კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა პროკურატურის შენობა გაყიდა

3 აგვისტო, 2006

ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა პროკურატურის შენობა გაყიდა

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის #1/552 ბრძანების საფუძველზე,  საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესული ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში მდებარე რაიონის პროკურატურის შენობის დემონტაჟი, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებლყოფით, აუქციონის გამოცხადებამდე დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ობიექტის საბალანსო ღირებულება 9000 ლარს შეადგენდა. I სართული კულტურის განყოფილებას, II სართული კი პროკურატურას ეკუთვნოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლაგოდეხის რაიონის ხელმძღვანელობამ და პარლამენტის წევრმა გურამ კაკალაშვილმა მის ადგილას სპორტული დარბაზის აშენება განიზრახეს და შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის პროცესიც ელვის სისწრაფით განახორციელეს. ამასთან ერთად, საქართველოს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ლაგოდეხის სამმართველოს დემონტაჟის წესით, შენობის პრივატიზება დაევალა და აუქციონის გამოცხადებამდე, ობიექტის მფლობელად ხელისუფლებისთვის სასურველი პიროვნება, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში მცხოვრები ომარ რეხვიაშვილი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან ლაგოდეხის რაიონის გამგეობაში თავს იკავებენ.

„ეს შენობა ჩემმა ძმამ იყიდა, მე მხოლოდ ვანგრევ, მეტი არაფერი ვიცი. მერე რა, რომ აუქციონი არ ჩატარებულა და შენობის დემონტაჟი უკვე დავიწყეთ. ეგ იმათ ჰკითხეთ, მიდით და იქ დააზუსტეთ, მე რა კომენტარი გავაკეთო?“ - აცხადებს ომარ რეხვიაშვილის ძმა ნოდარ რეხვიაშვილი, რომელიც ორ კვირაზე მეტია, შენობის დემონტაჟს თავად ახორციელებს.

შენობის დემონტაჟი რომ კანონდარღვევით მიმდინარეობს, ამას საქართველოს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ლაგოდეხის სამმართველოს უფროსი ჯონდო კობერიძეც ადასტურებს. „ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საპრივატიზაციო ნუსხაში ლაგოდეხის პროკურატურის შენობა 2006 წლის ივნისში შევიდა. სამინისტრომ ჩვენ მხოლოდ ბრძანება გამოგვიგზავნა და დაგვევალა მისი პრივატიზება დემონტაჟის წესით. ეს ადგილი დიდი სპორტდარბაზის ასაშენებლად სჭირდებოდათ. როგორც ვიცი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ნამგალაურმა რაიონის ხელმძღვანელობას უთხრა, თუ პირველ აგვისტომდე ადგილს გაგვითავისუფლებთ, მშენებლობას დავიწყებთ, თუ არა და, სხვა რაიონში წავალთ და იქ გავაკეთებთ, რადგან ვადებში ვეღარ ვეტევით, მშენებლებს ხელი ეშლებათო. შენობა 3000 ლარად ადგილობრივმა არქიტექტორებმა შეაფასეს. ...მართალია, ჯერ აუქციონი არ გამოცხადებულა, მაგრამ შენობის დაშლა უკვე დაწყებულია, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შედის და პასუხსაც ვერ გაგცემთ. ვისი ზეპირი დავალებით მიმდინარეობს ობიექტის დანგრევა, არ ვიცი. მსგავსი შეთანხმება ჩვენთან არ  მომხდარა. შენობის ამ გზით დემონტაჟი უკანონოა, მაგრამ არაფერი შეგვიძლია“, - აღნიშნავს ჯონდო კობერიძე და იქვე დასძენს, რომ „მართალია ჯერ აუქციონი არ ჩატარებულა, მაგრამ გავიკითხეთ, და სხვა მსურველი მაინც არავინ აღმოჩნდაო“.

ჩვენი ინფორმაციით, ომარ რეხვიაშვილმა, რომელმაც შენობის დანგრევაზე ნებართვა ჯერ კიდევ აუქციონის დანიშვნამდე, რაიონის გამგებლის თამაზ გოძიაშვილისგან მიიღო, 3000 ლარი შესაბამის სტრუქტურაში უკვე გადაიხადა და როგორც ამბობენ, მეორადი სამშენებლო მასალის რეალიზაციით გაცილებით მეტი თანხაც მოიგო.

ამ საკითხზე, ადამიანის უფლებათა ცენტრთან ლაგოდეხის რაიონის გამგებელი თამაზ გოძიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ოფიციალური კომენტარისაგან მისი პირველი მოადგილე გიორგი ღვინიაშვილიც თავს იკავებს, თუმცა არაოფიციალურ საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეს საკითხი სააშკარაოზე გამოვიტანეთ, „დავით ნამგალაურს გული დაწყდება და სპორტდარბაზს ლაგოდეხში აღარ ააშენებენ“. ჩვენს შეკითხვას, კი ხვალ რომ აუქციონი დაინიშნოს და გაცილებით მეტი თანხის გადახდის მსურველი აღმოჩნდეს, რა მოხდება, შემდეგნაირად პასუხობს: „შენობა თითქმის უკვე მთლიანად დანგრეულია და ვიღას რაღაში სჭირდება, მეორეც – აუქციონში მიღების მსურველი მაინც არავინ იქნებოდაო“(?!).

ლაგოდეხის რაიონის მთავარმა არქიტექტორმა ციალა ალადაშვილმა განგვიცხადა, ადგილობრივი სამსახურების მიერ რაიონის პროკურატურის შენობა 3000 ლარის ნაცვლად, 5500 ლარად შეფასდა. „დღეის მდგომარეობით, შენობის საბალანსო ღირებულება 9000 ლარს შეადგენდა. შენობის დათვალიერება თამაზ გოძიაშვილმა დამავალა. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შენობის 45% ამორტიზირებული იყო. აქედან გამოდინარე, თანხა 5500 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ რაიონის გამგებელს მოხსენებითი ბარათით ვაცნობე. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, ობიექტის საპრივატიზაციო ფასი 5500 ლარია და ისე, ვინ რა გააკეთა, არ ვიცი. ჩემთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა არავის დაუვალებია, არადა მისი შედგენა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ობიექტის პრივატიზებისას“, - აცხადებს რაიონის მთავარი არქიტექტორი ციალა ალადაშვილი. მისივე თქმით, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემისათვის ასევე აუცილებელი იყო საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა, რადგან შენობა სწორედ პროკურატურის ბალანსზე ირიცხებოდა.

ეს ფაქტი იმითაც საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ აღნიშნული შენობის ფასადის შეღებვისათვის რაიონის ბიუჯეტიდან 12000 ლარი გახარჯულა, ერთი წლის შემდეგ კი 5500 ლარად შეფასებული შენობა 3000 ლარად კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით გაყიდეს.
ვიმედოვნებთ, მომხდარით შესაბამისი ორგანოები აუცილებლად დაინტერესდებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები