კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის მოსახლეობა სუფთა ჰაერს ითხოვს

24 მაისი, 2006

ხელვაჩაურის რაიონის მოსახლეობა სუფთა ჰაერს ითხოვს

ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია კვამლშია გახვეული. ადგილობრივი მცხოვრებლები ასფალტის 5 საწარმოს გამონაბოლქვსა და მძაფრ სუნს უჩივის. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს არ გააჩნია ბაზა, რომ დადგინდეს რამდენად დაბინძურებულია და შესაბამისად, რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის იქ ცხოვრება. 

„ირგვლივ თითქოს ნისლია, კვამლში ვართ გახვეული, საშინელი სუნიცაა. ამ ყველაფერს, ჩვენ მოხუცები უკვე შევეგუეთ, მაგრამ მომავალი თაობის ჯანმრთელობას ნამდვილად ვნებს. ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვერ ვუშვებთ, სარეცხს საღამოთი ვფენთ“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნანული მამულაძე. სახლი, სადაც მასთან ერთად კიდევ 6 ოჯახი ცხოვრობს, ყველაზე ახლოს მდებარეობს საწარმოებთან.

საწარმოების გამონაბოლქვის გამო, ვერც შარაბიძეების ბავშვთა ბაღის 180 ბავშვი თამაშობს ეზოში. „ბავშვები ეზოში ვერ გაგვყავს ზაფხულშიც კი. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვას გვირჩევნია შენობაში დარჩნენ,“ - აცხადებს ბავშვთა ბაღის პედაგოგი ლელა გურგენიძე. 

გარემოს დაცვის სამმართველომ საწარმოები მხოლოდ გასული წლის 5 ივლისს შეამოწმა. შედეგად, მხოლოდ ერთი საწარმო, შპს „გზები“ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა (60 ლარის ოდენობით), ხოლო დანარჩენი გააფრთხილა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ საჩივრით რაიონის გამგეობასაც მიმართა. თუმცა, მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. „დაპირებებით, რომ ყველაფერი შეიცვლება და მოწესრიგდება, უკვე დავიღალეთ. ისინი ბიზნესით ფულს აკეთებენ, ჩვენ კი ვიხრჩობით. ჩიყვით დაავადდნენ ბავშვები“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნონა ზაქარაძე.

ხელვაჩაურის რაიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი გია ქურიძე დაბინძურების მიზეზად არასტანდარტული საწვავის გამოყენებას ასახელებენ. „გასაფილტრი საშუალება ყველა საწარმოს აქვს, მაგრამ ის გათვალისწინებულია ისეთ საწვავზე, რომლის გაფილტვრაც მას შეუძლია. საწარმოების  ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, თანხებს ზოგავს და დაბალ ხარისხიან საწვავს იყენებენ“.

ქურიძე გასაფილტრ მოწყობილობას საკმარისად თვლის, თუმცა ავიწყდება, რომ საწარმოები უკვე საკმაოდ მოძველებულია და, შესაბამისად, მოწყობილობებიც. ამას საუბარში თვით საწარმოს ზოგიერთი თანამშრომელი აცხადებს. მე-7 საგზაო სამმართველო უკვე 15 წელია ფუნქციონირებს. საწარმოში გერმანული დანადგარები აქვთ, თუმცა თანამშრომელი - ვალერი წივწივაძე მათ სიძველეზე საუბრობს: „წინათ საათში 80 ტონა ასფალტს ვამზადებდით, ახლა ამდენს ვეღარ ვამუშავებთ, დანადგარები მოძველდა“.

შპს „გზების“ დირექტორის მოადგილის შოთა დონდოლაძის განცხადებით, მათთან ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული და საჩივრითაც არავის მიუმართავს. რაც შეეხაბა გამონაბოლქვს _ „მაქსიმალურად ვცდილობთ ჰაერი არ დავაბინძუროთ“, - აღნიშნა მან.

თუ რამდენად საშიშია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საწარმოებთან ახლოს ცხოვრება და რამდენად ბინძურდება ჰაერი -  ამ კითხვებზე პასუხი აჭარაში არავის აქვს. „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს არ გააჩნია დანადგარები, რომ შევძლოთ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის დადგენა და მათ მავნებლობას შეფასება მივცეთ“, - აღნიშნა სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნუგზარ პაპიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები