კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტზე თავდამსხმელს 10 წელი მიუსაჯეს

21 ივნისი, 2006

ჟურნალისტზე თავდამსხმელს 10 წელი მიუსაჯეს

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ შიდა ქართლის წარმომადგენლზე, საბა წიწიკაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტიდან 9 თვე გავიდა. სამი თავდამსხმელიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთია დაკავებული. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა შიდა ქართლის რწმუნებულის მიხეილ ქარელის პირადი დაცვის წევრის - გაბრო პავლიაშვილის ქვისლი კახა ხიხალიშვილი. მას გორის რაიონული სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა.

თავდასხმა 2005 წლის 5 სექტემბერს, საღამოს 7 სთ 20 წუთზე, გორის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჟურნალისტს სამი უცნობი დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. თავის არეში ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მიღებული ჰქონდა ტვინის შერყევა. დაჟეჟილობები აღენიშნებოდა ტანზე და ფეხის ტერფებზეც კი. ექიმები მაშინვე აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა დაზიანებები ბლაგვი საგნებით მიყენებული დარტყმებისგან მიიღო.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელებმა საბა წიწიკაშვილის მოძრაობის მარშრუტი თავიდანვე იცოდნენ. ჟურნალისტი სოფელში საღამოს ბორჯომი-თბილისის ელექტრომატარებლით ბრუნდებოდა, რომელიც გორის სადგურიდან 7 სთ 30 წთ გადიოდა.

ჯერ კიდევ 2005 წლის 3 სქტემბერს საბა წიწიკაშვილს „სამეფო ქუჩაზე“ უცხო პიროვნება წამოეწია და ტროტუარზე დაყრილი ქვებით შეეცადა მასთან ანგარიშის გასწორებას. „სამეფო ქუჩა“ გორის ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურთან აკავშირებს. თავდამსხმელი ყვიროდა - შენ ის არა ხარ, რაღაცეებს რომ წერო.  ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ეს იყო პროვოკაცია, რა დროსაც ჟურნალისტის ანკესზე წამოგება იყო ჩაფიქრებული.

მომდევნო დღეს, იქ სადაც საბა წიწიკაშვილს კვლავ უნდა გაევლო, 2005 წლის 4 სექტემბერს დაღამებისას, ორმა პიროვნებამ სადგურზე მაცხოვრებელი 21 წლის ლექსო ვალიაური მიწისქვეშა გადასასვლელში სცემეს. ლექსო ვალიაურს იგივე მეთოდით (უკნიდან მიპარვით, ბლაგვი საგნებით დარტყმით და ხმის ამოუღებლად) გაუსწორდნენ, როგორც საბა წიწიკაშვილს მომდევნო დღეს. 5 სექტემბერს იმავე ადგილას სამი ადამიანი ჩასაფრდა. აშკარა იყო, რომ 4 სექტემბერს ლექსო ვალიაური საბა წიწიკაშვილში აერიათ. ეს იმით დასტურდება, რომ ლექსო ვალიაურის ყვირილზე, ნუ მირტყავთ სადგურელი ვარო, თავდამსხმელები მაშინვე გაიქცნენ.

5 სექტემბერს რკინიგზის სადგურზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში საბა წიწიკაშვილს კვლავ ელოდნენ. რედაქციიდან გამოსულმა ჟურნალისტმა გზაზე შეამჩნია, რომ მას ერთ-ერთი ავტომანქანა აკონტროლებდა.  სადგურთან მიახლოებისას საბა წიწიკაშვილმა მიწისქვეშა გადასასვლელი არ გამოიყენა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით და გადასასვლელი ხიდით გადაწყვიტა რკინიგზის პლატფორმამდე მისვლა. სწორედ გადასასვლელი ხიდის კიბების ქვემოთ დახვდნენ თავდამსმხელები. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ეს პიროვნებები მიწისქვეშა გადასასვლელის მხრიდან მოდიოდნენ.

ინციდენტის შემდეგ, გამოძიება ინტენსიურად დაიწყო. საქმე პირად კონტროლზე ოლქის პროკურატურამ აიღო. ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე განიხილებოდა ის, რომ თავდასხმა მხარის გუბერნატორის გარემოცვაში დაიგეგმა.

მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში აშკარა გახდა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმაში დიდი წვლილი რწმუნებულს და მისი დაცვის წევრებს მიუძღოდათ. საქმე იმაშია, რომ გორელ ბიზნესმენ გივი ჯამელაშვილის შვილზე თავდასხმაში და მათი ავტომანქანის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი, რწმუნებულ მიხეილ ქარელის დაცვის უფროსის გაბრო პავლიაშვილის ქვისლი, კახა ხიხალიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს შორის ამოცნობილ იქნა. სწორედ იმ პერიოდში ბიზნესმენი გივი ჯამელაშვილი მიხეილ ქარელს დაუპირისპირდა, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ მას ქარელი ტყვიავში არსებულ ვაშლის გადამამუშავებელ ქარხანას ართმევდა. ჯამელაშვილი ჯერ ტყვიავშივე მიხეილ ქარელის მძღოლმა და რამდენიმე თანასოფლელმა სცემა, ხოლო შემდეგ საკუთარ სახლთან სცადეს დაყაჩაღება. ამ დაყაჩაღების დროს ბიზნესმენის შვილმა თავდამსხმელებში მისთვის კარგად ნაცნობი, გორში მცხოვრები კახა ხიხალიშვილი ამოიცნო. მაშინვე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და ხიხალიშვილი მაშინვე დააკავეს. დაკავებული ხიხალიშვილი შემდგომ საბა წიწიკაშვილმაც ამოიცნო. როგორც პოლიციის თანამშრომლები ყვებიან, ხიხალიშვილის დაკავებისას ეჭვმიტანილი ასეთ ფრაზებს ამბობდა: „ხელი არ მახლოთ, გაბროს ქვისლი ვარო...“. გაბრო პავლიაშვილი კი მიშა ქარელის პირადი დაცვის წევრია.

ხიხალიშვილს ბრალი ავტომანქანის დაყაჩაღებასა და ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე წაუყენეს. რამდენიმე დღის წინ გორის რაიონულმა სასამართლომ მას განაჩენიც გამოუტანა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 7 წელი ყაჩაღობისთვის, ხოლო 3 წელი - ჟურნალისტზე თავდასხმისთვის.

პროცესზე დაზარალებულები ხელახლა დაიკითხნენ. ბრალდებულს ადვოკატი ზაზა გიგაური იცავდა. ხიხალიშვილი კატეგორიულად უარყოფს ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობას. პროცესზე გიგაურის შეკითხვაზე, თუ რა ნიშნებით ამოიცნო საბა წიწიკაშვილმა თავდამსხმელი, პასუხად მიიღო, რომ გარეგნული მახასიათებლებით. თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ კარგი ხილვადობა იყო. გარდა ამისა, თავდამსხმელები ნიღბების გარეშე იყვნენ. გიგაური წიწიკაშვილს ჩააცივდა, რომ ბრალდებულს თუ იცნობდა თმებით. წიწიკაშვილის თქმით, თმებით ამოცნობა არ გაუჭირდება, რაზეც ბრალდებულ კახა ხიხალიშვილს წამოსცა - „რას ამბობს? „კეპკა“ ეხურა, თმაზე როგორ იცნობო...?“

საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ სამიდან ერთ-ერთ თავდამსხმელს „კეპი“ მართლაც ეხურა, თუმცა არა ხიხილაშვილს. წიწიკაშვილს აინტერესებს, ხიხალიშვილი თავდასხმის დროს თუ იქ არ იყო, ან არ მონაწილეობდა, საიდან იცის მან, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს „კეპი“ ეხურა. ეს დანაშაულის აღიარების ერთ-ერთი ფორმააო, - ამბობს წიწიკაშვილი.

ახალი ამბები