კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებს სასამართლოზე მოქალაქეთა დაცვა ეკრძალებათ

8 ივნისი, 2006

არასამთავრობოებს სასამართლოზე მოქალაქეთა დაცვა ეკრძალებათ

1 ივნისიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მკაცრად იზღუდება. კერძოდ, მათ უფლება არ ექნებათ ორდერი გასცენ და სასამართლოებზე მათმა ადვოკატებმა მოქალაქეები დაიცვან. არადა, საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მოქალაქეებს სწორედ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ, საკმაოდ ბევრი საქმე აქვთ წარმოებაში, ბევრ უფლებაშელახულ ადამიანს ეხმარებიან და მათი კლიენტურაც ყოველდღიურად იზრდება.  
 
„საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ“ ამბობს: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ  კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ (მუხლი 1). 
მე-10 მუხლის მიხედვით, ადვოკატს გავლილი უნდა ჰქონდეს ტესტირება. მე-18 მუხლის მიხედვით კი: „ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან იმ სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, რომელშიც არანაკლებ 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული.“ 

ადვოკატთა გამოცდები 23 მაისს დამთავრდა. გამოცდები ადვოკათთა მხოლოდ 55% ჩააბარა. 1 ივნისიდან, მათ ვინც გამოცდები ვერ ჩააბარა და ადვოკატთა ასოციაციის წევრები არ არიან, საადვოკატო საქმიანობა ეკრძალებათ. შესაბამისად, იმ საქმეებს, რომლებიც ამ ადვოკატბს წარმოებაში ჰქონდათ, ჩამოშორდებიან. როგორც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ერთ-ერთი ადვოკატი დავით მანაგაძე ამბობს, გამოცდები ხარვეზებით ჩატარდა: „ძალიან ბევრი ხარვეზი იყო. ძირითადად ტესტებს ორგვარი ფორმულირება ჰქონდა. გამოცდები ნაჩქარევად ჩატარდა. ადვოკატებს რომ თავი დავანებოთ, ადვოკატთა შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით სერიოზულად ზარალდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უფასო იურიდიულ მომსახურეობას ეწეოდნენ. თუ ისინი  სხვა იურიდიულ ფორმად არ გარდაიქმნებიან, მათი ადვოკატები სასამართლოსა და წინასწარ გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.“

ადვოკატთა გამოცდების ჩაბარების შემდეგ ადვოკატობის უფლების მოსაპოვებლად შემდეგი პროცედურაა გასავლელი: ადვოკატები ღებულობენ სერთიფიკატს, შემდეგ ადვოკატთა ასოციაციაში წევრობაზე აკეთებენ განაცხადს, იხდიან 200 ლარს (წლიური გადასახადის სახით) და 10 დღის ვადაში ასოციაციის წევრები ხდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ უფლება, სასამართლოზე გამოვიდნენ. ორდერის ფორმას კი ისევ ადვოკატთა ასოციაცია იძლევა.

ადვოკატთა შესახებ კანონის მიხედვით, ის ორგანიზაციები, რომლებიც იურიდიულ მომსახურებას ეწევიან, 1 ივნისამდე სამეწარმეო იურიდიულ პირებად უნდა გარდაიქმნან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ადვოკატებს სასამართლოზე გამოსვლის უფლება არ ექნებათ.  
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ადვოკატის თემურ ქორიძის  თქმით: „ადვოკატთა შესახებ კანონის მიხედვით, ორდერს ადვოკატთა ასოციაცია გასცემს. ამ ორდერის გამოყენების უფლება მხოლოდ ისეთი სახით ჩამოყალიბებულ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებიც სამეწარმეო იურიდიული პირები არიან. ანუ შპს-ები და სააქციო საზოგადოებები არ გამოგვადგება. ეს იმას ნიშნავს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.“

მეორე პრობლემა რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებათ, არის დონორებთან ურთიერთობა. არასამთავრობოები ქმნიან პროექტს, რომელშიც ჩადებულია ადამიანების იურიდიული დაცვა, დონორი ამას აფინანსებს. აღმოჩნდა, რომ ის ვერ ახორციელებს პროექტს. ანუ დონორებთანაც გაურკვეველი ვითარება იქმნება.

მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძეც. მისი თქმით:  „ადვოკატთა შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, იურიდიული ბიუროები უნდა ჩამოყალიბდნენ სოლიდალური პასუხისმგებლობის ან კომანდიტური საზოგადობის სახით, ან როგორც ამხანაგობა. ანუ იმ სახის იურიდიულ პირად, როგორც მეწარმეთა შესახებ კანონი განსაზღვრავს. კავშირი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მისი საქმიანობა სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება და არა მეწარმეთა შესახებ კანონით. როცა კავშირი ახორციელებს იურიდიულ მომსახურეობას, ის უკვე წინააღმდგობაში მოდის ადკოკატთა შესახებ კანონთან. 
კავშირი არის არასამეწარმეო პირი და მისი მომსახურება არის უფასო. ჩვენ ადვოკატს პროექტიდან ვუხდით ხელფასს. საადვოკატო ბიურო კი სამეწარმეო იურიდიული პირია და იხდის  ყველა იმ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსით არის დადგენილი.“

ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავენ. მათი თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს. კერძოდ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უფლებადაცვით საქმეებზე არიან ორიენტირებულები საშუალება უნდა ჰქონდეთ იურიდიული საქმიანობა განახორციელონ და შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ როგორც სამოქალაქო საქმეებში, ისე სს პროცესებში. 

მანანა კობახიძის თქმით, დონორების დაკარგვის სერიოზული საფრთხე არსებობს და გარდა ამისა, რადგან არასამთავრობოებს იურიდიული მომსახურეობა ეკრძალებათ, რამდენიმე ადამიანს უარი უთხრეს იურიდიულ მომსახურებაზე. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობით ისევ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ზარალდება.

პრობლემიდან კიდევ ერთი გამოსავალი ის არის, რომ შეიქმნას ადვოკატთა გაერთიანება თუ ამხანაგობა, რომელთანაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელშეკრულებას გააფორმებენ. თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი ორგანიზაცია დამოუკიდებელი სუბიექტი ხდება და ის არასამთავრობოების პროექტის ფარგლებში არ ექცევა. 

არასამთავრობოები ამ საკითხზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან აპირებენ შეხვედრას. მათ იმედი აქვთ, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. 

ეკა გულუა

ახალი ამბები