13:04, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ და რატომ გააქრო ჟურნალისტი ნაირა საფარაშვილი?

29.05.2006

ვინ და რატომ გააქრო ჟურნალისტი ნაირა საფარაშვილი?

                 

კახეთში გამომავალი პირველი დამოუკიდებელი გაზეთის - „ეპოქა“ რედაქტორის, ჟურნალისტ ნაირა საფარაშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შესახებ ოჯახმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში“ გასულ კვირას განაცხადა. მანამდე ჟურნალისტის ახლობლებმა პოლიციასაც მიმართეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზისა და სამართალდამცავთა აგრესიის გამო, განცხადება მალევე უკან გაიტანეს. ახლობლებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ნაირა მოკლეს.
 
ნაირა საფარაშვილმა 1992 წელს, (ეს ის პერიოდია, როდესაც კახეთის რეგიონში „მხედრიონის“ თარეშობდა) პირველი დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემა „ეპოქა“ დაარსა, რომელსაც თავადვე რედაქტორობდა. გაზეთი კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩეოდა, რის გამოც, როგორც გაზეთის თანამშრომლები იხსენებენ, ხშირი იყო მუქარის ზარები, ხელის შეშლა გაზეთის გამოცემისათვის და ა.შ. 

„ბოლო რამდენიმე ნომერი თანამშრომლებმა ავაწყეთ, რადგან ნაირა უკვე თბილისში იყო წასული. მიზეზი ჩვენთვის არ უთქვამს, თუმცა იქიდან ტელეფონით გვიწევდა კონსულტაციებს. გვახსოვს, ბოლო ნომერში, რეგიონში არსებულ განუკითხაობასთან დაკავშირებით, ნაირას წერილი დაიბეჭდა, რასაც მაფიაში ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამართალდამცავთა მხრიდან, მწვავე რეაქცია მოჰყვა. მას შემდეგ გაზეთის გამოცემაც შეწყდა“,- იხსენებენ „ეპოქის“ ყოფილი კორესპონდენტები და ვინაობის გამჟღავნებისაგან თავს იკავებენ.

„ადამიანი უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში შესული ნაირა საფარაშვილის დის, თამილა საფარაშვილის წერილის მიხედვით, ჟურნალისტი ნაირა საფარაშვილი, 2000 წლის ნოემბრის ბოლოს გაუჩინარდა.

„გურჯაანიდან წასვლის მიზეზი ნაირას არც ოჯახის წევრებისთვის უთქვამს. თბილისში გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. პარალელურად, ჰქონდა საკუთარი ფირმა „ეპოქა“, რომლითაც დაინტერესებული ორგანიზაციების სარეკლამო კომპანიას წარმართავდა. 2000 წლის სექტემბრის ბოლოს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაირამ ლეონიძის 7/2-ში არსებული საკუთარი ბინა 1 წლის ვადით, ნოტარულად, 3000 აშშ დოლარად მიაგირავა ვინმე მაია მარგველაშვილს. ბინის გაგირავება ნაირამ იმით აგვიხსნა, რომ ეკონომიურ გაჭირვებას განიცდიდა, თან ახალი საქმის წამოწყება და გაზეთ „ეპოქის“ გამოცემის აღდგენა სურდა. თვითონ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე დაიქირავა ბინა იაფად. სად წაიღო 3000 აშშ დოლარი, ნაირას ჩვენთვის არ უთქვამს“,- ამბობს თამილა საფარაშვილი, რომელმაც და ბოლოს 2000 წლის 1 ნოემბერს ნახა. „იმ დღეს ნაირა სოფელში, რძლის დაბადებისდღეზე ჩამოვიდა. უჩვეულოდ მოწყენილი იყო. მიზეზი ვკითხეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გვითხრა. რომ არ მოვეშვით, მერე აღნიშნა, ნოემბრის ბოლოს, ნაცნობთან – ზურაბ ბიწკინაშვილთან ერთად, ბულგარეთში მივდივარ და მიმძიმს თქვენთან განშორებაო. მეტი არაფერი უთქვამს, საერთოდ ბოლო დროს ზედმეტად გულჩათხრობილი გახდა“,- აღნიშნავს დაკარგულის და.

ნაირას მახარაძეში 23 ნოემბერს - გიორგობასაც ელოდნენ, მაგრამ ოჯახში იგი არ ჩასულა. 26 ნოემბერს მამიდაშვილმა ნანა მახარაძემ ნაირას დაქირავებულ ბინაში მიაკითხა, სადაც არ აღმოჩნდა. ახლობლებსა და მეგობრებს ნაირა სოფელში წასული ეგონათ, ოჯახში კი იცოდნენ, რომ ნაირა ქალაქში იყო. ოჯახის წევრები ნაირას 6 დეკემბერსაც ელოდნენ, დისშვილის - ნინოს დაბადებისდღეზე. ახლობლების თქმით, ნაირა ნინოს იუბილეს, ყოველთვის ოჯახთან ერთად აღნიშნავდა. გამონაკლისმა კი ოჯახის წევრები შეაშფოთა, რის გამოც მას, ძმამ – გიორგი საფარაშვილმა და ბიძაშვილმა ზაალ ხუციშვილმა თბილისში ჩააკითხეს. ახლობლებს ნაქირავები ბინა დაკეტილი დახვდათ, რის გამოც სახლში სახურავიდან ჩავიდნენ. ნაირა არ ჩანდა. ძებნა განაგრძეს. ნათესავი გელა ხამხმაძე იხსენებს, როგორ გადაამოწმეს თბილისში არსებული თითქმის ყველა საავდმყოფო, მორგი და იმ ადამიანების სია, ვინც იმ დროისათვის საზღვარგარეთ წავიდნენ, მაგრამ ნაირა არსად აღმოჩნდა. მისი გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია არც ნაცნობ-მეგობრებს გააჩნდათ. ერთადერთი ამხანაგი, ვინც ძებნისას საცხოვრებელ ადგილზე არ იმყოფებოდა, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მცხოვრები ზურაბ ბიწკინაშვილი, მეტსახელად „იხვია“ იყო. სწორედ, ამ უკანასკნელთან ერთად „აპირებდა“ ნაირა ბულგარეთში გამგზავრებას. ოჯახის წვრებმა „იხვიას“ მეუღლისგან შეიტყვეს, რომ ზურას სატვირთო მანქანით ტვირთი ჰქონდა წაღებული, მასთან კონტაქტი კი არ ჰქონდათ და ვერც იმას გაიგებდნენ, იცოდა თუ არა ზურამ ნაირას გაუჩინარების შესახებ რაიმე.

საფარაშვილის ნათესავები ზურა ბიწკინაშვილის „რეისიდან“ დაბრუნებას დაელოდნენ. „იხვია“ რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა და გაიხსენა, რომ ნაირა ბოლოს 25 ნოემბერს ნახა სახლში, სადაც მას ახმეტიდან გატანებული შავი ღვინო მიუტანა და იმავე საღამოს წავიდა რეისში. „ზურას მეუღლემ, ნანამ ისიც აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ თითქოსდა მას ნაირამ დაურეკა და სთხოვა, მისთვის ხშირად დაერეკა, რაც ტყუილი გვგონია. ნაირას მიერ ნაქირავები ბინის ტელეფონიდან ორჯერ არის დარეკილი ბულგარეთში ვიღაცასთან“,- აღნიშნავს გიორგი საფარაშვილი.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ნაირას დამ, თამილა საფარაშვილმა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციას წერილობითი განცხადებით 2000 წლის დეკემბერშივე მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, შს სამმართველოს თანამშრომელთა აგრესიისა და ცინიზმის გამო თანაც იმ იმედით, რომ ნაირა იქნებ თავისით გამოჩენილიყო, განცხადება უკან გამოიტანა. ოჯახმა თანხის უქონლობის გამო, თბილისში, მთაწმინდა – კრწანისის რაიონში, ლეონიძის 7/2-ში მდებარე, ნაირას კუთვნილი, გაგირავებული ბინაც დაკარგა, რომელიც დამგირავებელმა სასამართლოს გზით, სასწრაფო წესით, მათ გარეშე გადაიფორმა. „ნაირა საზღვარგარეთ გვეგონა, მაგრამ წლების მანძილზე არ შემგვხმიანებია. ძალიან მტკივა და ვწუხვარ, მაგრამ ახლა ეჭვიც აღარ გვეპარება, რომ ნაირა მკვდარია. ის მოკლეს, ოღონდ ვინ და რის გამო, არ ვიცით“,- აცხადებს თამილა საფარაშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტის გაუჩინარებას პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გოჩა ნაზღაიძეს უკავშირებენ, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურამ ბანდიტიზმის, დამნაშავეთა შეიარაღებული ჯგუფის შექმნისა და სხვადასხვა მკვლელობების ბრალდებით, გასულ წელს დააკავა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წყაროს ინფორმაციით, ნაზღაიძის მიერ ჟურნალისტ ნაირა საფარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ერთ-ერთ სუფრაზე მაშინ ითქვა, როცა გოჩა ახალი დაპატიმრებული იყო. იგივე წყარო იმასაც ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი და ჟურნალისტი ერთმანეთთან ნამდვილად ახლოს იყვნენ და ნაირამ ნაზღაიძის შესახებ ბევრი რამ იცოდა. ჟურნალისტის ოჯახის წევრები ამის შესახებ ვერაფერს ამბობენ, თუმცა არც რაიმეს გამორიცხავენ.
 
ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით ქ. თბილისის შს მთაწმინდა – კრწანისის სამმართველოს ხელმძღვანელობას, თუმცა, მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. პოლიციაში არაერთხელ გვითხრეს, რომ სამმართველოს უფროსი თამაზ ვასაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე გულიაშვილი დაკავებულები არიან და „ჟურნალისტებისთვის არ სცხელათ“.                    

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა, ჟურნალისტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ განცხადება, უკვე ერთი კვირაა, რაც გენერალურ პროკურატურას და შს სამინისტროს გადაუგზავნა, თუმცა ამ უწყებებიდან, ჟურნალისტის გაუჩინარებით, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არავინ დაინტერესებულა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC