კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივის

29 ივნისი, 2006

დევნილი საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივის

აფხაზეთიდან დევნილი იური თურქია აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. მართალია, მან საქმე პირველ ინსტანციაში მოიგო, თუმცა იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს და მას ასაჩივრებს.  საქმე ეხება იმ სახლ-კარის დარეგისტრირებას, რომელიც დევნილმა აფხაზეთში დატოვა.

იური თურქიამ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და სოხუმში მესამე გზატკეცილის #21-ში მდებარე მისამართზე დარეგისტრირება ითხოვა. ეს ის მისამართია, რომელიც აფხაზეთის დაკარგვამდე თურქიას საკუთრება იყო და სადაც ის ცხოვრობდა. სახლ-კარის თურქიას საკუთრებაში ფლობის ფაქტი დადასტურებულია მემკვიდრეობის მოწმობით, საბინაო წიგნაკითა და სხვა დოკუმენტებით.

დევნილის თქმით, არნიშნულ მისამართზე დღეს რუსეთის მოქალაქეები უკანონოდ ცხოვრობენ: „ეს სახლი ჩემმა მშობლებმა 1956 წელს ააშენეს. სახლი სახელმწიფო საკუთრება კი არა, კერძო საკუთრებაა და ის მე მეკუთვნის. უკვე 13 წელია, იქ რუსები ცხოვრობენ. კანონიერების აღდგენა და ჩემს მისამართზე დარეგისტრირება იმიტომ მინდა, რომ მისი გაყიდვა ვერავინ შეძლოს“.      
  
დევნილმა აფხაზეთი საომარი მოქმედებების დროს დატოვა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. 2005 წლის 30 სექტემბრიდან დღემდე კი სამართლიანობის აღდგენას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა მას სოხუმში დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, სარჩელი თბილისში მდებარე სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოებს მიმართა.

მოსარჩელე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისგან სოხუმში მდებარე სახლის მესაკუთრედ აღიარებას, ხოლო  სოხუმის მერიისგან აღნიშნული სახლის ფლობა, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფას ითხოვდა.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სოხუმის მერიის წარმომადგენლები სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებენ და მის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებენ. იგივე პოზიცია აქვს საქართველოს საჯარო რეესტრს, რადგან, მათი თქმით, მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მათი არგუმენტით, თურქიას კუთვნილი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სოხუმის ტერიტორიულმა სამსახურმა უნდა განახორციელოს, რომელიც დღეისთვის არ არსებობს. სარჩელი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, სასამართლომ მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით: “სარჩელი აღნიშნულ მისამართის მესაკუთრედ თურქიას აღიარების შესახებ კანონიერია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
1. მოსარჩელე იური თურქია ცნობილ იქნას აღნიშნული მისამართის მესაკუთრედ. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატაროს მოსარჩელე იური თურქია და მის სახელზე აღირიცხოს საკუთრების უფლებით სოხუმში აღნიშნულ მისამართზე არსებული სახლი.
2. უარი ეთქვას, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.”

თურქიას მსგავსად აფხაზეთიდან დევნილი სხვა მოქალაქეებიც აპირებენ აფხაზეთში მიტოვებული სახლ-კარი დაიკანონონ. მათი თქმით, თუ მსგავსი პრეცენდენტი დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ათასობით დევნილსაც გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება სოხუმში დატოვებულ ქონებას დევნილებზე იმიტომ არ არეგისტრირებს, რომ მათი ინფორმაციით, დევნილები ამ ქონებას აფხაზებზე, რუსებზე თუ იქ მცხოვრებ სხვა მოქალაქეებზე გაყიდიან და ამის შემდეგ დაკარგულ ტერიტორიაზე პრეტენზიები ვერ ექნებათ. 

რაც შეეხება თურქიას საქმეს, სასამართლო პროცესის მოგების მიუხედავად,  იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მის შესრულებას არ აპირებს. სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ჯაბა ებანოიძის თქმით: „რეგისტრაციაზე უარი იმიტომ ვუთხარით, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც თურქიას ჰქონდა წარმოდგენილი, კანონმდებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. სამწუხაროა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი იმ ნაწილში, რომ დაგვავალა დავარეგისტრიროთ. ჩვენ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ და მის დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ.“

დევნილი თურქია კი საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს და თუ საქართველოში სიმართლეს ვერ მიაღწია, მასალების ევროპის სასამართლოში გაგზავნას გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ სამართალს იქ იპოვის.

ეკა გულუა 

ახალი ამბები