კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი ჟურნალისტები შიმშილობის აქციით იმუქრებიან

30 ივნისი, 2006

ნაცემი ჟურნალისტები შიმშილობის აქციით იმუქრებიან


გუშინ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის წინ, 15 ივნისს, სოფელ ანაგაში, პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით დარბეულმა და შეურაცხყოფილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციისას გაირკვა, რომ ჟურნალისტთა დარბევა პარლამენტართან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგეგმა. მოწმე მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, ოღონდ უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად დღეს უარი თქვეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე.

„მოვითხოვთ გამოძიების გააქტიურებას, დანარჩენი დამრბევების, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას და რაც მთავარია, დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენასა და მკაცრად დასჯას“,- აცხადებდნენ ერთი საათის განმავლობაში  რაიონული პროკურატურის შენობის წინ შეკრებილი ჟურნალისტები და საკუთარ მოთხოვნებს წერილობითაც ავრცელებდნენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ტელეკომპანია „მზის“ კახეთის ბიუროს კორესპონდენტმა ხათუნა გულიაშვილმა განუცხადა, მათ პროკურატურის ინერტულობა აღელვებთ. „ის ადამიანები ვინც ჟურნალისტთა დარბევა დაგეგმეს და ვინც უშუალოდ გვარბევდნენ, თუ კანონის მთელი სიმკაცრით დროულად არ იყვნენ დაკავებულნი და დასჯილნი, ხვალ უარესს გააკეთებენ. კატეგორიულად მოვითხოვთ ჩვენი მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო მწვავე ზომებს მივმართავთ,“- აღნიშნა ხათუნა გულიაშვილმა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაზარალებული ჟურნალისტები აპირებენ დახმარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ. „გამოძიებას დეტალური ჩვენებები მივეცით, თუმცა ამაოდ. რამდენიმე დღე კიდევ მოვიცდით, რის შემდეგაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ“,- აღნიშნა გაზეთ „24 საათის“ კორესპონდენტმა ზვიად რუაძემ.

ტელეკომპანია „თანამგზავრის“ კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი კი საქმის ოპერატიულად და ობიექტურად გამოუძიებლობის შემთხვევაში, კოლეგებთან ერთად პარლამენტის წინ შიმშილობასაც არ გამორიცხავს. „პარლამენტის თავმჯდომარისგან მარტო ინციდენტის დღეს გაკეთებული განცხადება არ კმარა. ყველამ იცის, რომ ჟურალისტთა დარბევის ორგანიზატორი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილია, რის გამოც მას პარლამენტში პასუხი და განმარტება უნდა მოსთხოვონ, რასაც არ აკეთებენ. გამოძიებაც ჭიანურდება. პოლიციელები იაგო კოჭლამაზაშვილი, ბესიკ ფხოველიშვილი, გია სიფრაშვილი და სხვები დაუსჯელნი არიან. გარეთ არიან დამრბევები ვანო ვარდიაშვილი, ჯემალ დემეტრაშვილი და სხვები, და პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს?“- კითხულობს დაზარალებული ჟურნალისტი, რომელმაც მომხდარის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, მისი ოპერატორი კი სასტიკად სცემეს და კამერა დაუზიანეს.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მათ ერთობლივად დაგმეს 15 ივნისს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ნუგზარ აბულაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. „ეს ადამიანი ყველას, ვინც მისი ნების წინააღმდეგ წავა სასტიკად უსწორდება, არაფერზე უკან არ იხევს. მის გარეშე სამსახურის ხელმძღვანელები დამლაგებლებსაც ვეღარ ნიშნავენ. დიქტატორია და პრეზიდენტს არცხვენს თავისი უგვანო მოქმედებებით. მოვითხოვთ პარლამენტიდან მის გაძევებას“,- განაცხადა ჩვენთან საუბარში სიღნაღელმა ლია ხატიაშვილმა და მას სხვებიც დაეთანხმნენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე თავად აბულაშვილს სატელეფონო კომენტარიც არ გაუკეთებია.  სამაგიეროდ, აქციის დროს ჟურნალისტთა პროვოკაციაზე წამოგება, აგრესიული მოქმედებებითა და უხეშობით, სიღნაღის ნაციონალური მოძრაობის საორგანიზაციო მდივანმა სცადა. „მაინტერესებდა ვინ მართავდით აქციას, რომელი მედია საშუალებების წარმომადგენლები და ამიტომაც ვიღებ, რამე პრობლემაა? აქ არავის დავალებით არ მოვსულვარ. არც სხვა აქციებს ვიღებ, მაგრამ ამ აქციის გადაღება მსურს. თუ თავს არ დამანებებთ, ვიტყვი, რომ ხელს მიშლით მუშაობაში“,- განაცხადა ნაციონალმა ფიქრია ჯოხარიძემ.

მოგვიანებით ჟურნალისტებს სიღნაღის რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილიც შეხვდა. „გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ხულიგნობის ფაქტზე. ამჟამად ორ პიროვნებას პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთს გირაო. სისხლის სამართლის საქმე იმყოფება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება ნუგზარ აბულაშვილს, თუ იქნება სათანადო მტკიცებულებები, მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“,- განაცხადა პროკურორმა. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჟურნალისტთა დარბევის შესახებ წინა დღეს ინფორმირებული იყვნენ სიღნაღის რაიონის გამგებელი ბერდო ასანიშვილი და მისი პირველი მოადგილე ზაზა ზედელაშვილი. „გამგებლის პირველი  მოადგილე ზაზა ზედელაშვილი გამგებლს, დარბევის წინა დღეს ეუბნებოდა, ნაციონალების ოფისის წინ კუბოს მიტანას ჟურნალისტები ან გააშუქებენ, ან არა, მაგასაც ვნახავთო. უკვე შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, ჟურნალისტებს ხელი როგორ შევუშალოთო. ეს ჩემი ყურით მოვისმინე და მათ ამის შესახებ შენიშვნაც მივეცი, მაგრამ არ დამიჯერეს“,- გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმცა მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

აქციის მიმდინარეობას ბევრი სამართალდამცავი აკვირდებოდა. აქციაში მონაწილეობას „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ კორესპონდენტი  გელა მთივლიშვილიც იღებდა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან


ახალი ამბები