კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავის აგრარული ბაზარი ხელში ჩაიგდო?!

10 აგვისტო, 2006

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავის აგრარული ბაზარი ხელში ჩაიგდო?!

8 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის სააღსრულებო ბიურომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული განჩინება აღასრულა და თელავის აგრარული ბაზრის ყოფილი მეპატრონე თენგიზ დარჩიაშვილი ბაზრიდან გამოასახლა. დარჩიაშვილები აცხადებენ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი კახაბერ როსტომაშვილი აცხადებს, რომ გამოსახლება ექსცესების გარეშე მოხდა. ბაზრის ყოფილი მეპატრონე თენგიზ დარჩიაშვილი და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სააღსრულებო ბიურომ უკანონო განჩინება აღასრულა. მათი განცხადებით, ბაზრიდან გამოსახლება გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მოხდა. თენგიზ დარჩიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ გამოსახლება მისი ვაჟის, თელავის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯუმბერ დარჩიაშვილის პატიმრობასთან პირდაპირ კავშირშია.
  
ჯუმბერ დარჩიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა პატიმრობაში იმყოფება და მას ბრალად სახელმწიფო ქონების მითვისება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი გულგრილობა ედება.
  
ჯუმბერ დარჩიაშვილის მამა, თელავის აგრარული ბაზრის აწ უკვე ყოფილი მეპატრონე, თენგიზ დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი ვაჟი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბაზრის წილის მიღება სურდა.
  
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალბათ იფიქრა, რადგან ჩემი შვილი გამგეობაში მუშაობდა, მათ ბაზრის მისაკუთრებაში ხელს შეუშლიდა. სწორედ ამიტომ დააპატიმრეს, მაგრამ უკვე გამოირკვა, რომ მას ფული არ მიუთვისებია. ის დღემდე პატიმრობაშია, მაგრამ, რადგან ბაზარი უკვე ხელში ჩაიგდეს, ალბათ გამოუშვებენ...” – აცხადებს თენგიზ დარჩიაშვილი.
  
თენგიზ დარჩიაშვილის იმედიანი პროგნოზის მიუხედავად, ჯუმბერ დარჩიაშვილის გათავისუფლების იმედი არ აქვს მის მეუღლეს, ლია ცაბუტაშვილს, რომელიც ქმრის დაპატიმრებას მამამთილის მსგავსად თელავის აგრარულ ბაზაარს უკავშირებს.
 
“ეს გამოსახლება უკანონოა და ჩემი მეუღლის პატიმრობასთან პირდაპირ კავშირშია. ჩემი მეუღლე მძევალია. ის აბსოლუტურად უდანაშაულოა და მას ერთი თეთრი არ მიუთვისებია. ყველანაირად გვაიძულებდნენ, რომ პატიმრის სანაცვლოდ ბაზარი დაგვეთმო. ჩემს მეუღლეს ციხეში კრიმინალებიც მიუგზავნეს, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მას მამამისთან დაერეკა და ბაზრიდან წასვლა მოეთხოვა. მას ოჯახის აწიოკებითაც დაემუქრნენ...
  
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი უკვე დავტოვეთ, იმედი არ მაქვს, რომ ჩემს მეუღლეს გამოუშვებენ, რადგან მას განაჩენი უკვე გამოუტანეს და სამი წელი მიუსაჯეს...” – აცხადებს ლია ცაბუტაშვილი.
   
8 აგვისტოს განხორციელებული გამოსახლების უკანონობაზე საუბრობენ დარჩიაშვილების ადვოკატებიც. “ჩვენ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უკანონოდ მიღებული განჩინება გავასაჩივრეთ. სარჩელი შევიტანეთ უკანონო სააღსრულებო ფურცელზეც. აღნიშნული ფურცლის უკანონობა კი იმაში მდგომარეობს, რომ თენგიზ დარჩიაშვილს ჩაბარდა სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ნომერი არ ეწერა. დარღვევაა ისიც, რომ სააღსრულებო ფურცელი განჩინებაზეა დაწერილი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია...” – აცხადებს დარჩიაშვილების ადვოკატი მაია ყანადაშვილი.
  
დარჩიაშვილების მეორე ადვოკატი, გელა ივანიძე კანონდარღვევებში თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნემსიწვერიძეს ადანაშაულებს და მას კრიმინალს უწოდებს. “მოსამართლე ნემსიწვერიძემ დაამზადა ყალბი დოკუმენტი – განჩინება, რადგან არ არსებობდა წარმოების დაწყების საფუძველი – განცხადება. ნემსიწვერიძე კრიმინალია და მას დავის გადაწყვეტის გონებრივი შესაძლებლობებიც არ გააჩნია. ნემსიწვერიძეს მხოლოდ ზევიდან მიღებული დირექტივების შესრულება შეუძლია...” – აცხადებს გელა ივანიძე.
  
კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი, კახაბერ როსტომაშვილი თელავის აგრარული ბაზრიდან დარჩიაშვილების გამოსახლებას კანონიერად მიიჩნევს. “ჩვენმა სამსახურმა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება აღასრულა. ეს გახლდათ თელავის აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან იძულებით გამოსახლება. ერთი მხარის მიერ ტერიტორიის დატოვება და მეორისათვის გადაცემა, კანონის ფარგლებში მოხდა...” – აცხადებს კახაბერ როსტომაშვილი.
  
თელავის აგრარული ბაზრის ახალი მეპატრონე ჯაბრაილ ხანგოშვილი თავს ბაზრის სრულუფლებიან მფლობელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საპრივატიზაციო თანხა მას ეკუთვნის. “რამდენიმე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა ის, რომ დარჩიაშვილი ბაზრიდან უნდა წავიდეს. მე მას ფული მივეცი და ვენდე, მაგრამ მან პირობა ერთხელაც არ შეასრულა. თავიდან ბოლომდე ჩემი ფულია აქ ჩადებული, დარჩიაშვილების ოჯახს ერთი თეთრიც არ გადაუხდია...” – აცხადებს ჯაბრაილ ხანგოშვილი.
  
ჯაბრაილ ხანგოშვილი თელავის აგრარულ ბაზართან ადგილობრივი ხელისუფლების კავშირს კატეგორიულად უარყოფს. “არავითარი ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ მქონია. ვითხოვდი იმას, რაც კანონით მეკუთვნოდა და მივიღე...” – აცხადებს ჯაბრაილ ხანგოშვილი.

მიუხედავად ხანგოშვილის ასეთი განცხადებისა, თელაველებს კარგად ახსოვთ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის კახეთის მხარის რწმუნებულის, პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლა ადგილობრივი ტელევიზიით, სადაც ის აცხადებდა, რომ “დარჩიაშვილებს ბაზარი უნდა ჩამოერთვათ და სხვა ინვესტორს გადაეცეს...”

თელაველების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ “ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავის აგრარული ბაზარი ხელში უკვე ჩაიგდო და ხანგოშვილი მხოლოდ ფორმალური მესაკუთრეა.”
   
თელავის რაიონული სასამართლოს განჩინების აღსრულების შემდეგ, თელავის აგრარული ბაზრის ახალმა ხელმძღვანელობამ მუშაობა უკვე დაიწყო, დარჩიაშვილები კი დავის შეწყვეტას არ აპირებენ.

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები