კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს საელჩოები მიუწვდომელია

27 ივლისი, 2006

უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს საელჩოები მიუწვდომელია 

     

უცხოეთში საქართველოს საელჩოები და საკონსულოები ტრეფიკინგის მსხვერპლთ თუ სხვა სახით დაზარალებულებს ვერ ეხმარებიან. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ საელჩოებში ტრეფიკინგის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, მეორე კი ის, რომ იქ ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი თუ კონკრეტული ტელეფონის ნომერი, ვისაც მსხვერპლი უნდა დაუკავშირდეს. მიგრანტები ჩივიან, რომ იმ ნომრებზე, რაც მათთვის არის ცნობილი მხოლოდ ავტომოპასუხე პასუხობს. 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, უცხოეთში საქართველოს ყველა საკონსულოში სპეციალური პირი დანიშნოს, ვინც ასეთ დროს საქართველოს მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გაუწევს. სამოქმედო გეგმას ვადა 6 თვეშიუმთავრდება, აღნიშნული პუნქტი კი შესრულებული ჯერაც არ არის.
 
ტრეფიკინგს რომ თავი დავანებოთ, როგორც ჩანს, იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც უცხო ქვეყანაში რაიმე პრობლემა შეექმნებათ, საელჩოებთან დაკავშირება უჭირთ.  როგორც  პროფესორი სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში გიორგი ღლონტი ამბობს, პრობლემები თითქმის ყველა საელჩოში არსებობს: „ეს ზოგადად, სერიოზული პრობლემაა, რადგან ოფიციალური პირი, ვინც ასეთი ტიპის სერვისით არის დაკავებული, არ არსებობს საკონსულოებში. პრობლემა სწორედ ეს არის. ასეა თითქმის ყველა საელჩოში.“  

მისივე თქმით, ტრეფიკინგის გარდა არაერთი პრობლემა არსებობს, როცა საქართველოს მოქალაქეებს საელჩოს დახმარება სჭირდებათ, თუმცა დიპლომატიური კორპუსი მათთვის ჩაკეტილია: „მაგალითად,  პოლიციასთან ელემენტარული პრობლემებისას, ან ადამიანმა ფული დაკარგა, ან უბინაოდ დარჩა. ასეთ დროს ვის უნდა მიმართოს? ბუნებრივია, საკონსულოს. მსგავსი გამოუვალი სიტუაციებისას საკონსულოს პატარა თანხები უნდა ჰქონდეს, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს დაეხმაროს. ან თავშესაფარი მისცეს, ან სხვა ორგანიზაციებს დააკავშიროს, ვინც მათ დახმარებას აღმოუჩენს.ხშირია შემთხვევა, როცა მიგრანტმა იმ ქვეყნის ენა არ იცის, სადაც ჩადის. ასეთ დროს ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან.“

რესპონდენტის თქმით, უცხო ქვეყნის საელჩოებს გააჩნიათ სპეციალური სერვისი, რომელიც მათი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაუდებელ დახმარებას გულისხმობს.
ეს დახმარება იგივე სახით ხდება, როგორც მაგალითად „09“-ის სერვისი. მიგრანტი რეკავს კონკრეტულ ნომერზე, მას მშობლიურ ენაზე სპეციალური ოპერატორი ესაუბრება, რომელიც სათანადოდ ეხმარება. როგორც გიორგი ღლონტი ამბობს,
საქართველის  საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს ფაქსით არ უნდა ეკონტაქტებოდნენ: „როგორც წესი, თუ მათთან დაკავშირება მოხერხდა, მოქალაქეებს საელჩოებსა და საკონსულოებში ეუბნებიან, რომ იმ საქმეზე, რაც მათ აინტერესებთ, ფაქსი გადაუგზავნონ. არადა, ეს შეუძლებელია. ხომ შეიძლება მოქალაქეს მაშინვე სჭირდებოდეს დახმარება და არა დღეების შემდეგ?“ - კითხულობს რესპონდენტი.  
 
ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც მიგრანტების შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციას ღებულობს, არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. მიგრანტები სწორედ მათ უკავშირდებიან გაჭირვების დროს. როგორც ამ ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი მარკ ჰულსტი ამბობს, მართალია, საელჩოებსა და საკონსულოებში მომსახურეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა უფრო უკეთესი უნდა იყოს.
„არის როგორც საელჩოს მომსახურეობის დადებითი, ისე უარყოფოთი შემთხვევები“, - ამბობს ჰულსტი. 

ის, რომ საქართველოს საელჩოებთან დაკავშირება შეუძლებელია, ამას რიგითი მოქალაქეები და ჟურნალისტებიც ამბობენ. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილიც იხსენებს: „2005 წელს აზერბაიჯანში, ე.წ. საინგილოს ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, სადაც არაერთი ისტორია მოვისმინე, რომ მოსახლეობა საელჩოს წარმომადგენლების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. კონკრეტული ისტორიებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ თემაზე მომიწია მუშაობა. დამჭირდა ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოდან. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავუგზავნე ელჩს წერილი ელექტრონული ფოსტით, არც ერთხელ პასუხი არ მიმიღია. საინგილოს მოსახლეობაც სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოთქვამდა პრეტენზიებს, ამბობდნენ, რომ მათ ნებისმიერ მიმართვას საელჩო რეაგირების გარეშე ტოვებდა. ზაქათალა-ბელაქანის რაიონში კი ამბობდნენ, რომ მათ საერთოდ არავინ უნახავთ საელჩოდან. აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ საქართველოდან ჩასულ დელეგაციას თუ ჩამოჰყვებიან რაიონში, თუმცა იმ დროს დაცვა ისეა გაძლიერებული, რომ მათთან მისვლა და პრობლემებზე საუბარი შეუძლებელია“.

მსგავსი პრეტენზიები არსებობს თურქეთის საელჩოსთან დაკავშირებითაც. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ქეთევან სოხაძე ამბობს: „თურქეთში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვაპირებდი გამგზავრებას. წინასწარ მინდოდა, საელჩოსთან შემეთანხმებინა ეს ვიზიტი და გარკვეული ინფორმაცაც მიმეღო. ორი კვირის განმავლობაში ავტომოპასუხის გარდა ვერავის დავუკავშირდი.“  

ერთი კონკრეტული ისტორია კი თავად გადამხდა და ის ლონდონში საქართველოს საელჩოს უკავშირდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მითითებულ ლონდონის საელჩოს ტელეფონზე არაერთხელ დავრეკე. როგორც წესი, ავტომოპასუხე ჩაირთო, რამდენიმე წუთი სხვადასხვა ენაზე ილაპარაკა, მიმითითა კიდეც რომელი ინფორმაციის მისაღებად რომელი ღილაკისთვის უნდა დამეჭირა თითი, თუმცა ვერცერთ ნომერზე ავტომოპასუხის გარდა, სხვას ვერავის დავუკავშირდი.

ეკა გულუა

ახალი ამბები