კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ნაციონალები სტუდენტებს ვერ იყოფენ

3 აგვისტო, 2006

გორელი ნაციონალები სტუდენტებს ვერ იყოფენ

                   

ქალაქის გამგეობას სიების გაყალბებაში ადანაშაულებენ

სტუდენტური მოძრაობის ქვეშ გაერთიანებული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს კვლავ უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად გახდა ის გარემოება, რომ თითოეულმა უწყებამ სტუდენტთა დასაქმების სია ცალ-ცალკე შეადგინა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით კი, აღნიშნული სიები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

სტუდენტთა დასაქმების სიების შედგენა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით და ინიციატივით შეიქმნა. თავდაპირველად ექსპერიმენტი დედაქალაქის მთავრობამ ჩაატარა. ამ აქციის ძირითადი მიზანი ისაა, რომ ზაფხულის პერიოდში სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა დასაქმდეს და საკმაოდ მისაღები ხელფასიც მიიღოს. ამ სტუდენტების დასაქმების ძირითადი სფერო იქნება დასუფთავება, ღებვა, სკოლების რემონტი და ა.შ. მძიმე სამუშაოებს ისინი არ შეასრულებენ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამგვარი ტიპის აქცია უკვე დაიწყო. რამდენიმე ხნის წინ შედგა კიდეც შესაბამისი სიები, სადაც ის სტუდენტები შეიყვანეს, რომლებიც სურვილს „გამოთქვამდნენ“ ,,ნაციონალურ დასაქმებაში” მონაწილეობის მიღებაზე და აკმაყოფილებდნენ კიდეც შესაბამის მოთხოვნილებებს. ჩვენი ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ თავდაპირველ სიებში ის ახალგაზრდები შეიყვანეს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ სტუდენტები. მთლიანობაში სიაში 1 500 – ზე მეტი სტუდენტი გააწევრიანეს.

ჩვენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ კლარა ელჩიბეგაშვილს დავუკავშირდით. მისი განცხადებით, მართლაც იმ სიებში, რომელიც მას კაბინეტში შეუტანეს, ბევრი არარსებული სტუდენტი იყო ჩაწერილი.

კლარა ელჩიბეგაშვილი: ,,აღნიშნული პრობლემა მართლაც იყო. ქალაქის გამგეობამ და მისმა ხელმძღვანელმა ზვიად ხმალაძემ გადმოგვიგზავნეს სიები და გვთხოვეს, რომ გადაგვემოწმებინა, რეალურად მართლაც იყვნენ თუ არა სიებში შეყვანილი ახალგაზრდები ჩვენი სასწავლებლის სტუდენტები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სააკრედიტაციო საბჭო აკრედიტაციის მოპოვების მზადების პერიოდში დეტალურად სწავლობდა ყველა მონაცემს. ყველა ინფორმაცია ჩვენთან დაზუსტებულია. აღმოჩნდა, რომ მოწოდებულ სიებში ბევრი არარსებული სტუდენტი იყო შეყვანილი. უკვე გადამოწმებული სიები დაუბრუნა ჩვენმა წარმომადგენელმა ქალაქის ხელმძღვანელობას.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქის გამგებელი ზვიად ხმალაძე კომენტარს აკეთებს. ზვიად ხმალაძე: ,,როდესაც გამოაცხადეს, რომ უნდა მომხდარიყო სტუდენტების დასაქმება, ჩვენთან დაახლოებით 1 200 სტუდენტი მოვიდა. მოიტანეს შესაბამისი დოკუმენტები და გავატარეთ რეგისტრაციაში. შემდეგ აღნიშნული მასალები გადავაგზავნეთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა გადაგვემოწმებინა თითოეული მათგანი. აღმოჩნდა, რომ 37 სტუდენტი გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან. მხოლოდ ეს პატარა გაუგებრობა იყო, რომელიც ჩვენს მიერ აღმოფხვრილ იქნა"

ზვიად ხმალაძე სულ ერთი თვის წინ დაინიშნა ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელად. მანამდე იგი გუბერნატორ მიხეილ ქარელის მოადგილე იყო. გავრცელებული ცნობით, ზვიად ხმალაძის გადაყვანა ქალაქის თვითმმართველობაში სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ მიხეილ ქარელს გორის თვითმმართველობაში ერთგული ხალხი ჰყოლოდა. ხმალაძის წინამორბედი კოტე თავზარაშვილი საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით გავიდა. ამჯერად, ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობაში ოპოზიცია აღარ ჰყავს.

გორის „ახლების” ლიდერი მამუკა ფანიაშვილი სტუდენტების დასაქმების საკითხზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ფლობს. ფანიაშვილის თქმით, სტუდენტური დასაქმების პროგრამაში ის სტუდენტები არ შეიყვანეს, ვინც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულები არ არიან.

მამუკა ფანიაშვილი: „პროექტი ფინანსდება ბიუჯეტიდან და პრეზიდენტის ფონდიდან. დატვირთვა ის არის, რომ ახალგაზრდობის და სტუდენტების უმეტესობა გადაიბირონ. მთლიანობაში იდეა კარგია, რადგან თავიდან გაცხადდა, რომ ძირითადად ის სტუდენტები უნდა დასაქმებულიყვნენ, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ და გაჭირვებული ოჯახებიდან არიან. საბოლოოდ, რეალობა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სულ სხვაა. იმ სტუდენტებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ და არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ემხრობიან, უთხრეს, რომ მათთვის ადგილი აღარ იყო. გორის უნივერსიტეტში დაახლოებით 2 500 სტუდენტზე მეტი სწავლობს. ადრე 4 000 სტუდენტი იყო, მაგრამ რეფორმის შედეგად, ბევრი გაირიცხა. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ქრთამს იღებენ. საქმე იმაშია, რომ ეს სიები ქალაქის გამგეობაში დგინდება. პირდაპირ ეუბნებიან კომისიის წევრები სახელმწიფო სამსახურში მომუშავე პერსონალს, რომ თუ სურთ მათი სტუდენტი შვილები დაასაქმონ, ხელფასიდან 30 – 50 ლარი დაექვითებათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუკი დედაქალაქში დასაქმებულ სტუდენტებს ხელფასი 300 ლარი აქვთ, გორელ სტუდენტებს 200 ლარს მისცემენ. ის 100 ლარი სად მიდის?”

როგორც გაირკვა, პატრიოტთა ბანაკებში მოსწავლეების სიების შედგენაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ზრუნავს. გორელი ოპოზიციონერების აზრით, პარტიაში მისულ მოსწავლე-ახალგაზრდობას ფსიქოლოგიურად ამუშავებენ. „ეს ყველაფერი ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია“, – დასძენს გორელი მემარჯვენე.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები