კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფესორები რექტორს უჩივიან, რექტორი - პროფესორებს

18 ივლისი, 2006

პროფესორები რექტორს უჩივიან, რექტორი - პროფესორებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო აქცია განახლდა. მოთხოვნა უცვლელია - აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის გაუქმება და დიალოგი. რექტორი კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დათმობაზე წასვლას არ აპირებს და პროფესორების დაპატიმრებას ელოდება.

რექტორ გია ხუბუასა და პროფესორ-მასწავლებელთა დაპირისპირება 3 თვეა გრძელდება. პროტესტი მაშინ გაჩნდა, როცა უნივერსიტეტიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს და შემცირებულ აკადემიურ თანამდებობებზე
კონკურსი გამოცხადდა. პროფესორთა დიდმა ნაწილმა კონკურსი უკანონოდ ჩათვალა და მასში მონაწილეობაზე უარი თქვა. პროფესორთა განცხადებით, ისეთ რეფორმაში, რომელიც სისტემას ანგრევს მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს.

პროტესტის პირველი დღიდან მათ არაერთხელ სცადეს რექტორთან დიალოგი, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ხუბუა დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ სასაუბრო თემა კონკურსები არ იქნება. ის ირწმუნება, რომ პროფესორებს კონკურსების ეშინიათ. პროფესორებმა რომ ვერაფერი მოახერხეს, რექტორს კაბინეტში ესტუმრნენ და დაუყოვნებლივ თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს.  ხუბუამ კი პატრული გამოიძახა და მათ შენობა იძულების წესით დაატოვებინეს. ამ დღის შემდეგ, უნივერსიტეტს პატრული იცავს. ხუბუამ და განათლების  მინისტრმა კახა ლომაიამ კი პროფესორების რექტორის კაბინეტში შეჭრა ხულიგნობად მონათლეს და, მათ წინააღმდეგ სს საქმის აღძვრის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

29 ივნისიდან მოყოლებული პროფესორები პროკურატურაში არაერთხელ დაიბარეს და დაკითხეს. საგამოძიებო პროცედურა დღემდე გრძელდება. რექტორსა და განათლების მინისტრს იმედი აქვთ, რომ „მეამბოხე“ პროფესორებს სს პასუხისმგებლობას დააკისრებენ, პროფესორები კი პირიქით ფიქრობენ. მათ რექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. აღნიშნულის მოტივი კი ის გახდა, რომ რექტორის მითითებით, ისინი სააქტო დარბაზში ჩაკეტეს, არც გარეთ უშვებდნენ ვინმეს და არც შიგნით, მათ საპირფარეშოში გასვლაც არ შეეძლოთ და არც სასმელ წყალზე მიუწვდებოდათ ხელი. უჰაერობის გამო რამდენიმე მათგანი ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოუძახეს.      

ამ დღიდან მოყოლებული, პროფესორები უნივერსიტეტის ეზოში პერმანენტულად იკრიბებიან და საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ. რაც შეეხება რექტორის წინააღმდეგ შეტანილ მათ სარჩელს, ის სს კოდექსის ოთხი მუხლისგან შედგება.
ეს არის სს კოდექსის 381-ე, 332-ე, 333-ე და 143-ე მუხლი. როგორც პროფესორი ჯემალ მებონია ამბობს: „ხუბუამ პასუხი უნდა აგოს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის. ეს კი იმას გულისხმობს, რომ რუსუდან ლორთქიფანიძის (ყოფილი რექტორი) დროს უკანონოდ ჩატარებული კონკურსის თაობაზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. სასამართლომ კონკურსი უკანონოდ ცნო და 5 ივნისამდე ახალ რექტორს უფლება არ ჰქონდა ახალი კონკურსი გამოეცხადებინა. ხუბუამ კი კონკურსები 19 მაისს გამოაცხადა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ხუბუამ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბორიტად გამოიყენა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით, უნივერსიტეტში მხოლოდ რექტორს აქვს აქტების გამოცემის უფლება. ხუბუამ კი ეს უფლება მის მოადგილე ივანე ბოკერიას გადააბარა. შემდეგი ბრალდება კი
თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება. 3 ივლისის ღამეს მან პროფესორები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სააქტო დარბაზში ჩაგვკეტა და მისი მძევლები ვიყავით. ამ ყველაფრისთვის მან პასუხი უნდა აგოს.“

რექტორი ოპონენტთა ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას არცერთ ნაწილში კანონი არ დაურღვევია. ის პროკურატურას ჯერ არ დაუკითხავს, თუმცა, ჩვენებების მიცემა მოუწევს. უნივერსიტეტის ეზოში კი საპროტესტო გამოსვლები დღეიდან განახლდა. მას სტუდენტთა ნაწილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.  

ეკა გულუა

ახალი ამბები