კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოს ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

31 ივლისი, 2006

ოს ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გორის რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 1 თებერვლის გორის ტერაქტის ორგანიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ზარ-ზეიმით გახსნილი საქმის დასრულებას ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილთა უვადო პატიმრობის მისჯა მოჰყვა. ოსების მხრიდან პატიების მოთხოვნის მიუხედავად, შიდა ქართლის პროკურატურამ მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მოითხოვა. სასამართლოს თავმჯდომარემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლომა და ბრალდებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2004 წლის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკმა, ანატოლი ივანეს ძე სისოევმა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. „თვითაღიარებული რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროში, შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტებისა და საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს საფარქვეშ ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა დროს შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი (ამჟამად დეპუტატი) დიმიტრი ტასოევი, ამავე სამმართველოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ანდრეი ზასეევი, გიგო ვალიშვილი, არტურ კოზაევი, გიორგი ზასეევი, ლექსო ცხოვრებოვი, ვასილ ქოქოევი, ვლადიმერ ფუხაევი, რომელთაც სხვადასხვა დროს ტაქტიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას უტარებდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები - ვინმე „ვლადიმეროვიჩი“, „რომა“, „საშა“ და „იგორი“.

საქართველოს მოქალაქემ, ქ. ცხინვალში, კიროვის #13-ში მცხოვრებმა გიგო ვალიშვილმა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელ ანდრეი ზასეევთან და ამავე ქვედანაყოფის წევრებთან - არტურ კოზაევთან, გიორგი ზასეევთან, ლექსო ცხოვრებოვთან, ვასილ ქოქოევთან, ვლადიმერ ფუხაევთან ერთად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, მათი ინსტრუქტორის, ვინმე „იგორის“ ხელმძღვანელობით, განიზრახეს ტერაქტის განხორციელება.

2004 წლის ნოემბერში ანდრეი ზასეევმა „იგორს“ შესთავაზა ტერორისტული აქტის განხორციელება შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან, რაზედაც მოსკოვიდან თანხმობისა და თანხის მიღების შემდეგ „იგორმა“ 1 100 აშშ დოლარი მანქანის საყიდლად გადასცა ვასილ ქოქოევს. ქოქოევმა 800 დოლარად 2004 წლის 12 დეკემბერს თბილისში, ბაზრობაზე ცხინვალის რაიონის სოფელ გუჯაბაურში მცხოვრებ იოსებ კოჩიევთან ერთად შეიძინა სოფელ ქანდაში მცხოვრებ იოსებ სოხაშვილის კუთვნილი, თეთრი ფერის „ვაზ – 21011” მარკის (სახ. #EEE 486) ავტომანქანა. ხსენებული ავტომანქანა იმავე დღეს ჩაიყვანეს ცხინვალში და ორი კვირის განმავლობაში დააყენეს მასივის რაიონში მდებარე ვლადიმერ ფუხაევის მეზობლის ავტოფარეხში, შემდეგ კი – გადაყვანილ იქნა „ტექსილის“ რაიონში მდებარე, არტურ კოზაევის ბიძის საცხოვრებელი სახლის ეზოში. მეორე დღიდან, „იგორის“ დავალებით გიგო ვალიშვილი და ქვედანაყოფის სხვა წევრები, კერძოდ, არტურ კოზაევი, ვალერი კოზაევი, გიორგი ზასეევი, ალექსანდრე ბეჟანოვი და ლექსო ცხოვრებოვი მორიგეობდნენ აღნიშნულ ბინაში. ანდრეი ზასეევთან ერთად, „იგორის“ დავალებით, დაიწყეს მანქანის სალონის დაშლა, რათა იქ ასაფეთქებელი ნივთიერება დაემონტაჟებინათ. „ბარდაჩოკში“ მოათავსეს 70 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი და „ჰექსოგენი“. ამასთანავე „ბარდაჩოკში“ მოათავსეს მათ მიერვე დამზადებული, სიგარეტის კოლოფში („იავაში“) ჩადებული, თვითნაკეთი, ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ცხინვალიდან 2005 წლის 1 თებერვალს გორისკენ ორი მანქანა წამოვიდა. იმ ავტომანქანაში სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩაწყობილი, ისხდნენ ანდრეი ზასეევი და ვალერი კოზაევი. მათ ავტომანქანა სამხარეო პოლიციის წინ დააყენეს. მეორე ავტომანქანა, რომელშიც გიგო ვალიშვილი და გიორგი ზასეევი ისხდნენ, ევდოშვილის ქუჩაზე მათ ელოდნენ. ანდრეი ზასეევი და ვალერი კოზაევი, ავტომანქანის დატოების შემდეგ, ევდოშვილის ქუჩაზე გავიდნენ, ჩასხდნენ მეორე ავტომანქანაში და გაეცალნენ იქაურობას.

ქართველ სამართალდამცავებს უჭირთ დანამდვილებით თქვან, აფეთქება დისტანციური მართვით იყო მოწყობილი თუ არა. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დაკითხეს, ამბობდა, რომ როდესაც მან ავტომანქანას გვერდით ჩაურა, მოესმა პატარა ხმაური. მას კარგად ახსოვს, რომ თითქოს მანქანაში რაღაც ჩაირთო. აღნიშნული ქალბატონმა ავტომანქანას უკანა სალონის მხრიდან ჩაურა. აფეთქების მიმართულება წინა სალონიდან შენობის მიმართულებით იყო. სწორედ ამიტომ გადარჩა საპასპორტო განყოფილებიდან შემთხვევით, შესვენების გამო ქუჩაში გამოსული ქალბატონი.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი. სხეულის დაზიანებები რამდენიმე მოქალაქემ მიიღო. ტერაქტის შესახებ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი გახდა ცხინვალში ჩასვლისას. იმავე დღეს, საღამოს 20 საათზე „ტექსტილის“ რაიონში მდებარე არტურ კოზაევის ბიძის საცხოვრებელ სახლში „იგორმა“ წარმატებით შესრულებული სამუშაოსათვის, ანდრეი ზასეევს გადასცა 1 000 აშშ დოლარი, რომელიც გაინაწილეს. მათვე, თებერვლის ბოლოს მოსკოვში წასული „იგორის“ დავალებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ვინმე „რომასგან“ მიიღეს დამატებით 700 აშშ დოლარი.

როგორც ირკვევა, ქართველმა სამართალდამცავებმა ტერაქტის დეტალები დაწვრილებით მას შემდეგ შეისწავლეს, როდესაც 2005 წლის 17 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ ავნევთან „სოდის“ და სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ვალიშვილი და თავისი მეგრობარი გიორგი ზასეევი დააკავეს. ვალიშვილს და ზასეევს ავნევთან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინეს.

ზემოდასახელებული ბანდის წევრებიდან მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული. როგორც ირკვევა, მათ დანაშაული აღიარეს და დეტალები მათ მიერ აღიარებული ჩვენებებიდან გახდა ცნობილი.

დაკავებულების ადვოკატი ბესო კაიშაური ამბობს, რომ სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯა დანაშაულია. სხდომაზე მაშინდელი უშიშროების თანამშრომელმა ჩვენება შეცვალა. მისი თავდაპირველი ჩვენებით, ზასეევი დაკავებული ჰყოლიათ თბილისში. სპეცოპერაცია, ოფიციალური ცნობით, ქარელის რაიონის სოფელ ავნევში ჩატარდა. სასამართლო გამოძიებისას უშიშროების თანამშრომელმა თქვა, რომ ზასეევი თბილისში არ დაუკავებიათ. ადვოკატი კაიშაური თვლის, უვადო პატიმრობის მისჯით, ჩადენილი იქნა უდიდესი დანაშაული და იმ ხალხს, ვინც ოსებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, აპოკალიფსი ელით.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები