კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს მიტოვებული ქონების დაბრუნების შანსი გაუჩნდათ

11 ივლისი, 2006

დევნილებს მიტოვებული ქონების დაბრუნების შანსი გაუჩნდათ
 


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისრომ დევნილი მოსახლეობისთვის პროგრამა „ჩემი სახლი“-ს განხორციელება დაიწყო.  ყველა დევნილს, ვინც შესაბამის დეკლარაციას შეავსებს და საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს, კონფლიქტურ ზონაში მიტოვებული უძრავი ქონების საკუთრების მოწმობას მიიღებს.

პროგრამის მიხედვით, როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში დატოვებული უძრავი ქონება უნდა აღიწეროს, საერთაშორისო სამართლით აღიარებული და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდეს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს. კონფლიქტურ ზონებში მიტოვებულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად კი დევნილებმა სპეციალური დეკლარაცია უნდა შეავსონ, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიიღებენ. 

უძრავი ქონების აღრიცხვის პროცედურას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებს. დეკლარაციის შევსების შემდეგ კი სააღრიცხვო მოწმობა გაიცემა. დეკლარაციის შემვსებმა პირმა უნდა წარმოადგინოს ბინის ორდერი, ანდერძი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, საბინაო წიგნაკიდან ამონაწერი და სხვა დოკუმენტი. მათ, ვისაც საკუთრების დამადასტურებელი არანიარი დოკუმენტი არ გააჩნიათ, სასამართლოს უნდა მიმართოს. სწორედ სასამართლომ უნდა დაუდასტუროს, მისი მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გია ხევიაშვილის თქმით, დეკლარაციაში დევნილმა აფხაზეთში დატოვებული ქონება დაწვრილებით უნდა აღწეროს. „მან უნდა მიუთითოს დევნილობამდე ბინის ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პროფესია, სამუშაო ადგილი, უძრავი ქონების ზუსტი მისამართი, ბინის ფართი, მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების მდგომარეობა ამჟამად - სახლი დანგრეულია, დამწვარია თუ ვინმე ცხოვრობს. დეკლარაციის სრულად შევსებისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ის მიიღებს უძრავი ქონების სააღრიცხვო მოწმობას, რომელსაც ის წარადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მასზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით და ამის შემდეგ საკუთრების მოწმობას მიიღებს“, – ამბობს მინისტრი.

იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში არ იმყოფებიან და დეკლარაციის შევსების სურვილი აქვთ, საელჩოებსა საკონსულოებს უნდა მიმართონ. მართალია, ქართველების მიერ აფხაზეთში დატოვებული ქონების აღწერა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებული არ არის, თუმცა ქართული მხარე აპირებს, მათ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შევთავაზოს.

რადგან უძრავი ქონების აღწერისთვის საჭირო საარქივო მასალები განადგურებულია, ამისთვის კონფლიქტური რეგიონების თანამგზავრულ ფოტოგადაღებებს იყენებენ. „ძალიან მწირი საარქივო მასალები შემორჩა. სრული სურათის შესაქმნელად ვიყენებთ როგორც ამ მასალებს, ისე კართოგრაფიულ რუკებს. ასევე გვეხმარება თანამგზავრული ფოტო გადაღება. ეს ყველაფერი ერთად კი საშუალებას მოგვცემს, აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში სრული ინფორმაციული სისტემები შევქმნათ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე გაგრისა და გალის მოსახლეობას ვემსახურებით. ცხინვალში მუშაობა კი თითქმის დამთავრებულია,“ – ამბობს მინისტრი.

მას შემდეგ, რაც დევნილები დეკლარაციებს შეავსებენ და საკუთრების მოწმობას მიიღებენ, მათ უფლება ექნებათ, საკუთარი ქონების დაბრუნება მოითხოვონ. პროექტის ფარგლებში, მოპოვებული მასალების მიხედვით, ერთიანი ინფორმაციულ სისტემა შეიქმნება. ამ მასალებს კი სტრასბურგის სასამართლოში გამოიყენებენ, როგორც უტყუარ მტკიცებულებას. „ევროსასამართლოს თუ საერთაშორისო ინსტიტუტებს დავუმტკიცებთ, რომ ქართველების ქონებას სხვა ადამიანები ეპატრონებიან და ვიბრძოლებთ, ეს ქონება ნამდვილ მეპატრონეებს დაუბრუნდეთ,” – ამბობს ხევიაშვილი. 
 
აფხაზეთში მიტოვებული ქონების დასაბრუნებლად ერთ-ერთმა დევნილმა იური თურქიამ ბრძოლა კარგა ხანია დაიწყო. მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი როგორც იუსტიციის სამინისტროს ისე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო. საჯარო რეესტრს დაევალა მისი ქონება რეგისტრაციაში გაატაროს. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს და მას ასაჩივრებს. მინისტრი ხევიაშვილი დარწმუნებულია, რომ თურქიას სასამართლოს წააგებს.

რას შეეხება უარის მოტივს, იუსტიციის სამინისტრო არასაკმარის დოკუმენტაციას ასახელებს, მინისტრი ხევიაშვილი კი ამბობს, რომ თურქიას აფხაზეთში სახლის გაყიდვა უნდა: „მას სურს, რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს თავისი ქონება, მაგრამ, საინტერესოა, ვის უნდა მიჰყიდოს? ვფიქრობ, რომ ეს არის კონტრქმედებები იმ პროცესზე, რაც ჩვენ დავიწყეთ. დევნილები გვიჩიავიან, მოგვეცით საშუალება, ჩვენი ქონება გავყიდოთო. კი ბატონო. თუ ვინმეს გაყიდვა უნდა, ჩავიდეს აფხაზეთში, იცხოვროს და თქვას, რომ მე იქ ვცხოვრობ და უნდა გაყიდოს და უნდა გააჩუქოს. დღეს ვისზე ყიდის ის ქონებას? ყიდის რუსზე. 350 000 ქართველი გამოყარეს ჩვენი მიწიდან. დაგვატოვებინეს ქონება და ეხლა ვიძახით, რაც იქ გაგვაჩნია უნდა გავყიდოთო? ესე იგი, ამით ვამბობთ, რომ ჩვენ იქ არასოდეს დავბრუნდებით. სხვა ახსნა არ არსებობს. თუ ყველაფრის გაყივა უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დაბრუნებას არ აპირებენ. ეს პოზიცია ნებისმიერი პატრიოტისთვის მიუღებელია.“

ეკა გულუა 

ახალი ამბები