კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

150 ოჯახი სასმელი წყლის და გზის გარეშე

4 აგვისტო, 2006

150 ოჯახი სასმელი წყლის და გზის გარეშე

ბათუმიდან 8 კმ-ით დაშორებულ სოფლებში - ფერიასა და ახალშენში მცხოვრებმა 150 ოჯახმა წყლისა და გზის პრობლემებთან დაკავშირებით რაიონის გამგეობასა და ლევან ვარშალომიძეს მიმართა. შედეგად მხოლოდ რაიონიდან შესამოწმებლად მისული სპეციალისტების დაპირებები მიიღეს.

„დიდი ბაკები გვიდგას და წვიმის წყალს ვაგროვებთ. კიდევ  გრუნტის წყალი მოდის, სასმელად ამას ვიყენებთ. 100 კომლიდან 10-ს თუ აქვს ეს გრუნტი და სასმელად წყალს მათგან იღებენ. რას იზამ ცოტაა, მაგრამ მეზობელს როგორ არ მისცემ. როგორც კი დაცხება, ეს წვეთებიც მაშინვე შრება“, - აღნიშნა ახალშენის მკვიდრმა გულიკო ტარიელაძემ.

მოსახლეობის თქმით, მათგან დაახლოებით 7 კმ-ში, სოფელ ახალშენში წყლის საკმაო რესურსია, სადაც მოსახლეობას კერძო ჰესი აქვს გაკეთებული. „ჯერ კიდევ 80-იან წლებში შევაგროვეთ თანხა. წყლის გამოყვანას ხევრუშიდან (სოფელ ახალშენის ტერიტორია) ვაპირებდით. იქ მარაგი საკმაოზე მეტია, მაშინ 400 კომლს უნდა მომსახურებოდა, მაგრამ რატომღაც აღარ მოხერხდა“, - იხსენებს ალექსანდრე მაკარაძე.

მოსახლეობა დახმარებას მთავრობას სთხოვს: „სოფელში არ გვაქვს საშუალება, ამიტომ საჭირო მასალის შესაძენად ფინანსური დახმარება გვჭირდება. ფიზიკურად ჩვენ თვითონ ვიმუშავებთ“, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, გურამ წითელაძე.

მეორე პრობლემა - გზის პრობლემაა. „მოასფალტებულს არ ვითხოვთ, მაგრამ არც ეგ გვაწყენდა“, - ამბობენ ხუმრობით, მოთხოვნა კი ასეთი აქვთ: „პატარა სიკეთე გამოიჩინონ და საქმე გაკეთდება“.

„მიუვალი სოფელი ეს არ არის, გზა კი ისეთია, რომ მარშუტკის მძღოლები გაიქცნენ. მანქანა უფუჭდებათ, ისინიც ცოდონი არიან. გზა რომ გვექნება, მძღოლებს ხვეწნა აღარ დასჭირდებათ“, - აცხადებს ბულბული დუმბაძე.

მოსახლეობამ, ტრანსპორტით რომ ისარგებლოს, ფეხით 4 კმ. უნდა გაიაროს: „სოფელია, ბაზარში ჩასვლა გჭირდება. ძალიან ბევრჯერ ორმოები ჩვენი სახსრებით ამოვავსეთ, მაგრამ ეს რას შველის“.

ხელვაჩაურის რაიონის გამგეობიდან, ადგილზე სიტუაციის შესასწავლად, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - მურმან ოთიაშვილი ორი თვის წინ იყო მისული. „გზის პრობლემა ადვილად მოსაწესრიგებელია - მოხრეშვა პრობლემა არ არის და ახლო ხანებში გაკეთდება, მაგრამ წყლის საკითხს დეტალურად სჭირდება შესწავლა. მე დავწერე მოხსენებითი ბარათი გამგებლის სახელზე, რომელიც, თუ არ ვცდები, ეკონომიკურ განყოფილებას გადააწერა. შემდეგ სპეციალისტებმა კალკულაცია უნდა გააკეთონ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნა სატელეფონო საუბარში ოთიაშვილმა.
ორი თვე ამ პროცედურების გასავლელად ოთიაშვილს საკმარისად მიაჩნია, თუმცა 150 ოჯახი დღესაც გზისა და წყლის გარეშეა.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები