კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ იქცა საქართველოში სიღარიბე პრივილეგიად და ვის დაეხმარება სახელმწიფო?

2 აგვისტო, 2006

რატომ იქცა საქართველოში სიღარიბე პრივილეგიად და ვის დაეხმარება სახელმწიფო?

 

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ხელისუფლება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე ხმამაღლა საუბრობს. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამაც ამუშავდა. ხელისუფლება აღნიშნულ პროგრამას უმაღლეს შეფასებას აძლევს და მას საკუთარ წარმატებად მიიჩნევს, ბევრი გაჭირვებული კი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ ეს ე.წ. “წარმატებული” პროგრამა “ღარიბებზე მეტად შეძლებულებს ეხმარება.”
  
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ოთარ სესიკაშვილი აცხადებს, რომ “სიღარიბის დაძლევის პროგრამა გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთადერთი ნათელი წერტილია.” სესიკაშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
 
“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი და მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება. განაცხადის საფუძველზე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მიდის სააგენტოს სპაციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – სოციალური აგენტი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას და ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ავსებს სპეციალურ დოკუმენტს – ოჯახის დეკლარაციას, სადაც დეკლარირებულია ინფორმაცია ქონების, შემოსავლების, ხარჯების, საცხოვრებელი პირობებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ მონაცემებს ოჯახის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს...” – აცხადებს ოთარ სესიკაშვილი.

სოციალური დახმარების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში აცხადებენ, რომ დეკლარაცია ცენტრალური ოფისში იგზავნება, სადაც ე.წ. “სიღატაკის ფორმულის” გამოყენებით ხდება ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლა.
 
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 აპრილის #117 განკარგულებით სიღატაკის მიღმა მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამისათვის “სიღატაკის ზღვრული ქულა” განისაზღვრა 40 001-ით.
 
ო. სესიკაშვილის განცხადებით, სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი “მხოლოდ შეუალედური რგოლია და სარეიტინგო ქულის გამოთვლა რეგიონების კომპეტენციაში არ შედის. მისივე ინფორმაციით, ფულადი დახმარებები სექტემბრიდან გაიცემა, მანამდე კი მოსალოდნელია სარეიტინგო ქულის მნიშვნელოვნად გაზრდა.
 
“ამ ეტაპზე თანხების გაცემა არ მიმდინარეობს, რადგან სახელმწიფო სარეიტინგო ქულის მომატებას აპირებს. შესაბამისად, დახმარებების მიღება უფრო მეტ ოჯახს შეეძლება...” – აცხადებს ო. სესიკაშვილი.

ო. სესიკაშვილის განცხადებით, ფულადი დახმარებების გაცემამდე მოსახლეობა სამედიცინო პოლისებს და ელექტროენერგიის ვაუჩერებს მიიღებს.
 
ერთი შეხედვით, ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და დეკლარაციაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერაა ხელმოწერილი, თუმცა უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

ოჯახის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობაში ეჭვებს იწვევს

ოჯახის დეკლარაცია ის დოკუმენტია, რომელსაც სოციალური აგენტი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ავსებს და რომლის მიხედვითაც, შემდგომში ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხდება. აღნიშნული დოკუმენტის A, B, C, D და E  პუნქტებში დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი დეკლარაციას ხელს აწერს, რითაც მონაცემთა სისწორეს ადასტურებს. მიუხედავად ასეთი გამჭვირვალობისა, დეკლარაციაში ეჭვს F პუნქტი იწვევს, რომელსაც მხოლოდ სოციალური აგენტი ავსებს და მას ოჯახის წარმომადგენელს არ უთანხმებს.
 
F პუნქტი დეკლარაციის ის ნაწილია, რომელიც სოციალურმა აგენტმა მხოლოდ საკუთარი ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე უნდა შეავსოს. აღნიშნულ პუნქტში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აგენტის “დეტექტიურ” უნარ-ჩვევებს ენიჭება. მის დაკვირვებულ თვალს არ უნდა გამოეპაროს ოჯახში ფარდების მდგომარეობა (თუ ფარდები საერთოდ არსებობს) და ისიც აუცილებლად უნდა დააფიქსიროს, ფარდები ძველმოდურია თუ თანამედროვე, კარგად შენახულია თუ დაზიანებული. სოციალურმა აგენტმა ოჯახში არსებული ავეჯის მდგომარეობა ისე უნდა შეისწავლოს, რომ ოჯახის წარმომადგენელს არაფერი ჰკითხოს. მან სწორედ დეკლარეციის F პუნქტში უნდა მიუთითოს ოჯახში არსებული ავეჯი თვითნაკეთია თუ კუსტარული, ძველია თუ თანამედროვე, კარგად შენახულია თუ დაზიანებული და ა.შ. დაკვირვებულ სოცაგენტს აბაზანაში და საპირფარეშოში შეხედვაც არ უნდა დაავიწყდეს და აუცილებლად უნდა დააფიქსიროს არის თუა არა იქ საპონი, შამპუნი ან კბილის პასტა. ოჯახის ზოგადი მდგომარეობაც მისივე შესაფასებელია. სწორედ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ოჯახს “უკიდურესად ღატაკად” შეაფასებს, “ღატაკად”, “ღარიბად” თუ “საშუალოდ.”
 
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის დეკლარაციაში F პუნქტის არსებობის შესახებ. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, რომ სოციალური აგენტის შეფასება მათი ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლისას საკმაოდ მნიშვნელოვანია. იმ “იღბლიანებს”, რომელთაც სოცაგენტი “უკიდურესად ღატაკად” ჩათვლის, ფულადი დახმარების მიღების მეტი შანსი აქვთ, უბრალოდ “ღატაკები” კი ხშირ შემთხვევაში 40 ათას ქულაზე ბევრად მეტს იღებენ.
 
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსს, ოთარ სესიკაშვილს სოციალური აგენტების პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება და აცხადებს, რომ “მათი შეფასებები არაობიექტური ვერ იქნება.”
“სოციალური აგენტების პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მათგანი ოჯახის დეკლარაციას შეცდომით ავსებს. მათ გავლილი აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსები. თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდება, ჩვენ სათანადო ზომებს აუცილებლად მივიღებთ...” – აცხადებს ო. სესიკაშვილი.
 
სესიკაშვილის ასეთი განცხადების მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებას სწორედ სოციალური აგენტების არაობიექტურობა იწვევს. ისინი სოცაგენტების მიმართ პრეტენზიებს ხმამაღლა გამოხატავენ.

რატომ ემდურებიან სოციალურ აგენტებს?

თელაველი ვენერა მინდელი აცხადებს, რომ ოჯახის დეკლარაციაზე ხელი ისე მოაწერა, რომ საკუთარი პასუხები არ გადაიკითხა. ის თვლის, რომ “შეცდომა დაუშვა”, რადგან სოციალურ აგენტს “ზედმეტად ენდო.” ვენერა მინდელის განცხადებით, სწორედ ამიტომ მიიღო მისმა ოჯახმა 71470 ქულა და უკიდურესად ღატაკთა სიაში ვერ მოხვდა.
 
“სოციალური აგენტი მისვამდა შეკითხვებს და მეც ვპასუხობდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დეკლარაციაში სხვა მონაცემებს შეიტანდა. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მას ზედმეტად ვენდე...“ – აცხადებს ვ. მინდელი.
 
მისივე განცხადებით, სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი ვაჟი, ლევან მინდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაქირავებულ მუშად მუშაობს. მინდელი აცხადებს, რომ მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ფიზიკურად დატვირთვა კატეგორიულად ეკრძალება. მინდელს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელზე აღმოაჩნდა.
 
ვენერა მინდელი სოცაგენტის მიერ ოჯახის საცხოვრებელი სახლის შეფასებასაც არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. „კედლები ინგრევა, იატაკი თითქმის ყველა ოთახში ჩამტვრეულია, ყველა ოთახში წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ეს სახლი რესტავრაციას აღარ ექვემდებარება. სოცაგენტმა ჩაწერა, რომ სახლი ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა შეეძლო ჩაეწერა, რომ სახლი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მას ჩემი ოჯახის მდგომარეობა რატომღაც არც ისე საგანგაშოდ მოეჩვენა...“ – აცხადებს ვ. მინდელი.
 
ვენერა მინდელიც და ბევრი სხვა თელაველიც ირწმუნება, რომ ბევრმა მისმა ნაცნობმა, რომელთაც შეძლებული ოჯახები აქვთ, 40 ათას ქულაზე ნაკლები მიიღეს. მათი ვინაობის დასახელებისაგან კი ყველა მათგანი თავს იკავებს.
 
51 წლის თამაზ მეფარიშვილი თელავის რაიონის სოფ. ნაფარეულში ცხოვრობს. ის მარტოხელაა და აცხადებს, რომ უკვე ერთი წელია, რაც ელექტროენერგია არ აქვს. მეფარიშვილი უმუშევარია. მისი საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, კედლები ამორტიზირებულია და ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩამოდის. მას არც შინაური პირუტყვი და ფრინველი ჰყავს, არც შემოსავალი აქვს და სავარაუდოდ ცოტა ხანში სახლიც დაენგრევა, სოციალურმა აგენტმა კი ის რატომღაც უკიდურესად ღატაკად არ ჩათვალა. მეფარიშვილის ოჯახმა 50500 ქულა მიიღო. ამდენად ის დახმარების მისაღებად არასაკმარისად ღატაკი აღმოჩნდა. მან სოციალური დახმარების სააგენტოში იმ ოჯახების სია მოითხოვა, რომელთაც 40 000 ქულაზე ნაკლები მიენიჭათ, თუმცა სააგენტოდან ის უარით გამოისტუმრეს. მეფარიშვილი აცხადებს, რომ მას სამედიცინო პოლისი და ელექტოენერგიის ვაუჩერი გადასცეს.
 
“მოვითხოვე იმ ოჯახების სია, რომლების სიღატაკის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს სია რატომღაც გასაიდუმლოებულია და არ მომცეს... სამედიცინო პოლისების და ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემით ხელისუფლებამ საკუთარი ცოდვების კომპენსირება მოახდინა... დენის ვაუჩერი საერთოდ არ მჭირდება, რადგან უკვე ერთ წელზე მეტია, რაც დენი არ მაქვს...” – აცხადებს თ. მეფარიშვილი.
 
ნახევრად სარდაფში მცხოვრები გულნაზ ტერტერაშვილის ოჯახმა 46820 ქულა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში თითქმის არაფერი აქვს და ხუთი სული ნესტიან სარდაფში თითქმის მიწაზე ცხოვრობს, არც ტერტერაშვილები მიიჩნიეს უკიდურესად ღატაკებად. გულნაზ ტერტერაშვილი ირწმუნება, რომ სოცაგენტის მიერ დაშვებული შეცდომების გამო მისი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა.
  
უძველეს, დანგრევის პირას მისულ სახლში ცხოვრობენ თელაველი პეწიკიანებიც. მათმა ოჯახმა 70790 ქულა მიიღო. პრეტენზიებს ისინიც სოციალური აგენტის მიმართ გამოთქვამენ.

“გასაიდუმლოებული სია”

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის თელავის რაიონის მოსახლეობიდან განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით 6785 ოჯახმა შეიტანა. მათგან 4243 ოჯახის 8414 წევრმა სამედიცინო დახმარების ბარათი მიიღო. (ეს ის ოჯახების, რომელთაც 10 ათას ქულაზე ნაკლები მიიღეს).
 
სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი წერილობით დოკუმენტში მიუთითებს, რომ მათთან ბოლო მონაცემებით 150-მდე საჩივარია შესული. სააგენტოს ხელმძღვანელობა არც საჩივრების ავტორთა ვინაობას მალავს (წერილობით დოკუმენტს თან იმ ადამიანთა სიაც ერთვის, რომელთაც სააგენტოს საჩივრებით მიმართეს), თუმცა იმავე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა მოქალაქეთა საჩივრებს.
 
მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა” სააგენტოსაგან ვერ მიიღო ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც სოციალური დახმარების პროგრამაში 40 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები მიიღს. ჩვენი განცხადების პასუხად აღნიშნული სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი იტყობინება, რომ „პროგრამის ელექტრონული ვერსიის საშუალებით სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრს ასეთი ინფორმაციის დამუშავებისა და გადმოცემის საშუალება არ გააჩნია...”
სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სააგენტოს ცენტრალურ ოფისს გააჩნია.
 
ოთარ სესიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 აპრილის #177 განკარგულება, რომლის მიხედვითაც, “სიღატაკის ზღვრული ქულა განისაზღვრა 40 001-ით, მიმდინარე წლის 31 მაისის #104 დადგენილებით გაუქმდა და მოსალოდნელია სარეიტინგო ქულის გაზრდა.
 
“იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელია “სიღატაკის ზღვრული ქულის” გაზრდა, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები სააგენტოს ცენტრალურმა ოფისმა უკან გამოითხოვა და ჩვენც გადავეცით. ამიტომაც თქვენს მიერ მოთხოვნილი სიის გადმოცემა არ შეგვიძლია...” – აცხადებს ო. სესიკაშვილი.
 
რაც შეეხება მოქალაქეთა უკმაყოფილებას, ოთარ სესიკაშვილი აცხადებს, რომ მათი პრეტენზიები ბუნებრივია. “ქვეყანაში ძალიან ბევრს უჭირს, თუმცა დახმარებას ყველა ვერ მიიღებს. სახელმწიფო ყველაზე მეტად გაჭირვებულებს დაეხმარება, ისინი კი, ვინც დახმარებას ვერ მიიღებენ, ბუნებრივია, რომ უკმაყოფილოები დარჩებიან...”


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები