კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები აზერბაიჯანულად

3 ივლისი, 2006

ადამიანის უფლებები აზერბაიჯანულად

დისკრიმინაცია ბელაქნის რაიონში გრძელდება

ითითალა - ეს ბელაქნის რაიონის ის სოფელია, სადაც ქართველობის და მით უმეტეს ქრისტიანობის აღიარება შესაძლოა ვინმეს ძვირადაც დაუჯდეს. აზერბაიჯანელი სამართალდამცავებისაგან დევნილი იაშვილების ოჯახის ისტორია ჩვენს ვებ გვერდზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაშუქდა (იხ. http://www.humanrights.ge/stat52.shtml ). აზერბაიჯანში ქართველთა დისკრიმინაციის პრობლემით დაინტერესებული თემურ იაშვილი, რომელიც არაერთხელ გამხდარა აზერბაიჯანული პოლიციის თავდასხმის ობიექტი, დღესაც დევნილია საქართველოში და მშობლიურ სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამჯერადაც ჩვენი ყურადღების ობიექტს ისევ ეს უმშვენიერესი სოფელი და იქ მაცხოვრებელი ქართველი მოსახლეობის პრობლემები იპყრობს. 15 წლის თურანე ბალაევა (იგივე ანა ბალიაშვილი, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს) სკოლის დირექტორის მუშტებისა და წიხლების მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მას „ქართულად აცვია და ქართულად გამოიყურება“.

ამა წლის 26 მაისს ორი დღის (24 – 25 მაისი) გაცდენის შემდეგ სკოლაში მისულ ანას დირექტორის რისხვა დაატყდა თავს. „26-ში სკოლაში რომ მივედი, პირველი გაკვეთილი მათემატიკა გვქონდა. შემოვიდა დირექტორი და იკითხა დღეს ვინ არ არისო. მე კლასის ორგანიზატორი ვარ, ავდექი და ვუთხარი, ვინ არ იყო. მერე იკითხა, გუშინ ვინ არ იყოო. ავდექით, ვინც არ ვიყავით. მოვიდა და ორივე ლოყაში სილა გამაწნა. მე გამოვიქეცი, მომდევდა და ყვიროდა - „сволочь, сволочь“... კარიდორიდან რომ გავდიოდი, კინაღამ დამიჭირა, წიხლი მომიქნია, მაგრამ ვერ მომხვდა, რადგან მოვასწარი გაქცევა. მომდევდა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ ვეღარ დამეწეოდა. უკან რომ მივხედე, შემეშინდა, ისეთი გააფთრებული სახე ჰქონდა, რომ დავეჭირე, შეიძლება, მოვეკალი.“

სოფელ ითითალას ქართულენოვანი სკოლის აზერბაიაჯნელმა დირექტორმა ელბა აბასოვმა ანა ჯერ კიდევ წინა დღეს შეამოწმა თუ იყო სკოლაში და რაკი გაიგო, რომ აცდენდა, ანას მშობლების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა არ დაუზოგავს. აბასოვისგან მსგავსი მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფა კი პირველი არ ყოფილა ანას მიმართ.

კითხვაზე, თუ რატომ დევნის დირექტორი, ანამ ასე გვიპასუხა და დასკვნის გამოტანა ჩვენ მოგვანდო: „წინა დღეებში კლასში შემოვიდა, ჯინსებზე მიმითითა და მითხრა ქართულად რატომ გაცვიაო, თუმცა კლასში სხვებსაც ჯინსები ეცვა“.

ხის ჯვარი კი, რომელსაც ანა ფარულად ატარებს, დირექტორს და მასწავლებლებს ჯერ არ შეუმჩნევიათ: „გაკვეთილებზე ჯვარი ტანსაცმლის ქვეშ მაქვს დამალული. რომ ნახონ, აუცილებლად გამიბრაზდებიან, ალბათ გამომაგდებენ კიდეც“.

26 მაისის შემდეგ ანა სკოლაში შიშის გამო აღარ მისულა. ბალაევების ოჯახმა 4 ივნისს პოლიციაში საჩივარი შეიტანა, თუმცა დირექტორის სანათესაოსაგან განუწყვეტელი ზეწოლისა და კატეგორიული მოთხოვნის გამო განცხადება უკან გამოიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ანას და ქრისტიანია. იზა ბალაევა თავის დის მიმართ გამოხატულ მსგავს აგრესიას სწორედ ამით ხსნის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ სოფელში არავის შეუძლია თავისუფლად აღიაროს ქართველობა და მით უმეტეს ქრისტიანობა.  „თუ ვთქვი, რომ ქრისტიანი ვარ ან ქართველი, ყველა დამცინის და ყველა ჩემს წინააღმდეგ არის“,- გვიზიარებს ანა თავის დარდს. 

„აქ ქრისტიანობის მიღების პრობლემაა... გვეუბნებიან, თქვენ ინგილოები ხართო და არა ქართველები, ეს ხომ აბსურდია, რადგან ინგილო ერი არ არსებობს. ეს იგივეა, რაც გურულს რომ უთხრა, გურული ხარ და არა ქართველიო...“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში ითითალელი ანზორ კაციაშვილი, რომელსაც ქართული გვარის დაბრუნებამ (რაც საქართველოში რამოდენიმე წლის წინ მოახერხა) აზერბაიჯანში უამრავი პრობლემა შეუქმნა, ხოლო გაქრისტიანებამ არაერთხელ გახადა ზეწოლისა და დევნის ობიექტი.

ის, რომ ბელაქნის რაიონში ქართული არა მარტო გვარის მიღების, არამედ ბავშვისთვის ქართული სახელის დარქმევის პრობლემაცაა, მოწმობს თუნდაც ალიაბადელი 2001 წლის დეკემბერში დაბადებული რამაზ მაზანაშვილის ამბავი, რომელმაც დაბადების მოწმობის აღება ამა წლის იანვარში ძლივს შეძლო.

„რამაზი ხუთი წლის წინ გავაჩინე და წელს მივიღე დაბადების მოწმობა. არ მაძლევდნენ, რადგან ქართულიაო ეს სახელი“,- გვიზიარებს რამაზის დედა ნელი მაზანაშვილი და ამატებს, რომ „სახელების დარქმევის პრობლემა სხვებსაც ბევრს ჰქონია. ჩვენს მეზობელს იმიტომ მისცეს ნება დაერქმიათ მანანა, რომ აზერბაიჯანში არის ეგეთი მომღერალი - მანანა, თუმცა მაინც ქრთამი გამოსძალეს. საქართველოში თათრების სოფელში რასაც უნდათ იმას ირქმევენ ისინი. ეს ჩვენთანაა პრობლემა, რადგან ეშინიათ, რომ არ დავუბრუნდეთ საქართველოს“.

ალიაბადში 5 ოჯახს აქვს დაბრუნელული ქართული გვარი, რაც არა აზერბაიჯანში, არამედ საქართველოში მოახერხეს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს. „დღეს გვარის დაბრუნება შეუძლებელია. ისე არიან დაშინებულები... ხომ ხედავთ, ქართულგვარიანებმა ვერც სამსახური იშოვეს, ვერაფერი და იმათ, ვისაც ჰქონდა ქართული გვარები, თავის შვილიშვილებს ისევ გადაუკეთეს თათრულად, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდათ. ბევრს უნდა ასევე საქართველოს მოქალაქეობის აღება, მაგრამ ვერ ბედავენ. მართლა რამოდენიმე ოჯახია, რომ კბილებით გვიჭირავს ჩვენი ქართველობა“,- აღნიშნავს ქალბატონი ნელი და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს მეტი ყურადრება გამოიჩინონ „ინგილო“ ქართველების მიმართ: „გული უფრო გვწყდება საქართველოს მხრიდან უყურადღებობაზე. ჩვენი დიდი მოთხოვნა ის არის, რომ საქართველოს მხრიდან იყოს მხარდაჭერა“.

ახალი ამბები