კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ნაციონალებმა ჟურნალისტები დაარბიეს

16 ივნისი, 2006

კახეთში ნაციონალებმა ჟურნალისტები დაარბიეს

                         

გუშინ სიღნაღში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა განვითარების ცენტრის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, თავს ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესხნენ. უკიდურესი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, კორესპონდენტები დაარბიეს, დაუმტვრიეს მიკროფონები, დიქტოფონები, წაართვეს ვიდეოკასეტები და ფოტოაპარატები. ჟურნალისტებს რომან ქევხიშვილს, ზვიად რუაძეს და გელა ჯალიაშვილს, სხეულის დაზიანება აქვთ მიღებული.

15 ივნისს „იურისტთა განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული თეატრალიზებული აქცია, რომელიც მიზნად, ბოლო დროს, სიღნაღელი დეპუტატისა და ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუგზარ აბულაშვილის მხრიდან, ადგილობრივ თვითმმართველობაზე განხრციელებულ და მიმდინარე ტერორის გაპროტესტებას ისახავდა, სოფელ ანაგიდან უნდა დაწყებულიყო და ქალაქ სიღნაღში, ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ დასრულებულიყო.

აქციის ორგანიზატორი თინათინ ფხოველიშვილი მოგვითხრობს: „გეგმაში გვქონდა მიცვალებულის სასახლის გასვენება სოფელ ანაგის საკრებულოდან, სოფლების - ვაქირისა და საქობოს გავლით, რომლის ყოფილ და დღევანდელ გამგებლებსაც აბულაშვილი ასევე ატერორებს. აქციის მონაწილეებს თავი უნდა მოგვეყარა აბულაშვილის ოფისის წინ, სადაც დავასვენებდით სასახლეს და დავიტირებდით ტერორის შედეგად გარდაცვლილ თვითმმართველობას. ...ხელის შეშლა და მონაწილეთა დაშინება აქციამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. ხალხს ემუქრებოდნენ - „აბულაშვილმა თქვა, იმ აქციაზე თუ ვინმე გავა, არ შევარჩენ და მწარედ ვანანებ, პოლიციას დავაჭერინებო. ვინც არ უნდა იყოს იგი, არ მაინტერესებს, მე პრეზიდენტისგან მწვანე შუქი მაქვს ანთებულიო“. საერთოდაც, პრეზიდენტის სახელით იგი ხშირად მანიპულირებს. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა. საბოლოოდ კი პრეზიდენტისადმი ხმის მიწვდენა ამ გზით გადავწყვიტეთ, მაგრამ აბულაშვილის დავალებით სასტიკად გაგვისწორდნენ. აქციის ჩაშლა და დარბევა პარლამენტარმა ნუგზარ აბულაშვილმა დაგეგმა, რის გამოც მის დაპატიმრებას მოვითხოვთ“.
 
თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტის რომან ქევხიშვილის ცნობით, სიღნაღის რაიონში შესვლისას ისინი პოლიციის ფორმიანმა თანამშრომლებმა გააჩერეს, რა დროსაც მათთან „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ კოორდინატორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც მივიდა. „სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებთან, ბესიკ ფხოველიშვილთან და იაგო კოჭლამაზაშვილთან საუბარი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. გელა როცა მოვიდა, პოლიციელებს მკაცრად მოსთხოვა, გაჩერების მიზეზი აეხსნათ, თუმცა ვერაფერს ამბობდნენ. მალევე დავინახეთ სიღნაღის მხრიდან მომავალი, ხალხით გაჭედილი ერთი ავტობუსი და რამდენიმე ავტომანქანა. ტრანსპორტიდან ჩამოხტნენ თუ არა, იყვირეს - „აბულაშვილს ვერაფერს დააკლებთ, ჩვენ უბატონო ქიზიყელები ვართო“ და პირდაპირ გვეცნენ. ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა. საშინელება იყო. ერთობლივად გვლანძღავდნენ, გვცემდნენ. ბრბომ ფეხქვეშ გაგვიგდო და ტექნიკას ისე გვართმევდნენ. ამის შემდეგ გელას მისდგნენ და ფოტოაპარატი დაუმტვრიეს. ვინ საიდან გვწიხლავდა, ვეღარ ვიგებდით. ვცდილობდით აგვეხსნა, რომ ჩვენ მხოლოდ აქცია უნდა გაგვეშუქებინა და მათ და აბულაშვილს თუ რამ ჰქონდათ სათქმელი, აუცილებლად დავაფიქსირებდით. გვეუბნებოდნენ, „აბულაშვილზე ცუდი არ თქვათ, თორემ დღის სინათლეს მოგანატრებთო“,- აღნიშნავს რომან ქევხიშვილი, რომელსაც მუცლის, მკერდისა და სახის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება.

ჟურნალისტთა ცემა–ტყეპამ დაახლოებით, 40 წუთს გასტანა. მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიციის იქ მყოფი თანამშრომლები, მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ დახმარება არაერთხელ ვთხოვეთ, თუმცა ამაოდ. დარბევისას შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძესაც რამდენჯერმე შევეხმიანეთ, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას საკმაოდ გვიან გამოჩნდნენ. პასუხისმგებლობის მოთხოვნის მაგიერ პოლიციამ მოწინავე მოძალადეები, - სოფელ ვაქირის საკრებულოს ახლადდანიშნული გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ნანობაშვილი, რომელმაც უშუალოდ დაგვიმტვრია ყველაფერი და გვცემა და ამავე სოფლელი ჯემალ დემეტრაშვილი, პოლიციის მანქანით ნაციონალების ოფისში მიიყვანეს.
 
ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფილმა ჟურნალისტებმა სიღნაღის რაიონის პოლიციაში გადავინაცვლეთ, სადაც გამომძიებლებმა ჩვენებები ჩამოგვართვეს და დაზარალებულებად გვცნეს. მალევე პოლიციაში თავი მოიყარეს პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმა, შს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა თემურ ანჯაფარიძემ, ოლქის პროკურორმა თამაზ ცაბუტაშვილმა, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა და ყველას გასაკვირად, თავად ნუგზარ აბულაშვილმაც.

ჩვენთან საუბარში დეპუტატმა აბულაშვილმა ჟურნალისტთა სასტიკ დარბევასთან კავშირი უარყო, თუმცა ნათქვამი ვერაფრით დაასაბუთა. პოლიციის ეზოში მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ მას პირდაპირ უთხრა, რომ სწორედ მისი სახელით აიძულებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერ აქციაზე არ მისულიყვნენ. მოქალაქეთა ნათვამი კომპეტენტურმა პირებმა უყურადღებოდ დატოვეს, თითქოს ვერც გაიგეს (?).

„კახეთში ჟურნალისტებთან დაძაბულ ურთიერთობას ადგილი აქამდეც ჰქონდა. შეურაცხყოფილი კოლეგებიც გვყვავს, მაგრამ ასე ჯგუფურად, დღისით, პოლიციის თანდასწრებით, მსგავსი არაფერი მომხდარა. აღნიშნულს აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასებები ხელისუფლების მხრიდან. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ბოლოს და ბოლოს, უნდა შეიქმნას პრეცენდენტი იმისა, რომ  ჟურნალისტებთან ანგარიშსწორება ისჯება“,- გვითხრა ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტმა ხათუნა გულიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმაც. „სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას არა მარტო ჟურნალისტთა შეურაცხყოფისათვის, არამედ იმიტომ, რომ მმართველი პარტიის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მისცეს მშვიდობიანი შეკრების უფლება და ხელი შეუშალეს ძალის გამოყენებით“,- აღნიშნა „საიას“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა.

„ორგანიზებულ დარბევას რიგითი ადამიანები არა თუ ვერ ახორციელებენ, არამედ ვერ გეგმავენ, თუ არ აქვთ მფარველობის იმედი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. გათვალეს, სად, როდის, რომელ საათზე უნდა გამოჩენილიყო პოლიციის მანქანა და ჟურნალისტები გაეჩერებინათ. ყველამ ვნახეთ, ორგანიზებული იყო დამრბევი ნაციონალების ტრანსპორტირებაც. ეს იყო შეგნებულად მოწყობილი თავდასხმა ჟურნალისტებზე იმის გამო, რომ სიღნაღის ნაციონალურ მოძრაობას და მის ხელმძღვანელს ნუგზარ აბულაშვილს სირცხვილი აეცდინა, რათა მათი ქმედებების პროტესტის ნიშნად, მისი ოფისის წინ კუბო არ მიეტანათ“,- განაცხადა ტელეომპანია „იმედის“ კახეთის ბიუროს კორესპონდენტმა ჟანა დიდებაშვილმა.

მომხდარი კახეთის გუბერნატორმაც დაგმო და სამართალდამცავებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯა მოსთხოვა. „ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ჩვენ კახეთში უწესრიგობას აღარ დავუშვებთ, არასდროს. ერთხელ და სამუდამოდ, აქ უნდა დამთავრდეს ხულიგნობისა და პოლიტიკის ერთმანეთში აღრევა. გამოვავლენთ ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში და ყველა იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით. ვის მიერ იყო აღნიშნული პროვოცირებული, ამას ძალიან მალე გავარკვევთ. არავის დავინდობთ, ვინც არ უნდა იყოს იგი“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სიღნაღის რაიონის პოლიციის უფროსის ალექსანდრე ონანაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულები არიან თავდამსხმელები - იოსებ ნანობაშვილი, ბაჩო მუნჯიშვილი და ჯემალ დემეტრაშვილი. „რაც შეეხება მომხდართან დეპუტატ ნუგზარ აბულაშვილის კავშირს, გეტყვით, რომ ამის შესახებ მოცემულია ჩვენებებში და გარდა ამისა, სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორმაც გვიჩვენა, რომ ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ აბულაშვილის მხარდასაჭერად იღებდა მონაწილეობას, მისივე თხოვნით“,- აღნიშნა ალექსანდრე ონანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულის შემსრულებლების დაკავებასთან ერთად, დარბევის ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიცემას კატეგორიულად მოითხოვენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები