15:15, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მხარის გუბერნატორის მიხეილ ქარელის ,,კაპრიზების“ გამო პენსიონერები მშივრები არიან

09.06.2006
მხარის გუბერნატორის მიხეილ ქარელის ,,კაპრიზების“ გამო პენსიონერები მშივრები არიან

                                                   

თითქმის ორი თვეა, გორში, „ნაციონალური მოძრაობის” ეგიდით გახსნილი უფასო სასადილო დაკეტილია. მოხუცი პენსიონერი ელიკო ლეჟავა კი, რომელიც გორის ნარკოლოგიური ცენტრის დანგრეულ შენობაშია შესახლებული, თვეზე მეტია სასადილოს კარებთან ცარიელი ბანკით მიდის, იქნებ როდისმე გაიღოსო... ელიკო ლეჟავას ჩავარდნილი ღრმად მოხუცებული დედისთვისაც მიჰქონდა ხოლმე სასადილოდან საჭმელი.

სასადილოს ყოფილი ორგანიზატორის თამაზ აბრამიძის თქმით, მისთვის უცნობია სასადილოს დაკეტვის მიზეზები. „რაც ლადო გეგელაშვილი გორიდან წავიდა, იმის მერე ამ სასადილოს ბედიც უკუღმა დატრიალდა. მე ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ სჯობია ვასიკო მახარაშვილს დაელაპარაკოთ”, - განაცხადა აბრამიძემ.

ლადო გეგელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული წარმოშობით ვარიანელი პარლამენტარია. სწორედ ამ გეგელაშვილს გულისხმობდა სასადილოს აწ უკვე ყოფილი ორგანიზატორი. სხვათა შორის, რაც ლადო გეგელაშვილი გორიდან წავიდა და „ნაცმოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ლიდერის პოსტი დატოვა, მას მერე გორის „ნაცმოძრაობის” ოფისიც აღარ გაღებულა. გორის „ნაციონალები“ 2006 წლის 18 აპრილიდან ხელმძღვანელის გარეშე არიან დარჩენილები.

2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ჯერ ახალგაზრდული ფრთის, შემდეგ პარტიის თავმჯდომარე, ლადო გეგელაშვილი იყო. 2006 წლის 18 აპრილს გორის კულტურის სახლში მხარის გუბერნატორის მოადგილეებმა - მარლენ ნადირაძემ და გია მჭედლიძემ, ასევე გორელმა პარლამენტარმა თეო ტლაშაძემ „ნაცმოძრაობის“ თვითკრება ჩაატარეს და გეგელაშვილის გადაყენება მოითხოვეს. მის ნაცვლად მარლენ ნადირაძემ და თეო ტლაშაძემ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ვასიკო მახარაშვილის დანიშვნა მოითხოვეს. ვასიკო მახარაშვილის კანდიდატურა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი არველაძემ დაბლოკა.

სწორედ გეგელაშვილის „გადაყენების“ შემდეგ 18 აპრილს დაიკეტა სასადილოც და პარტიის გორის ოფისიც. გეგელაშვილის მომხრეები ზოგი პარტიიდან წავიდა, ზოგმა კი სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შეაფარეს თავი. ყოფილი „ნაციონალის“  ზურაბ გოგიაშვილის თქმით, გორიდან გეგელაშვილის წასვლა მხარის რწმუნებულის მიხეილ ქარელის ინტერესებში შედიოდა. „გეგელაშვილს მიხეილ ქარელის შემცვლელად ამზადებდნენო, რაც არ აწყობდა მიშა ქარელს“, - ამბობს ზურაბ გოგიაშვილი.

უფასო სასადილო გორში 2005 წლის დეკემბერში გაიხსნა. სასადილოს გახსნისთვის პარტიის გორის ოფისს ცენტრალური ოფისიდან საკმაოდ სოლიდური თანხა დაერიცხა. სამშენებლო სამუშაოების ჩატარება პარტიის გორის ორგანიზაციის მდივანს დავით კეკელიშვილს დაევალა. მოეწყო კიდეც სასადილოს მსგავსი ტიპის ოთახი, მაგრამ როდესაც ადგილზე გენერალური მდივანი გიორგი არველაძე და პარლამენტარი დავით კირკიტაძე ჩამოვიდნენ, მათ სასადილო სავალალო მდგომარეობაში დახვდათ. სასადილოში არც გაზი, არც დენი, არც სითბო და არც სისუფთავე იყო.

დავით კეკელიშვილის გაწყობილი სასადილო არველაძემ და კირკიტაძემ საკუთარი თვალით ნახეს. სასადილო ორი კვირით დაიკეტა და მისი სარემონტო სამუშაოები ლადო გეგელაშვილმა აღარავის ანდო. როგორც თავად აცხადებს, ორი თვის ხელფასი სასადილოს რემონტს დაახარჯა და 2006 წლის იანვარში ხელმეორედ გახსნა. რაც შეეხება დავით კეკელიშვილს, არველაძემ იგი პარტიიდან არაეთიკური ქცევის გამო გარიცხა. მის მერე კეკელიშვილი მიხეილ ქარელმა შეიფარა. ქარელმა იგი ამჟამად გორის რაიონის გამგებლის მოადგილედ დანიშნა. გეგელაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ კეკელიშვილმა სასადილოს პროგრამა მიხეილ ქარელის დაკვეთით ჩააგდო, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასებულიყო და გეგელაშვილის დისკრედიტაცია მომხდარიყო.

კეკელიშვილსა და გეგელაშვილის მომხრეებს შორის ხელჩართული ჩხუბიც გაიმართა. გაღიზიანებული პარტიის წევრები დავით კეკელიშვილს სასადილოსთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ. მომხდარი ჩხუბის გამო კეკელიშვილი რამდენიმე კვირით წოლით რეჟიმში იმყოფებოდა. მას ფიზიკური შეურაცყოფა ძირითადად პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა კახა გამდლიშვილმა მიაყენა. გამდლიშვილმა ამჟამად საერთოდ დატოვა პარტია. კეკელიშვილი კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წოლით რეჟიმში გაციების გამო იმყოფებოდა.

აი, სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირებას შეეწირა უფასო სასადილო. „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი უფასო სასადილოს იმ მოტივით აღარ აფინანსებს, რომ არც პარტიის გორის ორგანიზაცია და არც მისი ახალი თავმჯდომარე არ არის დანიშნული. ჯერ-ჯერობით სასურველი და ავტორიტეტული კადრი ვერ მოიძებნა გორში.

გენერალური მდივნისგან და ერთ დროს ფინანსური პოლიციის რიგებიდან გარიცხული ვასიკო მახარაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს. მას შემდეგ რაც ჩვენი დაინტერესების თემა შეიტყო, განგვიცხადა, რომ მოიფიქრებს, კომენტარი გააკეთოს თუ არა და ამის შემდეგ თავად დაგვიკავშირდებოდა.

სასადილოს გახსნას კი მხარის რწმუნებულის აპარატში და რაიონის გამგეობაში არ ჩქარობენ. გუბერნატორის მოადგილე სოციალურ საკითხებში ზვიად ხმალაძე აღნიშნავს, რომ სასადილოსთან დაკავშირებით მხარის გუბერნატორთან არავითარი საუბარი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხელ ქარელი თვენახევრის განმავლობაში არ დაინტერესებულა სასადილოს ბედით.

რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი აბულაძეც აცხადებს, რომ რაიონის გამგეობას უახლოეს ხანებში არ აქვს დაგეგმილი უფასო სასადილოს განახლება.


საბა წიწიკაშვილი გორიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC