კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმედი ხანგრძლივ ლოდინში ილევა

1 აგვისტო, 2006

გურულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმედი ხანგრძლივ ლოდინში ილევა

 

ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ამას წინათ გამოძახებაზე ექიმების დაგვიანების გამო, გურიაში საპატრულო პოლიციის ახალგაზრდა თანამშრომელიც გარდაცვლილა. 19 ივლისს ლანჩხუთში მომხდარ ავარიის დროს კი, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტიც შეესწრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ამ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 19 ივლისს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტი თავად შეესწრო. ლანჩხუთში მცხოვრები სულაბერიძეების კუთვნილი ლურჯი ფერის „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ურეკის რკინიგზის სადგურთან ხევში გადაიჩეხა. თვითმხილველთა თქმით, ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევები ურეკში ბევრია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ზღვის სანაპიროს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ძლიერად დაშავდა მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა. ასევე დაშავდნენ მანქანაში მსხდომი დედა-შვილი სულაბერიძეები. უბედური შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაშავებულის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და პატრულის გამოძახებას. „ურეკში მყოფი 022-ზე  ვრეკავ და ოზურგეთის საპატრულო პოლიცია მპასუხობს. გვეუბნებიან, ეგ ჩვენი ტერიტორია არ არის, ლანჩხუთს დაუკავშირდითო. ლანჩხუთთან დაკავშირება შეუძლებელია. კვლავ ოზურგეთს ვუკავშირდებით, სიტუაციას ვუხსნით, მაგრამ მაინც იგივეს იმორებს, ეგ ჩვენი ტერიტორია არ არის და ვერაფრით დაგეხმარებითო. 10 წუთია უშედეგოდ ვცდილობ დაზარალებულებისათვის დახმარების აღმოჩენას“,- გვითხრა პოლიციის თანამშრომლემა და ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა ამ საუბარს ჩვენთან ერთად სხვა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ამის შემდეგ საპატრულო პოლიციისთვის შემთხვევის შესახებ შეტყობინებას თავად ვცდილობთ, თუმცა მანამ, სანამ ოზურგეთის საპატრულო პოლიციის მორიგეს არ „განვუმარტეთ“, რომ ჟურნალისტები ვურეკავდით და ურეკში საპატრულო პოლიციის გამოძახება გვსურდა, ყურადღება არავინ მოგვაქცია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ადგილზე მოსული პატრულიც კი ამაოდ ცდილობდა. საბოლოოდ, ლანჩხუთის „03“-ის მორიგემ ბრიგადის გამოსვლა მას შემდეგ დაგვიდასტურა, რაც ჩვენი ერთ-ერთი თანმხლები ჯანდაცვის სამინისტროში მაღალჩინოსან მეგობარს დაუკავშირდა. ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე უკანასკნელი გამოძახებიდან 43 წუთში მოვიდა.

ურეკის მოსახლეობის თქმით, დაბა უპატრონოდაა მიგდებული და აუცილებლობას წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადის არსებობა მაინც. „ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე რამდენჯერმე დავაყენეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ლანჩხუთის სასწრაფოს როცა ვურეკავთ, გვეუბნებიან, თქვენ ოზურგეთს ექვემდებარებით და მათ სასწრაფოს გამოუძახეთო. ოზურგეთი კი გამოდის გამოძახებაზე, მაგრამ ცუდი გზებია და დიდხანს უნდება. ამ ხნის განმავლობაში კი ავადმყოფი კვდება. ყველაზე ახლოს ფოთია, მაგრამ ფოთის სასწრაფოს ექიმები ჩვენს დახმარებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. ვართ ასე ღვთის ანაბარა“,- განაცხადა ურეკში მცხოვრებმა ირმა დიდებულიძემ.

ჩვენთან საუბარში პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისიც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ მათი ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია, თუმცა ჯერ-ჯერობით შედეგი არ ჩანს. „მცირე ხნის წინ ამის გამო პატრულის ახალგაზრდა თანამშრომელიც დაგვეღუპა. ორი დღის უკან კი ზღვაზე ახალგაზრდა ბიჭი იხრჩობოდა, რომელსაც ნაპირზე გამოყვანის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, რაზედაც ფოთელმა ექიმებმა უარი გვითხრეს და სანამ ექიმს იარაღი არ დავადე, მანამდე ხელი არ გაატოკა. რომ მოკვდეს, პასუხს ჩვენ გვაგებინებენ და რაც არ გვეკუთვნის, თავი რატომ ავიტკიოთო - წარმოგიდგენიათ?“- აღელვებას ვერ მალავდა პატრულის თანამშრომელი.

მოსახლეობა შველას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და განუკითხაობის შედეგად გარდაცვლილს, თბილისი - ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დაასვენებენ.

გელა მთივლიშვილი ურეკიდან

ახალი ამბები