კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმროდან დევნილებს იძულებით ასახლებენ

19 ივნისი, 2006

სასტუმროდან დევნილებს იძულებით ასახლებენ

ბათუმში სასტუმროების - „მესხეთისა“ და „მედეას“ დემონტაჟი დაიწყო. სასტუმრო „მესხეთში“ შესახლებული დევნილები შენობის ეზოში მჯდომარე აქციით სასტუმროს დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ. ყაზახი ინვესტორების მიერ აჭარაში შეძენილ სასტუმროებსა და პანსიონატებში მცხოვრები 1900-მდე დევნილი ოჯახიდან 300, რომელიც ჯერ კიდევ სასტუმროებში ცხოვრობს, შეთავაზებულ 7 ათას დოლარზე უარს ამბობს და თანხის გაზრდას მოითხოვს (ისინი საკომპენსაციო თანხას ფართის მიხედვით ითხოვენ). აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენობის დატოვებას არ აპირებენ. ამიტომაც დემონტაჟს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ორ დევნილს - ბაჩუკი ბიგვავასა და დათო არზიანს კი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, სასამართლომ 4 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დემონტაჟის დაწყებამდე, 16 ივნისს, დილით სასტუმრო „მესხეთიდან“ 6 ახალგაზრდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ხოლო სასტუმრო „მედეადან“ რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი პოლიციას განყოფილებაში მიჰყავთ. „დილით ეძინა, ლოგინიდან აიყვანეს და პოლიციამ წაიყვანა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, „მედეას“ წინ რატომ ჯდებიან გვიანამდეო, - მომიგეს პასუხად. ბავშვი აქ გაიზარდა; ახლა მით უმეტეს მეგობრები ერთმანეთს ემშვიდობებიან  და რა მოხდა, არაფერს აშავებდნენ“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის, 16 წლის ირაკლის დედამ.

ახალგაზრდები კი აცხადებენ, რომ პოლიცია მათ პასუხს სთხოვდა, თუ რატომ არ იღებენ მათთვის გამოყოფილ 7 ათასს დოლარს. „ტერორი დაიწყეს - ბავშვები მიყავთ პოლიციის განყოფილებაში, აძალებენ რომ კომპენსაცია - 7 ათასი დოლარი აიღონ. თითქოს ბავშვები წყვეტენ... ეს ზეწოლაა ბავშვებისა და მშობლების ფსიქიკაზე. ბავშვებს არანაირი დანაშული არა აქვთ“, _ განაცხადა სასტუმრო „მედეაში“ მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ზვიად ასაკიამ.

ახალგაზრდების პოლიციაში წაყვანას პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. „ამ დროს პოლიციამ გია ფარავაც წაიყვნა, რადგან ბავშვებს გამოესარჩლა. პოლიციელებმა ის სცემეს და გამოუშვეს. კაცს ტვინის შერყევა აქვს, სამედიცინო დახმარებაც გვყავდა გამოძახებული“, - აღნიშნავს დევნილი მოსახლეობა. 

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ 3 დღის განმავლობაში სასტუმროებს არ მიეწოდებოდა არც წყალი და არც შუქი. ენერგოკომპანიაში აღნიშნეს: „გადასახადია გადასახდელი და შუქი ამიტომ გავუთიშეთ“.

„შევარდნაძემ ორსართულიანი სახლი წამართვა აფხაზეთში, სააკაშვილმა კი - ოროთახიანი ბინა. წავალთ და ენგურის ხიდზე დავჯდებით, სხვა გზა არ დაგვიტოვეს“, - ამბობს მოსახლეობა.

„შუქი გაგვითიშეს, წყალიც, ბიჭებიც აიყვანეს და ნგრევაც დაიწყეს. წინააღმდეგობა გავუწიე და ჩემს წაყვანას აპირებდნენ, ქმარმა რომ დამიცვა, შემდეგ ის დაიჭირეს“, - განაცხადა დათო არზიანის მეუღლემ.

ბაჩუკი ბიგვავაც ქალბატონის დაცვის გამო დააკავეს. მოსამართლემ მათ მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის #178-ე მუხლი გამოიყენა და პოლიციაზე დაუმორჩილებლობის გამო 4 დღიანი პატიმრობა ქალაქის მთავარი სამმართველოს იზოლატორში მიუსაჯა.

26 ივნისს მორიგი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს დევნილთა მოთხოვნაზე ფართის მიხედვით დაკმაყოფილებაზე. იქამდე კი, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წასასვლელი არსად აქვთ: „ეცალათ სასამართლო პროცესამდე. ახლა ის თანხაც რომ ავიღოთ, ასე მალე რაიმეს ვერსად ვიპოვით“, - ამბობენ ისინი.

დევნილთა ადვოკატის გელა სირაძის განცხადებით, დემონტაჟი უკანონოდ დაიწყეს: „კანონით, ოჯახი რომელიც ხელშეკრულებას გააფორმებდა, სამი თვის შემდეგ უნდა დაეცალა ბინა, მაგრამ ამ მოსახლეობას ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული. დემონტაჟი უკანონოდ დაიწყეს - კიბის, აივნების მოშლით ხელისუფლება მოსახლეობას იძულებულს ხდის რომ დაცალონ სასტუმრო“.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მამუკა ნაკაშიძემ „მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შაბათ-კვირის განმავლობაში ყაზახ ინვესტორებსა და დევნილებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ინვესტორები საკითხს განიხილავენ და, 7 ათასი დოლარის გადახდასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 19 ივნისისთვის საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები