კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი დევნილი ოჯახის ისტორია

18 ივლისი, 2006

ერთი დევნილი ოჯახის ისტორია

22 წლის, დაბადებიდან ინვალიდი შორენა ჩაბრავა სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილთა გამოსახლების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მიუხედედავად იმისა, რომ ჩაბრავებს საოჯახო ნომერი ჰქონდათ, დევნილთათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა მაინც არ მისცეს.

შორენა ჩაბრავა დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია - ზედა და ქვედა კიდურების ცერებრალური დამბლა აქვს. მას მხოლოდ ერთი ნეკნი აქვს, მისი საკვები - ფაფა და წყალია. „შორენას დაბადებისსას გვირჩიეს, რომ ბავშვი ჩაგვებარებია, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ“, _ ამბობს შორენას ბებია, გული დანელია.

შორენას მარტის თვიდან ლტოლვილობის დახმარება შეუწყვიტეს. ოჯახისათვის ამის მიზეზი გაურკვეველია: „შორენა თებერვლის შემდეგ სიაში აღარ არის. არც პატარა - 4 თვის ზაზაა სიაში (ზაზა შორენას ძმისშვილია), არადა ბავშვს დაბადების მოწმობა აქვს. ამაზე პასუხს ვერავინ გვცემს“, - განაცხადა ბებიამ.

ჩაბრავების ოჯახს არც დევნილთათვის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხა მისცეს. „ჯამბულ ჩაბრავას - შორენას მამას, მეორე ოჯახიც ჰყავდა. 10 წლის განმავლობაში ის დარეჯან გოროზიასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. გოროზიაც დევნილი იყო. ჩვენ ცალ-ცალკე გვქონდა საოჯახო ნომრები, მაგრამ ფართი იყო ერთი. ამიტომ ჩვენ, აქვე, მძახლებთან ვცხოვრობდით. შორენა ხანდახან ფოთში, დედაჩემთან მყავდა, რადგან აქ მისი მოვლა რთული იყო. დარეჯან გოროზიამ დოკუმენტი გააკეთა, რომ თითქოს ჩვენ აქ არ ვცხოვრობდით, არადა ჩვენ ცალკე საოჯახო ნომერი (#1014) გვაქვს. გოროზოამ თანხა აიღო, ჩვენ კი კომპენსაციას არ გვაძლევენ“, - აღნიშნა შორენას დედამ, მადონა დანელიამ.

ოჯახმა საქმის გასარკვევად სხვადასხვა სტრუქტურებს მიმართა: „მივაკითხეთ ალეკო შველიძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს. ეს სიები თბილისიდან არისო, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო, - ასე გვითხრა. აჭარის ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს კახა გუჩმანიძესაც მივმართეთ, შემდეგ განცხადება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არავისგან მიგვიღია“.

ჩაბრავების ოჯახი სასტუმრო „მესხეთიდან“ გასვლას კომპენსაციის გარეშე არ აპირებს. „მე აქედან შორენას არ გავიყვან. თუ ამას კუთვნილი თანხა არ მისცეს, ნავთს ჯერ მას გადავასხამ, შემდეგ მე და ცეცხლს ავიკიდებ“. ბებიამ მართლაც სცადა შვილიშვილის და მისი საკუთარი თავის დაწვა. 28 ივნისს, ჩაბრავების ოჯახმა შორენა მინისტრთა საბჭოს შენობის წინ მიიყვანეს. ისინი აჭარის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინიტრთან, მამუკა ნაკაშიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. თუმცა, მინისტრი მათ არ შეხვედრია, მოადგილე ალეკო შველიძემ კი კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თანხა არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, გული დანელიამ ჯერ თავის შვილისშვილს, შემდეგ თვითონაც გადაისხა საწვავი და თავის დაწვას შეეცადა. თუმცა, მინისტრთა საბჭოს წინ მობილიზებულმა კრიმინალურმა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მას შემდეგ ისინი ისევ სასტუმრო „მესხეთში“ დაბრუნდნენ. მეორე დღეს, 29 ივნისს  სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილების გამოსახლების შემდეგ კი - ქუჩაში დარჩნენ. მზის სხივებზე მიუჩვევლობის გამო, შორენა ჩაბრავას სახე დაეწვა. „იძულებული ვიყავით სამინისტროს შემოთავაზება - ფიზიო-კულნოლოგიურ საავადმყოფოში გადასვალა მიგვიღო. მაშინ დაგვპირდნენ, ჯერჯერობით იქ გადადით და შემდეგ რაიმეს გამოგინახავთო, მაგრამ უკვე 10 დღე გავიდა. ჩვენ უკანვე, სასტუმრო „მესხეთის“ წინ დავბრუნდით და აქ ვიქნებით, სანამ კუთვნილს არ მივიღებთ”, - თქვა შორენა ჩაბრავას დედამ მადონა დანელიამ.

დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი კახა გუჩმანიძე და აჭარის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს წარმომადგენლები ჩაბრავების ოჯახის საკითხზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები