კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს

25 ივლისი, 2006

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა  საპროტესტო აქცია დაარბიეს

დღეს, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის ცენტრის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს.  გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ მალხაზ ღუბეჯაშვილმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოსო ზარდიაშვილი კიბეებზე დააგორა, რის შემდეგაც ის სამართალდამრღვევად სცნეს. „წვრილმანი ხულიგნობისათვის“ დააკავეს აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი აბონენტი მევლუდ გოგიაშვილიც. შეხლა-შემოხლის დროს დაზარალდა რეგიონული გაზეთის კორესპონდენტი მაია მამულაშვილიც.

სოფელ გურჯაანის მოსახლეობა სერვის ცენტრის მენეჯერის, ხათუნა ჭუმბურიძისგან კონკრეტული საკითხების გარკვევას ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ამაოდ ცდილობდა, რის შემდეგაც ასამდე ადამიანმა ენერგოდისტრიბუციის შენობის წინ თავი ერთობლივად მოიყარა და კითხვებზე პასუხის მიღება ამჯერად აქციის მეშვეობით სცადეს.

„ხელისუფლებამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს ვაუჩერები დაგვირიგა, რის მიხედვითაც, თუ ერთ თვეში გახარჯული გვაქვს 8 ლარი, უნდა გადავიხადოთ სამი ლარი, რადგან ხუთს სახელმწიფო აფინანსებს. მიუხედავად ამისა, ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლები თვითნებურად ზრდიან ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებას, რის გამოც, ორმაგი და სამმაგი თანხის გადახდა გვიწევს. მაგალითად, ერთ-ერთ პენსიონერს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს, დაარიცხეს ათასი კილოვატი ელექტროენერგია. წარმოუდგენელია, მარტოხელა ადამიანს ამდენი გაეხარჯა. ასეთი ფაქტები ბევრია. მიუხედავად ამისა, სერვის ცენტრის მენეჯერი ჩვენს კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და ნებისმიერი მცდელობისას, გავარკვიოთ სიმართლე, გვსჯის - ელექტროენერგიას გვითიშავს და კვირების მანძილზე ბნელში გვამყოფებს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ელდარ ზარდიაშვილი.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს სერვის ცენტრის არაკანონიერი მუშაობის შესახებ განუცხადეს და მენეჯერი, ხათუნა ჭუმბურიძე კორუფციაში დაადანაშაულეს.

„წინა წლებში მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი გადახდილი გვქვს სრულად, მაგრამ იმ დროს, მართალია, ინკასატორები ქვითრებს გვაძლევდნენ, თუმცა ენერგოდისტრიბუცია გადახდილ თანხას არ გვითვლის, იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციაში შემოსავალი დაფიქსირებული არ ყოფილა და თანხას ახლად გვახდევინებს. გადაუხდელობისა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, როგორც უკვე გითხარით, შუქს გვითიშავენ. რაიონის გამგეობასაც არაერთხელ მივაკითხეთ, მაგრამ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმაც და მისმა მოადგილემაც გვითხრეს, რომ ჭუმბურიძე არ გვემორჩილება და რა ვქნათ, ვერაფრით მოგეხმარებითო“,- ამბობს სოფელ გურჯაანის მკვიდრი ბონდო ქაჩლიშვილი.

აქციის მონაწილეთა თქმით, აღშფოთებული ადამიანებისგან, ხათუნა ჭუმბურიძის „დაცვას“, მისი ძმა, დავით ჭუმბურიძე ცდილობდა, რომელმაც მოქალაქეებს არა მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ ფიზიკურადაც შეურაცხყო და კახეთის რეგიონული გაზეთის „კახეთის ხმის“ ჟურნალისტს მაია მამულაშვილს ფოტოაპარატიც დაუზიანა.

„ათამდე პოლიციელი აქციის ადგილზე მოულოდნელად მოვარდა. კიბეებზე ამოცვივდნენ, ხელი გვკრეს და დაგვშალეს. პოლიციის უფროსის მოადგილემ მალხაზ ღუბეჯაშვილმა ხელი ყველაზე მეტად მე მკრა, რის შედეგადაც კიბეებზე დავგორდი და დავშავდი. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც მე და არც სხვას. უბრალოდ, ხათუნა ჭუმბურიძისგან ვითხოვდით დასაბუთებულ განმარტებებს, რატომ გვახდევინებს იმას, რაც არ გვეკუთვნის და რატომ გვამასხარავებს. პოლიციის თანამშრომლებმა კი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს ჩემზე და მევლუდ გოგიაშვილზე, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო. მან სალაროში მოხმარებული ელექტროენერგიის თანხა გადაიხადა და გარეთ როცა გამოვიდა, მხარდაჭერა გამოგვიცხადა. საბოლოოდ ორივე დაგვაკავეს“,- გვითხრა სოსო ზარდიაშვილმა.

შს გურჯაანის სამმართველოში არ აკონკრეტებენ, ვინ გამოიძახა შემთხვევის ადგილზე პოლიცია. სამმართველოს უფროსის მოადგილე მალხაზ ღუბეჯაშვილი პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეთა დარბევას უარყოფს და არც სოსო ზარდიაშვილისთვის ხელისკვრას და მის კიბეებზე დაგორებას ადასტურებს.

კომენტარს არც ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასა“ და გურჯაანის სერვის ცენტრში აკეთებენ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა „წვრილმანი ხულიგნობისათვის“ დაკავებულებს 15 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსახლეობა ვითარების დეტალურად გარკვევას და ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს, სხვა შემთხვევაში ისინი თბილისი-თელავის ცენტრალური ავტომაგისტრალის პიკეტირებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები