კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორფოლის პოლიგონზე მინისტრმა რეზერვისტები სცემა

28 ივლისი, 2006

ორფოლის პოლიგონზე მინისტრმა რეზერვისტები სცემა

ახალციხის ორფოლოს პოლიგონზე განთავსებულ აჭარიდან რეზერვისტთა #17 ბატალიონში მყოფი რეზერვისტები, მათივე განცხადებით, 14 ივლისს (უკან დაბრუნების წინა დღით) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაროზგა. ირაკლი ოქრუაშვილმა ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, ბატალიონიც დაშლილად გამოაცხადა.

ორფოლოს პოლიგონზე მომხდარ ინციდენტის შესახებ ერთ-ერთი რეზერვისტი ინკოგნიტოდ საუბრობს, რადგან - „არ მინდა თავი საფრთხეში ჩავიგდო ან საკუთარი თავი დავკარგო... ამიტომ სახელ და გვარს ნუ დამიფიქსირებთ. თავდაცვის მინისტრი პირადად შეეხო რამდენიმე ჩვენგანს, დანარჩენებს მისი წარმომადგენლები გაგვისწორდნენ. არაფრის თქმა არ გვაცალეს, ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა, ფეხებში იარაღის ჯერი გაგვიხსნეს. მინისტრის თანმხლებმა მკლავში რომ ჩამავლო... ეს სილურჯე ალბათ კიდევ დიდხანს დამრჩება. კონდახი მომიქნია, თავი ავაცილე და გულ-მკერდის არეში მომხვდა, კონდახი დღესაც მამჩნევია“.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: „წამოსვლის წინა დღით, სოფელში რეზერვისტებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჩხუბი მოუვიდათ. ინციდენტის ადგილზე ოქრუაშვილი ოცამდე სპეცრაზმელთან ერთად ვერტმფრენით ჩამოფრინდა. იქ რამდენიმე მთვრალი ჯარისკაცი შეუნიშნავთ, რომლებსაც განუცხადებიათ, რომ აჭარის რეზერვისტთა ბანაკიდან იყვნენ. ამავე დროს, აჭარის რეზერვისტთა ბანაკში ერთ-ერთი რეზერვისტი მოვიდა და განაცხადა: „ჩვენი ბიჭები მოკლეს, მდინარესთან ყრიან“ (რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა). ამის გაგონებაზე 200-მდე რეზერვისტი მდინარისაკენ გავეშურეთ“.
 
ოქრუაშვილი ამბის გასარკვევად ვერტმფრენით მდინარეზე დაეშვა. მართალია, მან იქ სოფლის დასარბევად წასული რეზერვისტები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ ერთ-ერთ მთვრალ რეზერვისტს, გვარად კომახიძეს გადაეყარა. თვითმხილველ რეზერვისტთა თქმით, „მინისტრმა მას შენიშვნა მისცა. კომახიძემ შესაძლოა მინისტრი ვერ იცნო და მისი შენიშვნა ამიტომაც არ მიიღო. კომახიძემ მინისტრს გაარტყა. პასუხად კი რეზერვისტი ისე სცემეს... ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, თბილისში საავადმყოფოში წაიყვანეს”.

მდინარიდან ირაკლი ოქრუაშვილი რეზერვისტთა ბანაკში მივიდა. მინისტრმა რეზერვისტები ხაზზე მოაწყო. თავისიანებს დაგვიანებით ერთ-ერთი რეზერვისტი შემოურთდა. მან მწყობრში ჩადგომისათვის მინისტრს ნებართვა სთხოვა. ოქრუაშვილმა დაგვიანებისათვის უსაყვედურა და საყელოშიც მოჰკიდა ხელი. „რეზერვისტმა ხელი აუკრა და თავის განთავისუფლების მიზნით წიხლიც მოიშველია, გაქცევა მოახერხა და მწყობრს შემოგვიერთდა. შეურაცხყოფილი მინისტრი გინებით დაედევნა. შეხლა-შემოხლა სპეცრაზმელების გამაფრთხილებელი სროლით განიმუხტა“,- იხსენებს რესპოდენტი.

მალე მწყობრს აჭარის პარლამეტის წევრი და 17-ე ბატალიონის მეთაური კახა სურგულაძე შეუერთდა: „სურგულაძე პატაკისათვის მინისტრს წარუდგა. ოქრუაშვილმა ჯერ უსაყვედურა და საყვედურს უცენზურო სიტყვებიც დაურთო. ეს კახა სურგულაძემ არ შეარჩინა და „მაგისთვის პასუხი მოგეთხოვებაო“ - უთხრა. ამის შემდეგ მინისტრმა სურგულაძეს გაარტყა. მას სპეცრაზმელები მიეშველენ და რეზერვისტთა მეთაური კონდახებითა და წიხლებით სცემეს. უაირაღო რეზერვისტებს კი, მიშველების მცდელობის გამო, სროლით დაგვემუქრნენ. მინისტრი ოქრუაშვილი უკანასკნელი სიტყვებით გვაგინებდა. ამის შემდეგ მინისტრმა ბრძანა, ნახევარ საათში რეზერვისტთა ბატალიონი დაშლილიყო. შემდეგ შტაბი დაგვატოვებინეს, ფორმები აგვართვეს, ვისაც რა სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, იმით წამოვიდა, ზოგმა ერთმანეთისგან ინათხოვრა. ბევრი ჩუსტებითა და შორტებით იყო. შტაბიდან 15 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, უკან მინისტრის წარმომადგენლები მოგვრეკავდნენ. კატეგორიულად აგვიკრძალეს ცენტრალურ გზასთან ახლოს გაჩერება. პირუტყვებივით შეგვრეკეს გზიდან მოშორებულ ადგილას. იქ ნახევრად გამხმარი თივის ზვინები იყო, შიგ შევძვერით და ისე გავათენეთ“.

ინკოგნიტო რეზერვისტს სიმართლის გარკვევის იმედი დიდად არ აქვს: „წამოსვლის წინა დღით იარაღი ჩავაბარეთ - გამოსასვლელი დღე გვქონდა. ამით ისარგებლა რამდენიმემ და დალია კიდეც. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები შევიდნენ ბატალიონის ახლოს მდებარე სოფელში და ატეხეს ბუნტი. ამას მთელი სოფლის უკმაყოფილება მოჰყვა. პრინციპში იქ დანაც გამოუყენებიათ, მაგრამ ის ვინც ეს გააკეთა, რეზერვისტი კი არა „კონტრაქტნიკი“ ყოფილა და თავი რეზერვისტად გამოუცხადებია. გული იმაზე მწყდება, რომ ერთი დღე გვქონდა დარჩენილი უკან დაბრუნებამდე და ასეთი ფორმით დაგვაბრუნეს. დანაშაულია, რომ დალიეს და სოფელი ააფორიაქეს, მაგრამ მტყუან-მართალი ხომ უნდა გაირჩეს. ყველა ერთი ჯოხით გაიროზგება? კაცს აღარ ვგავარ, ისეთ დღეში ჩავვარდი“.
 
ქედის რაიონის სამობილიზაციო შტაბში აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. შტაბის უფროსის ზებურ ანანიძის თქმით, „იქ არაფერი მომხდარა. არც ერთი რეზერვისტისთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ჩვენ წინა დღით ჩავედით და შემდეგ ერთად წამოვედით. ეგ არასწორი ინფორმაციაა“.

საწინააღმდეგოს აცხადებს ქედის რაიონის გამგებელი დავით გათენაძე: „მივიღეთ ინფორმაცია, რომ იყო რაღაც გაუგებრობა და შუაღამით ჩავედით. ადგილზე როცა მივედით, სიტუაცია განმუხტული დაგვხვდა, შეიარაღებული ძალებისა და თავად მინისტრის ჩარევით“.
 
უშუალოდ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით კი, რაიონის გამგებელი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „მინისტრიც ადამიანია და როცა ნახა ფორმიანი ხალხი რა დღეში იყო, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა“.

კახა სურგულაძე ინციდენტს არ უარყოფს, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს: „ამ საქმეზე კაცებთან დავილაპარაკებ, პრესასთან საუბარი არ მსურს. ჯანმრთელობაზე კარგად ვარ და სამსახურში ვარ”.

ინციდენტს უარყოფს აჭარის სამობილიზაციო შტაბის უფროსი ვახტანგ კახიძე. „ვინც იმღერა და მოიგონა ეგ ამბავი, ის ჩაწერეთ“, - განაცხადა სატელეფონო საუბარში.
23-ე ბატალიონის ყოფილმა რეზერვისტებმა 100 ლარი და ელექტროენერგიაზე შეღავათები მიიღეს. რაც შეეხება მე-17 ბატალიონს, რომელიც ამ ინციდენტის გამო დაიშალა, თანხა არავის მიუღია.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები