კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში რეზერვისტებად ძალის გამოყენებით მიჰყავთ

3 ივლისი, 2006

კახეთში რეზერვისტებად ძალის გამოყენებით მიჰყავთ

გურჯაანში, წვევამდელთა 40% B ჰეპატიტითაა დაავადებული

მცირე ხნის წინ, რეზერვისტთა ბანაკების შესავსებად კახეთში ახალგაზრდებს 5 კილო ბრინჯით, მაკარონით, 100 ლარით და დასაქმების პერსპექტივით იტყუებდნენ. დღეს კი ადამიანებს რეზერვისტებად და წვევამდელებს ჯარში წასვლას ძალის გამოყენებითა და პოლიციის მუქარით აიძულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ბევრ წვევამდელს ჯარში წასვლა მაინც არ სურს. ამის მიზეზად ისინი, ბოლო დროს, ქართულ ჯარში, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და მკვლელობების გახშირებას ასახელებენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით მომზადებული „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანა, რომელიც სამხედრო ბეგარის გაათმაგებას ითვალისწინებს, წვევამდელები იძულებულები გახდებიან ჯარში წავიდნენ, რადგან 18 თვით სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის 200 ლარის ნაცვლად, მათ 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რისი საშუალებაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია.

„წვევამდელები ცდილობენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდონ. ალბათ ამიტომაც, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც 2006 წლის 10 იანვარს დაიწყო და 15 მარტს უნდა დასრულებულიყო, ორჯერ გაგრძელდა, მეორედ -15 ივლისამდე. საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში, გურჯაანის რაიონიდან სულ 126 წვევამდელი უნდა გავიწვიოთ. პრობლემა მაინც და მაინც არ გვექნებოდა, თუმცა წვევამდელთა დაახლოებით 40% სამედიცინო კომიასიამ უკან დააბრუნა, იმ მიზეზით, რომ მათ „ბე ჰეპატიტი“ აღმოაჩნდათ, რასაც არავინ ელოდა. სწორედ ამის გამო, გვიწევს კომისიაზე წვევამდელთა იძულებით წარმოდგენა, პოლიციის მეშვეობით, რაც კანონდარღვევა არ გახლავთ“,- აცხადებს გურჯაანის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ზურაბ ანანეიშვილი.

რაც შეეხება ახალგაზრდების რეზერვისტებად გაწვევას, პოლიციის მუქარითა და ძალის გამოყენებით, ამას კატეგორიულად უარყოფს გურჯაანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ვანო ელიზბარაშვილი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზერვისტებს არც მაკარონს ურიგებს და არც ფულს აძლევს ბიუჯეტიდან. „რეზერვისტებად მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც სამშობლო უყვართ. სოფლებშიც გავდივართ, სოფლის საკრებულოში არსებული სამხედრო მაგიდების გამგეთა თანხლებით და ახალგაზრდებს რეზერვისტად წასვლას ვთხოვთ. ვუხსნით, რომ მათ უნდა უყვარდეთ საკუთარი სამშობლო. ვისაც ქვეყანა უყვარს, ჩვენს წინადადებებს თანხმდება კიდეც. ...ძალის გამოყენება და პოლიციის მუქარა, როგორ გეკადრებათ“,- შეიცხადა ვანო ელიზბარაშვილმა.

ჩვენთან საუბარში მოქალაქემ არ უარყო, რომ მას რეზერვისტად წასვლას აიძულებდნენ. „რამდენიმე დღის წინ, ღამის 12 საათზე ჩემს საცხოვრებელ სახლში თავს დამადგნენ გამგეობისა და კომისარიატის წარმომადგენლები და მკაცრად მომთხოვეს, რომ რეზერვისტად უნდა წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, მინდოდა თუ არა. მათ ვუთხარი, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავს. გარდა ამისა, ოჯახს მხოლოდ მე ვარჩენ და რეზერვისტად წასვლა არ შემეძლო, რაზედაც გამგეობის წარმომადგენელი გაცხარდა და სამშობლოს მოღალატე მიწოდა. დამეჯაჯგურნენ, თუ ნებით არ წამოხვალ, ეხლავე წაგიყვანთო, მაგრამ ხმაურზე გარეთ მეზობლები გამოვიდნენ. ამასთან ერთად, დამემუქრნენ, თუ დათქმულ დღეს კომისარიატში არ გამოვცხადდებოდი, პოლიციასთან პრობლემები შემექმნებოდა, ჩემს თავს დააჭერინებდნენ და ა.შ“,- ამბობს მოქალაქე და ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავს იკავებს (რესპონდენტის ჩანაწერის სტილი დაცულია).

ინფორმაციას, რეზერვისტებად წასვლის გამო, მოქალაქეების იძულების შესახებ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ კახეთის ოფისშიც ადასტურებენ. „რამდენიმე მოქალაქემ, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის ცნობილია, მოგვმართა ზეპირი განცხადებით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ რეზერვისტად წასვლას ავალდებულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვა ღონისძიებებით ემუქრებიან, მაგალითად, პოლიციასთან პრობლემების შექმნით, საოჯახო დახმარების შეწყვეტით და ა.შ, რაც სრულიად დაუშვებელია. ერთ-ერთ მოქალაქეს, კი რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, იმითაც დაემუქრნენ, რომ თუ მისი ძმები რეზერვისტებად არ წავიდოდნენ, მას შარს მოუდებდნენ და სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. მოქმედი კანონმდებლობით, რეზერვისტად წასვლა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო“,- აცხადებს იურისტი ლია ხუროშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა კახეთის სხვა რაიონებშიც.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები