კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღარიბები სიღარიბის დაძლევის პროგრამის წინააღმდეგ

12 ივლისი, 2006

ღარიბები სიღარიბის დაძლევის პროგრამის წინააღმდეგ

თელავში სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფულად დახმარებებზე უარს ეუბნებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ განცხადებების შეტანის მიუხედავად, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ჩართვაზე ბევრმა მათგანმა უარი მიიღო და ღარიბთა სიაში ვერ მოხვდა, ისინი კი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ღარიბად აღიარეს, ფულად დახმარებებს უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ელიან.
 
თელავში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხალხს ამცირებს. თელაველი თამარ სუხიტაშვილის აზრით, საქართველოში სიღარიბე პროვილეგიად იქცა. „ძალიან დამამცირებელია, როდესაც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვ. ორმაგად უფრო დამამცირებელი კი ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სიღარიბე პროვილეგიად აქცია და ხალხს ღარიბად აღიარებას ახვეწნინებს...“ – აცხადებს თ. სუხიტაშვილი.
 
სიღარიბის დაძლევის პროგრამა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ამოქმედდა, თუმცა ხელისუფლებას სწორედ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენის ადამიანები აკრიტიკებენ. მოსახლეობისთვის სრულიად გაუგებარია კრიტერიუმები, რითაც აღნიშნულ კატეგორიაში ხვდება ადამიანი. მათი განცხადებით, ღარიბად ადამიანს მხოლოდ მაშინ მიიჩნევენ, თუ მას არც შემოსავალი აქვს და არც საოჯახო ნივთები.
 
თელაველი მარიამ გოგიაშვილის ამბობს, რომ ის მარტო ცხოვრობს და მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. პენსიონერი აცხადებს, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ის მისთვის გაურკვეველი მიზეზით არ ჩართეს. „განცხადება შევიტანე, სოციალური აგენტებიც იყვნენ, მაგრამ ღარიბთა სიაში მაინც არ აღმოვჩნდი. ალბათ იმიტომ, რომ სახლში მაგიდა და საწოლი მაქვს. ეტყობა, არც სახლი უნდა მქონდეს, არც საწოლი, არც მაგიდა და არც სკამი, რომ ღარიბად ჩამთვალონ..." – აცხადებს მ. გოგიაშვილი.
  
თელაველების დიდი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება პროგრამას არასწორად ახორციელებს. თელაველი ნაირა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატურების შერჩევა „აბსურდული კრიტერიუმებით“ ხდება.
 
„თუ ოჯახში მომაკვდავი ან გიჟი გყავს, მაშინ შეიძლება მოხვდე სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. მე ძალიან მიჭირს, ავადმყოფიც მყავს სახლში, მაგრამ მომაკვდავები და გიჟები არ მყავს. მე ვთვლი, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან ღარიბია, მაგრამ ეს ხელისუფლება ღარიბად მხოლოდ იმას მიიჩნევს, ვისაც არც დენი აქვს და არც საჭმელი...“ – აცხადებს ნ. ჯავახიშვილი.
  
თელაველი გაჭირვებულები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ფულადი დახმარებების გაცემაც შეწყდა. ზაფხულის განმავლობაში დახმარების გარეშე დარჩენილ ღარიბებს სოციალური დახმარების სააგენტოში იმით აიმედებენ, რომ ფულადი დახმარებების შეჩერება დროებითია და შემოდგომით აღდგება, თუმცა მიზეზების შესახებ მათ არავინ არაფერს ეუბნება.
 
სოციალური დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ სესიკაშვილმა ჩვენთან საუბარშიც განაცხადა, რომ ფულადი დახმარებების გაცემა მხოლოდ დროებითაა შეჩერებული და შემოდგომიდან დახმარებების გაცემა აღსდგება, თუმცა ფულადი დახმარებების გაცემის შეჩერების მიზეზებზე სოციალური დახმარების სააგენტოში არაფერს ამბობენ.
 
„ფულადი დახმარებების გაცემა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებზე ფულადი დახმარებების გაცემა შემოდგომიდან განახლდება, მანამდე კი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სამედიცინო პოლისები დაურიგდებათ, რაც ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია...” – აცხადებს ო. სესიკაშვილი.

შემოდგომის დადგომამდე კი უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას 15 ივლისამდე ახალი განცხადებების შეტანას სთავაზობენ, რითაც სესიკაშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ დახმარების მიღების შანსი გაეზრდებათ.
 
მიუხედავად უამრავი ბარიერებისა, გაჭირვებულ თელაველებს სოციალური დახმარების სააგენტოში განცხადებები მაინც შეაქვთ, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ დახმარებების მიღების იმედი ძალიან მცირეა.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები