუმაშვილის ლიკვიდაცია.

შს კახეთის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ავთო გუმაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სწორედ ოთარ მარგოშვილის დაჭრის ფაქტზე აღიძრა. პოლიციამ ის ძებნილად გამოაცხადა.

სოფელ დუისის საკრებულოში ამბობენ, რომ ძებნის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში გუმაშვილი დუისში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ძალოვანი სტრუქტურებიდან მისთვის არავის მოუკითხავს. 

სპეცოპერციის შემდეგ პანკისის ხეობაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო დუისში სპეცრაზმელები მორიგეობდნენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ქისტური ტრადიციიდან გამომდინარე, გვარებს შორის შურისძიებას მაშინაც არ გამორიცხავდნენ.
ლიკვიდირებული ავთო გუმაშვილის ძმა მალხაზ გუმაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში არ მალავს, რომ შურისძიებას ნამდვილად აპირებს. „ძმა და ბიძაშვილი აღარ მყავს. სახლი აღარ მაქვს. სპეცოპერაციის შემდეგ დედაჩემი მთლიანად გაუბედურდა. ჩემს ძმას არაფერი ჩაუდენია, გარდა იმისა, რომ მარგოშვილი ფეხში დაჭრა. ამის გამო ცეცხლში უნდა დაეწვათ? თემურ ანჯაფარიძემ გვითხრა, სახლის დაწვის სანცვლოდ კომპენსაციის სახით 7000 ლარს მოგცემთო, მაგრამ აქაც მწარედ მოგვატყუეს. ბოლოს თქვა, ეს ოჯახის ჩასაწყნარებლად ვთქვიო. ...გგონიათ, ყველაფერი დაგვავიწყდა? მე ქისტი ვარ, ჩვენ სხვანაირი ტრადიციები გვაქვს. ერთი წლის მანძილზე ჩვენ ვეძებეთ სამართალი, მაგრამ ამ საქმეს ხელი არავინ მოჰკიდა, ყურადღება არავინ მოგვაქცია, არც სახალხო დამცველმა, რომელმაც მოგვწერა, რომ ჩვენთვის დახმარება აღემატება მის უფლება-მოსილებას. პოლიციიდან გვითვლიან, წყნარად იყოს, მაგასაც იგივე არ დაემართოს, რაც მის ძმასო, მაგრამ უკვე გითხარით, ჩვენ ქისტები ვართ. თუ არ მოგვხედეს, ძალიან მალე სისხლს მაინც ავიღებთ“,- ამბობს მალხაზ გუმაშვილი, რომელსაც მისი ქისტი მეგობრებიც ეთანხმებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები