კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლის წინააღმდეგ ჟურნალისტის სარჩელის განხილვა ჭიანურდება

9 ივნისი, 2006

გამგებლის წინააღმდეგ ჟურნალისტის სარჩელის განხილვა ჭიანურდება

გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან, აცილების წესით, ყვარლის რაიონულ სასამართლოში შესული ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის სარჩელი გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი სიხარულიძის წინააღმდეგ მოსამართლე ვაჟა ტურაშვილმა უნდა განიხილოს.
 
გელა მთივლიშვილი რაიონის გამგებლის მ/შ-სგან, ადგილობრივი და ცენტრალური მედია საშუალებებით, სხვადასხვა დროს გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციების საჯაროდ უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ჟურნალისტმა სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 2005 წლის 30 ნოემბერს მიმართა, თუმცა მოსარჩელის განცხადება დღემდე განუხილველია.

„სარჩელის განხილვის გაჭიანურებით ადგილობრივი ხელისუფლება სარგებლობს. 7 თვეა ამბობენ, რომ მე კორუმპირებული, გამომძალველი, შანტაჟიორი, თაღლითი, პროვოკატორი და დაბრმავებული ვარ. სასამართლოს სარჩელით სწორედ ამ ბრალდებების უარყოფისა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის მივმართე, თუმცა სარჩელი სასამართლოდან სასამართლოში გადადის. ბევრი მოსამართლე განცხადების განხილვას თავს თავად არიდებს, ბევრის აცილების მოთხოვნას კი მოპასუხე ითხოვს, უცნობია რა მიზეზით. ამ ხნის განმავლობაში, მათი მხრიდან ჩემი შეურაცხყოფა და დისკრედიტაციის მცდელობა კვლავ გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება მეტად დამამცირონ, რის შედეგადაც ფიქრობენ, რომ საზოგადოებასა და ჩემს შორის უნდობლობის ფაქტორი გაჩნდება. ამის გამო მათ ტერორისტადაც მომნათლეს, თითქოსდა საკუთარ თავს თავდასხმა თავად მოვუწყე, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარებიც მე ავიფეთქე. სახალხო დამცველის ჩათვლით, დამადანაშაულეს, რომ არ ვარ დაინტერესებული ამ ფაქტების გახსნით და ა.შ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ, რის გამოც აგრესია იზრდება. არ გამოვრიცხავ, უახლოეს ხანში რაღაც ისევ მომიწყონ, რადგან გამოძიება არცერთ საქმეზე არ მიმდინარეობს“,- აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

ჟურნალისტს რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ანტიკორუფციული კავშირის წარმომადგენლის ბორის მამისაშვილის სარჩელის თაობაზე. მოსამართლე გიორგი მაისურაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორივე მხარის სარჩელი. გელა მთივლიშვილს მამისაშვილის სასარგებლოდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდა დაეკისრა. შეურაცხმყოფელი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა მოსარჩელე მამისაშვილსაც, თუმცა მოსამართლემ მას მთივლიშვილის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 650 ლარის გადახდა დააკისრა.

„შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე მაისურაძემ სრულიად არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მთლიანად პარადოქსებით არის სავსე. ჩანს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ევროპული სასამართლოს მიერ 1979-80 წლებში მედიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით. მას არსად აქვს ნახსენები საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელიც ჟურნალისტს არ ავალდებულებს ინფორმაციის მომწოდებელი სანდო წყაროს გამხელას, რასაც მოსამართლე დაჟინებით ითხოვდა და, ფაქტობრივად, ამიტომ და საზოგადოებრივი ინფორმაციის გავრცელების გამო დაგვაჯარიმა“,- აცხადებს მთივლიშვილის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო დ სადოკუმენტაციო ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

მთივლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლებიდან ზეწოლას განიცდიდა. „ზუსტად ვიცი ამ საქმით დაინტერესებულები რომ არიან კახეთის გუბერნატორი, გურჯაანის გამგებელი და სხვები. მოსამართლეს უთქვამს კიდეც, ამ ხათაბალაში რატომ გამხვიესო. არა მგონია, კახეთში ვინმეს რეალური გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლოს. ...მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად და ვიზუალურად არის დადასტურებული სიხარულიძის მიერ ჩემი შეურაცხყოფის ფაქტები, არ გამოვრიცხავ, რომ იგი გაამართლონ. მართლმსაჯულება დიდი ხანია გარდაიცვალა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებ უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ამასთან ერთად ვაფრთხილებ ყველას, ვისაც გაზეთის მიმართ მტრობა აქვს. არავის მივცემ რედაქციის ღირსების შელახვის უფლებას, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ყველას, ვინც არ უნდა იყოს იგი, პასუხს ვაგებინებ“,- აცხადებს მთივლიშვილი.

მთივლიშვილის სარჩელთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს მოპასუხე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ არც მისი ინტერესების დამცველი, გურჯაანის რაიონის გამგეობის იურისტი ნანა რამაზაშვილი საუბრობს.

წინასწარი ინფორმაციით, გამგებლის წინააღმდეგ ჟურნალისტის სარჩელს ყვარლის რაიონული სასამართლო მომავალ კვირას განიხილავს. მთივლიშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იურისტები დაიცავენ. 

მარინა გოგოლაძე კახეთიდან

ახალი ამბები