15:10, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა

02.06.2006
სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა


19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. სოზარ სუბარმა აქცენტი სპეცოპერაციებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე გააკეთა და ისინი მკაცრად გააკრიტიკა. რაც შეეხება მედიას, სუბარის ანგარიში მედიასთან დაკავშირებით საკმაოდ სუსტია და არადამაჯერებლად გამოიყურება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დამცველი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს საკუთარი თავისთვის ტერაქტის მოწყობაში ადანაშაულებს. 
 
ანგარიშის საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანთა ლიკვიდაციებს ეხება. სახალხო დამცველი ვერცერთ შემთხვევას ვერ იხსენებს, როცა სისხლიანი სპეცოპერაციისთვის ვინმე დაისაჯა: „ბოლო დროს საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, როდესაც ძალოვნების მიერ ჩატარებული ოპერაციები ადამიანების ლიკვიდაციით სრულდება. საერთაშორისო სტანდარტია, რომ საფრთხის შემთხვევაში პოლიციას ძალის გამოყენების უფლება აქვს. თუმცა, ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა იქნას სერიოზულად შესწავლილი - ჰქონდა თუ არა ძალის გადაჭარბებით გამოყენებას ადგილი და თუკი ეს უფლება გადაჭარბებით არის გამოყენებული, მაშინ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციის დაგეგვმასა და უშუალოდ.“

ძალის გადაჭარბებით გამოყენებასთან დაკავშირებით, მას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. ეს არის საკმაოდ ცნობილი 2 მაისის სპეცოპერაცია და 27 მარტის ციხის ბუნტი: „2 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პოლიციამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამიტომ ამ საქმის გამოძიება უნდა მოხდეს და სამაგალითოდ დაისაჯონ ის პირი, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ასეთი რამ.“

რაც შეეხება 27 მარტის ციხის აჯანყებას, სუბარი იხსენებს, რომ ამ  ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მას პატიმრები ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სცემდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. „ყველა პატიმარი ერთ ჩვენებას იძლევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ ციხის საავადმყოფოში პატიმრები სცემა. ამის გამო პროტესტი სხვა პატიმრება გამოთქვეს და მათ მეხუთე კოლონიის პატიმრებიც აჰყვნენ“, -  ამბობს სუბარი.

ამ და სხვა შემთხვევებში რომ სამართალდამცველები თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებენ, ამაში სუბარი დარწმუნებულია. მისივე თქმით, არის რაღაც საკითხები, რომელზეც დანამდვილებით თქმა, რომ ეს ნამდვილად ასეა, ძნელია. მაგრამ არის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ძალა გადაჭარბებულად იყო გამოყენებული: „პატიმრების, დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დაჭრილები არიან საკნებში. აქედან გამომდინარე, ეჭვი ჩნდება, რომ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ასევე რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ფანჯრებიდან. ერთ-ერთი პატიმარი - ცხოვრებოვი სწორედ ფანჯრისკენ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. არადა, შეეძლოთ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ“.

ფაქტებიდან გამომდინარე, სუბარი ასკვნის, რომ  ყველაზე მეტი დარღვევა ძალოვან უწყებებშია, განსაკუთრებით კი სასამართლოებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში: „მე ნამდვილად არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, როცა პატიმართა გარდაცვალების გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. საინტერესია ერთ-ერთი მკვლელობა ციხეში, რომელიც შოთა კოპაძის პერიოდში მოხდა. ამ საქმეზე გამოძიება დასრულდა და ოფიციალური ვერსიით, ეს იყო თვითმკვლელობა. ჩვენი ინფორმაციით კი, ეს იყო მკვლელობა. პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენეთ და ამ დახურულ საქმეზე ძიება ხელახლა დაიწყება. ამ მკვლელობის შესახებ ადმინისტრაციამაც  იცოდა, რომელმაც გამოძიება შეცდომაში შეიყვანა.“

ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ პრობლემები ყველა სფეროში არსებობს და ამ მხრივ ვითარება საკმაოდ მძიმეა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2005 წელს ციხეებში 47 პატიმარი გარდაიცვალა, 2006 წლის 2 მაისამდე კი 24. 

მოხსენებაში სიტყვის თავისუფლებას ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. იქ საუბარია, რომ ჟურნალისტები დამოუკიდებელნი არ არიან, რომ მედია სივრცეში არ არსებობს შრომითი ხელშეკრულებები და სამსახურის დაკარგვის შიშით ჟურნალისტები იძულებულები არიან, არასამართლიანები იყვნენ და ის წერონ, რასაც ხელმძღვანელობა მიუთითებს. ასევე საუბარია, რომ საქართველოში მედია საშუალებებისთვის ძალიან რთულია საკუთარი ფინანსებით არსებობა, ამით კი იქმნება საფრთხე, რომ  მედია შეიძლება ადვილად იქცეს ფულის გათეთრების სფეროდ.

ანგარიშში მოხვდა გურჯაანში გამომავალი გაზეთ „იმედის“ რედაქტორ გელა მთივლიშვილის გახმაურებული ისტორიაც. კერძოდ, მას არაეთხელ დაესხნენ თავს, სცემეს და სახლის ეზოში ხელყუმბარაც კი აუფეთქეს. ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწიათ კახეთში ჩასვლა. თუმცა, დასკვნა საკმაოდ არადამაჯერებელია. „როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, საგამოძიებო მასალებზე მუშაობამ მათ საშუალება მისცა ობიექტურად გაეანალიზებინათ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან გამოძიების გაჭიანურების მიზეზები. საგამოძიებო ჯგუფის აზრით, ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არ არიან დაინტერესებული საქმის გახსნით, მათ შორის არც ის მედია ორგანიზაცია, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა თავდასხმა. ჯგუფის წევრების განცხადებით, გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული დანაშაულების ავტორი თავად „დაზარალებული“ ჟურნალისტია. ამის თაობაზე საგამოძიებო ჯგუფმა მიმართვა გაუგზავნა საქართველოს მედია საბჭოს“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები დასკვნის ამ ნაწილს არ ეთანხმებიან და მას სისულელედ აფასებენ. სუბარი კი თავს იმით იმართლებს, რომ ეს მისი სიტყვები არ არის და კახეთის იმ ჟურნალისტთა ეჭვებია, რომლებიც მთივლიშვილს კარგად იცნობენ. სამწუხაროდ, მოკვლეულ მასალებში არ ჩანს ასეთი ჟურნალისტები მართლაც არსებობენ თუ არა და რა  ფაქტებს ეყრდნობა აღნიშნული შეფასება. დასკვნა მოულოდნელი აღმოჩნდა თავად მთივლიშვილისთვის. მისი თქმით: „მხოლოდ სამი კონკრეტული ჟურნალისტის  მიერ დაწერილი დასკვნა, რომელიც გურჯაანის რაიონის გამგეობასა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შემუშავდა, აბსოლუტურად ცილისმწამებლური, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია. დასკვნას ხელს არ აწერენ საგამოძიებო ჯგუფის სხვა მონაწილენი, თვით ომბუდსმენის წარმომადგენლებიც კი. რატომ? იმიტომ, რომ სოზარ სუბარმა ღიად არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები? რაც შეეხება მის ანგარიშს, მედიასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე უწერია, ყველაზე დიდი კი ჩემს შესახებ. სუბარი ამბობს, რომ იგი გურჯაანში ამ ფაქტებთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო ჩამოსული, რაც ასევე ტყუილია. თუ ის მის მეგობარ გამგებელთან ჩამოვიდა საქეიფოდ, ვერ გეტყვით. თუ სამართალდამცავები ერთ ბრალდებას მაინც დამიდასტურებენ, მზად ვარ პასუხი ვაგო.“

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC