კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემოდგომაზე პარლამენტი ექსტრემიზმის კანონპროექტის მიღებას გეგმავს

3 აგვისტო, 2006

შემოდგომაზე პარლამენტი ექსტრემიზმის კანონპროექტის მიღებას გეგმავს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სექტემბრისთვის პოლიტიკურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით სს კოდექსში ცვლიებების შეტანას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებს, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს. საპარლამენტო უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების  გასამართლებლად დასავლეთის მაგალითი მოჰყავს. ექსპერტები კი შიშობენ, რომ მსგავსი კანონი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მზადდება.

კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, დასჯადი გახდება ხელისუფლების ქმედების წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკული აზრი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად შეფასდება.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი ნიკა გვარამია ამბობს, რომ აღნიშნული კანონი შეიძლება შეეხოს ყველა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ლეგიტიმური პროცესების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, მსგავსი კანონმდებლობა ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანას გააჩნია და შესაძლებელია, ეს მაგალითი საქართველომაც გაიზიაროს.

აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიცია, არაამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ მას სიტყვის და თავისუფალი აზრის გამოთქმის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. იურისტ დავით უსუფაშვილს არ ესმის ვის წინაღმდეგ სჭირდება ხელისუფლებას ექსტრემიზმის კანონი: „როცა ეს ხალხი რაღაც ინიციატივებს აყენებს, იქნებ გაგვარკვიონ, კანონს კონკრეტულად რა სიტუაციაში გამოიყენებენ? არ მესმის, რა უშლით მათ ხელთ დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში და რატომ გახდა აუცილებელის ექსტრემიზმის კანონის მიღება. ვფიქრობ, რომ ეს კანონი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი გახდება და ხელისუფლებას საწინააღმდეგო აზრის დევნის ახალი იარაღი გაუჩნდება. შეიძლება, ეს კანონი  პოლიტიკურ პარტიების თავისუფლებას შეეხოს, შეიძლება - მედიას. შეზღუდვა რომ უნდათ, ფაქტია.“

როგორც საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი კანონები დასავლეთის წამყვან ქვეყნებში არსებობს. მათი თქმით, ასეთი ქვეყნებია: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და რუსეთი. ექსპერტთა პოზიციით, დასავლეთის ქვეყნებს ამ საკითხისადმი  განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნით, საქართველო კი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მიბაძვას აპირებს. „ჩვენი მთავრობა აპირებს, იგივე კანონი გადმოიწეროს, რაც პუტინმა  რამდენიმე დღის წინ მიიღო და ექსტრემიზმს ეხება“, - ფიქრობს დავით უსუფაშვილი.  

პარლამენტის ინიციატივას არასამთავრობოებიც აკრიტიკებენ. როგორც ორგანიაზია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, მსგავსი ინიციატივებით ჩვენი მთავრობა საბჭოთა პერიოდს ემსგავსება: „დღევანდელი მთავრობის მართვის მეთოდები ძალიან ჰგავს საბჭოთა პერიოდის მმართველობის მეთოდებს. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ მათ საბჭოური კანონმდებლობის აღდგენის სურვილი აქვთ. მიმდინარეობს საზოგადოებაში შიშის დანერგვა და იმ აზრის გატარება, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია, განსხვავებული აზრის გამოხატვა სამშობლოს ღალატად ითვლება. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, იგივეა, რაც ერის ფსიქოლოგიური ტერორი.“

მართალია, კანონპროექტი ჯერჯერობით მზად არ არის, თუმცა, არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ კარგად იცის, მისი მთავარი მოტივი რა იქნება. „კანონპროექტის ძირითადი მოტივი დაახლოებით ის იქნება, რაც კომუნისტური რეჟიმის დროს სს კოდექსის 71-ე მუხლი, რომლითაც მეც გამასამართლეს და ბევრი ჩემნაირიც. ანუ ეს იყო მუხლი ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ანუ, ადამიანმა ხელისუფლების შეურაცხმყოფელი ანეგდოტი რომ მოყვეს, შესაძლოა, ციხეში გაუშვან. ამ კანონს გამოიყენებენ არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ, არამედ მედიისა და საერთოდ, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების საწინააღმდეგოდ“, - ამბობს ნიკოლეიშვილი. 

ეკა გულუა

ახალი ამბები