კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ინგილოებმა“ კახეთის გუბერნატორს უნდობლობა გამოუცხადეს

11 აგვისტო, 2006

პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მრავალჯერ შეურაცხყოფილი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები თავს წამების მსხვერპლად მიიჩნევენ და ადამიანის უფლებების დამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

აუტანელი სიცხისა და აურაცხელი ქვეწარმავლების გარემოცვაში, წყლისა და გზის გარეშე დარჩენილი, შიმშილის საფრთხის წინაშე მდგარი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და მუქარის ქვეშ მყოფი ჰერები, 7 თვიანი ტყვეობის შემდეგ კახეთის გუბერნატორს პეტრე ცისკარიშვილს საჯაროდ უნდობლობას უცხადებენ და 28 აგვისტოს, მარიამობისთვის, საინგილოსთან დამაკავშირებელი ხიდის გაუხსნელობის შემთხვევაში, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობების წინ, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

„აზერბაიჯანიდან იძულებით გამუსლიმანების საფრთხეს, გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოვექეცით და ალაზნის პირას იმ ნუგეშით დავსახლდით, რომ საინგილო ხელის გაწვდაზე იყო. სამთაწყაროში შევეჩვიეთ ყველაზე მაღალ სიცხეს, უგზოობას, უწყლოობას, უექიმობას, უამრავ კოღოსა და ქვეწარმავლებს, რომლებიც ჩვენს სახლებში ჭიანჭველებივით დადიან. სევდას გვიქარწლებდა ის, რომ უპრობლემოდ ვუკავშირდებოდით ალაზანზე გადებული, მყარად ნაშენი, სამხედრო მნიშვნელობის ხიდის საშულებით საინგილოში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, მშობლებსა და ნათესავებს. ორი ათეული წლის წინ, მაშინდელმა მთავრობამ, სოფელში, მთიანი აჭარიდან, სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული მოსახლეობა ჩამოასახლა. „ინგილოები“ მათ გვერდში დავუდექით და მესამე ათეული წელია ერთად ვეწევით ცხოვრების მძიმე ჭაპანს. აჭარელთაგან უმრავლესობა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ქრისტიანულად მოინათლა. გაღმა მხარეს მათაც შეიძინეს სანათესაო.
...იმედის თვალით შევყურებდით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო მოვლენებს. ვიმედოვნებდით, რომ ერთხელაც ხელისუფლება ჩვენთვისაც მოიცლიდა, რომ ჩვენს შვილებსაც ექნებოდათ ელემენტარული პირობები იმისა, რომ პოტენციურ მონებად არ გაზრდილიყვნენ. ვფიქრობდით, რომ ჩვენი უნიკალური ჯიშის „საფერავს“ ფასი დაედებოდა, რომ მარნებიდან ჩაბარებული ყურძნის წლობით მიუღებელ თანხებს მივიღებდით, რომ საზღვრისპირა სოფელი ვართ და ყურადღებას მოგვაქცევდნენ, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, კახეთის გუბერნატორის დავალებით გამოგზავნილმა ნიღბიანებმა, 2005 წლის 31 დეკემბერს ხიდი ისე გადათხარეს და ჩაკეტეს, რომ იქით გადასულები, საინგილოში დარჩნენ და პირიქით. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და მიზეზად ხან ფრინველის გრიპი, ხან კონტრაბანდა და ხან ხიდის გაუმართაობა მოჰყავთ. ხიდის ჩაკეტვის რეალური მიზეზის გასარკვევად, სამჯერ მშვიდობიანი აქცია მოვაწყეთ, რა დროსაც პეტრე ცისკარიშვილმა შეიარაღებული ხალხი დაგვიპირისპირა. ამ მტკივნეული პრობლემის შესახებ იწერებოდა პრესაში, გადასცემდა რადიო და ტელევიზია, მაგრამ არც ზედა და არც ქვედა ეშელონებიდან არავინ შეგვხმიანებია. კახეთის გუბერნატორთან დელეგაციაც გავგზავნეთ, რომელშიც სოფლისა და რაიონის ხელმძღვანელებიც შედიოდნენ. მან რამდენჯერმე მოუცლელობის მიზეზით არ მიგვიღო. ბოლოს, როგორც იქნა შევხვდით, მაგრამ ვაი იმ შეხვედრას. მთელი ნახევარი საათი სკამზე ქანაობდა და არც კი გვისმენდა. გარეთ გამოსულმა განაწყენებულმა ხალხმა ჩვენი უკმაყოფილება გამოვთქვით. გუბერნატორის მრჩეველმა დავით ცისკარიშვილმა გასასვლელისაკენ თითი გაიშვირა და საკმაოდ უხეში და გამომწვევი ტონით ბრძანა, „წადით და თქვენი საინგილო ორჯონიკიძეს მოსთხოვეთო“. ჩვენთვის ორჯონიკიძის შეხსენება არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ ისტორიულ ჭრილობაზე ფეხის დადგმის ტოლფასია. ჭრილობაზე, საიდანაც ჯერ კიდევ ჟონავს სისხლი. თანამედროვე ორჯონიკიძეების არსებობის გამო პირველად შეგვშურდა საქართველოს გარეთ მცხოვრები თურქისა და ირანელისა. დაგვემუქრნენ, კიდევ თუ ამოავსებთ ხიდთან ამოთხრილ ორმოებს, აღარაფერი შეგვაყოვნებსო. დაშინდა ხალხი. ხიდზე გადასვლა აღარავის უცდია. ისევ ჩადგა ჩვენი შვილების თვალებში შიში დარბევისა და დაუცველობისა“,- აცხადებენ სამთაწყაროელები.

ამის შემდეგ სოფელში საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე ჩავიდა. ადგილობრივების თქმით, მთავარმა მესაზღვრემ მათ დახმარების სახით ფქვილი ჩაუტანა და პარალიზებული ხიდიც დაათვალიერა, რა დროსაც ხმამაღლა აღუნიშნავს, რომ ხიდს დასანგრევი არაფერი სჭირს და სასურველი იქნებოდა, ასეთი გამძლეობის სხვა ხიდებიც ყოფილიყოო.
 
მოსახლეობამ დახმარებისათვის საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა. პატრიარქთან შეხვედრისას ჰერებმა მის უწმინდესობას სთხოვეს, ხელისუფლებასთან ეშუამდგომლა, რათა მათთვის საინგილოში გადასვლის უფლება გიორგობისთვის მაინც მიეცათ, მაგრამ ამაოდ.

5 მაისს, გიორგობის წინა დღეს რეკავდა დედოზარი და ყველას ხიდთან უხმობდა. „საზღვარი გიორგობაზე გასასვლელი ღამისმთეველი მლოცველებით გაივსო. რატომღაც გვწამდა, რომ წმინდა გიორგის რიდით მაინც არ დაგვაყენებდნენ ნიღბიანებს, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით. სალოცავად გამზადებულ ხალხს თავს დაგვსხნენ და დარბევის მცდელობისა და დაკავების მუქარით აქეთ-იქით მიგვყარეს. ის ღამე ხიდზე გავათენეთ იმ იმედით, რომ იქნებ გიორგობას მაინც მოეცათ ჩვენთვის საინგილოში გადასვლის საშუალება, მაგრამ არავის გავხსენებივართ. ...ამის შემდეგ გუბერნატორმა დაგვიბარა და ცინიზმით გვაუწყა, 2 წელიწადში მოვიზიდავთ ინვესტორებს, მოვიძიებთ ერთ-ორ მილიონს და გაგიკეთებთ ევროპულ ხიდს. მანამდე, თუ გნებავთ, შემოვლითი გზით იარეთ თუ არადა ფეხით გადით თქვენს „საოცნებო“ საინგილოშიო“. ამასთან ერთად, დაგვემუქრა კიდეც, რომ თუ ჩვენი მანქანები ხიდს ჩაანგრევდნენ, მაშინ სამთაწყარო და კიდევ სამი სოფელი უწყლოდ დარჩებოდა. ხიდის ქვეშ რაღაც მილი გადის, მაგრამ, რატომ არ გვეკითხებიან, გვახსოვს, წყალი ბოლოს როდის გვქონდა? მოკლედ, 7 თვეა მოსახლეობა და უკვე აბალახებული ხიდიც, სასჯელს ვიხდით“,- აღნიშნავს ჯულიეტა აბულაშვილი.

„ინგილოთა“ თქმით, სამხარეო ხელისუფლებამ მდინარე ალაზანზე გადებული, სამხედრო მნიშვნელობის ხიდი იმისთვის ჩაკეტა, რომ აქაურებს სოფლიდან წასვლა აიძულოს. „იცით, რამდენმა მაღალჩინოსანმა იყიდა სამთაწყაროში ვენახები სხვისი სახელით? ფაქტობრივად, ახალგაზრდებს მონებად გვამუშავებენ ბოკერიას, ზოდელავას, ცისკარიშვილის და სხვათა ვენახებში. აქ ვალიდან ვალამდე ვცხოვრობთ. დედოფლისწყაროში არსებული კერძო ბანკი კრედიტს გირაოში ვენახის ან სახლის ჩადების სანაცვლოდ გვაძლევს. ვალების გადახდას ყურძნის ჩაბარებისთანავე ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენთან ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. ამიტომაც მოსავალს ძირითადად სხვადასხვა მხარის საწარმოებიდან ჩამოსული ხალხი ყიდულობს. პირადად გუბერნატორის დავალებით ხელს გვიშლიან ყურძნის ნორმალურ ფასად გაყიდვაშიც. გასულ წელს აჭარლები, ვინც ჩვენი ყურძენი იყიდა და მიჰქონდათ, სასტიკად სცემეს და პროდუქცია უკან დაგვიბრუნეს. ბოლოს 1 კგ სუფთა საფერავი 70 თეთრად ჩაიბარეს და იმის ფული დღესაც ასაღები გვაქვს. ამიტომ აღებულ სესხს ვეღარ ვისტუმრებთ და ვის სახლს ართმევენ და ვის ვენახს. ხმას თუ ამოვიღებთ, გვემუქრებიან, რა სახლებშიც ცხოვრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრივატიზებული არ გაქვთ და ბევრს თუ ილაპარაკებთ, მაქედანაც გამოგყრითო. ერთი სიტყვით, აღარ შეგვიძლია. ამას ძაღლ-უმადურად ცხოვრებაც არ ჰქვია“,- აღშფოთებას ვერ მალავენ ნ. ათამაშვილი, ა. დუმბაძე, ჭოჭაშვილი, საკანელაშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ხიდის ჩაკეტვის შემდეგ, სოფელში სიკვდილიანობამაც იმატა. ამის მიზეზად ლია ასლამაზიშვილი უექიმობას ასახელებს: „სოფელში მაღაზიაზე რომ არაფერი ვთქვათ, აფთიაქიც არ გვაქვს. ხიდის ჩაკეტვამდე ზაქათალის საავადმყოფოში ვმკურნალობდით. როცა ვინმე ავად გახდებოდა, ისიც იქ მიგვყვავდა. ეხლა, ადამიანს გული რომ აქვს ავად, ვერაფერს ვშველით. 6 თვის ბავშვი, ფუტკარაძე იმიტომ ჩაგვაკვდა ხელებში, რომ დედოფლისწყაროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლას საათნახევარზე მეტი დასჭირდა. ვინ იცის, ამ პრობლემის გამო კიდევ რამდენი ვინმე მოკვდება. მით უმეტეს, რომ ზამთარში, დედოფლისწყაროსთან დამაკავშირებელი გზა მოიყინება და მოძრაობას საერთოდ ვერ შევძლებთ, რის გამოც, სრულ იზოლაციაში მოვექცევით“.

ინგილოების განცხადებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა პეტრე ცისკარიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სამთაწყაროში და საინგილოში მცხოვრებმა ინგილო მოსახლეობამ ხიდის გახსნის თხოვნით, ელენე თევდორაძის მეშვეობით, წერილობით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე ერთ თვეზე მეტია რაც მიმართა, თუმცა მისგან არავითარი პასუხი არ მიუღიათ. „ელენე თევდორაძეს როცა შევხვდით, დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ პასუხისთვის რომ ვაწუხებთ, ტელეფონსაც აღარ პასუხობს, ანდა სულ საზღვარგარეთ არის. ვეღარ გავიგეთ, ამ ქვეყანაში ვინმე თუ იცავს ადამიანის უფლებებს, რატომ არავინ ინტერესდება, ამდენ ხანს, ყოველგვარი ადმინისტრაციული აქტის გარეშე, ხიდი რატომ არის ჩაკეტილი და რატომ არ გვაძლევენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. ჩვენ იძულებით ვართ შეზღუდულები. ვერ ვხედავთ შვილებს, მშობლებს. არ გვაძლევენ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლოცვის საშუალებას. ერთი-ორი ადამიანი საინგილოში ფეხით გადავიდა და ძაღლებმა დაგლიჯეს. ეს ადამიანების წამებაა. არავის ესმის?“- კითხულობს ხალხი.

მოსახლეობა ცდილობს ხიდის უკანონოდ ჩაკეტვა სასამართლოშიც გაასაჩივროს. როგორც ჩვენთან საუბარში ა/ო „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა აღნიშნა, ამჟამად მათ სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილი აქვთ ოფიციალური მიმართვები, რათა დაადგინონ, რის საფუძველზე და ვის მიერ არის ხიდი ჩაკეტილი. „სასამართლოში საჩივრდება როგორც წერილობითი ადმინისტრაციული აქტი, ასევე ზეპირი ხასიათის. მთავარია, დადგინდეს ვინ არის ხიდის ჩაკეტვის ბრძანების გამცემი. ეს იმდენად უკანონო და გაუმართლებელი ქმედებაა, რომ ვფიქრობ, მიუხედავად ზეწოლისა, მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლოში სარჩელს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შევიტანთ“,- ამბობს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხის მიღებამდე, „ინგილოები“ ხიდის გახსნას საპროტესტო აქციებით უკვე პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან შეეცდებიან. ჩვენი ინფორმაციით, დედოფლისწყაროელ ჰერებს, მეზობელი სოფლების, ფიროსმანის, საბათლოს და ქედების მოსახლეობა, აზერბაიჯანში მცხოვრები ინგილოები და კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები