კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასფალტზე დგომისთვის გვართმევენ ფულს

18 აგვისტო, 2006
18_agv_asfalti.gifბათუმში, ბონის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად გამყიდველებს კონტროლიორები თანხას ართმევენ. თანხა, რომლის სანაცვლოდაც მოვაჭრეები დაუნომრავ ქვითრებს ღებულობენ, განსაზღვრული არ არის. მას „მეჩეკე“ კონტროლიორები თვითონ საზღვრავენ. მსგავსი გადასახადის მოთხოვნა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. 

„შეიძლება ამ ტყემლით ორი ლარი საერთოდ ვერ გავაკეთო. რაში გვართმევენ ამ თანხას, არ ვიცი. გადასახადიაო და ჩვენც იძულებული ვართ გადავიხადოთ. ალბათ, ასფალტის ფულს გვართმევენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ყოველდღიურად სოფლის მაცხოვრებლებს ამ ბაზრობაზე ბოსტნეული ჩამოაქვთ გასაყიდად. იმის გამო, რომ მათი კლიენტურა ძირითადად  გადამყიდველები არიან, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ქუჩის ტროტუარზე გარკვეული დროით ჩერდებიან და ყიდიან მოსავალს. ამ დროს გარკვეული პიროვნებები, როგორც მოსახლეობა ეძახის, კონტროლიორები მათგან გარკვეულ თანხას ითხოვენ გადასახადის სახით.

„რამდენიმე წუთით ტვირთს ძირს დადებ და მაშინვე გადასახადიაო. ხან ლარს, ხან კიდევ მეტს გვართმევენ. კაცმა არ იცის, რის მიხედვით განისაზღვრება ოდენობა. საცოდავი ვართ ეს გლეხობა, რაღაც წვალებით ჯერ მოიყვან ამ მოსავალს, შემდეგ გასაყიდად ჩამოვიტანთ. აქ კიდევ გაყიდული არ გაქვს, გადაიხადეო მოითხოვენ“, - განაცხადა მოვაჭრემ, ნანული მამულაძემ, ჩაქვის საკრებულოდან.

მოვაჭრეების განცხადებით, თანხას თუ არ გადაიხდიან, კონტროლიორები დაცვის თანამშრომლების დახმარებით ტვირთს გაუნადგურებენ, ტომრებიდან გამოუყრიან, ან კიდევ უკეთეს შემთხვევაში აიძულებენ ტვირთი ბაზარში შიგნით შეიტანონ. იქ კი ოფიციალური გადასახადი 80 კვ.სმ-ის ტერიტორიაზე ერთი ლარია. სოფლიდან ჩამოსულ მოვაჭრეები ბაზარში შიგნით იმიტომ არ შედიან, რომ ტვირთისგან რამდენიმე წუთში თავისუფლდებიან და ოფიციალური გადასახადები არ გადაიხადონ. თუმცა, ქუჩაში, ტროტუარზე რამდენიმე წუთის გაჩერებისთვისაც უწევთ გადახდა.

ურჩი გადამხდელების გამო, კონტროლიორები გადასახადს სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისგანაც ითხოვენ: „ჩემმა მგზავრმა, რომელსაც ტვირთი ჩამოვუტანე და რაღაც თანხა კონტროლიორს არ გადაუხადა, მე რა შუაში ვარ და მე რატომ უნდა გადავიხადო?“, - კითხულობს ქედის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თამაზ ტაკიძე.
კონტროლიორები თინა მჟავანაძე და ჯამბულ აბაშიძე  მოვაჭრეებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან. თუ რა გადასახადია, კონტროლიორი თინა ასე პასუხობს: „ადმინისტრაციაში მიბრძანდით და გეტყვიან. ჩვენს ტერიტორიაზე რომ მოდიან და ყიდიან, აი, იმის გადასახადია“. დანარჩენ კითხვებს მჟავანაძე არ პასუხობს.
„კერძოა ბაზარი და რომ დაბრძანდები უნდა გადაიხადო კიდეც. ტროტუარი გზის იქითაა“, - აცხადებენ ბაზრის ადმინისტრაციაში.

სატელეფონო საუბარში ბაზრობის დირექტორი რეზო ბეჟანიძე დაცვის უფროსობის სტატუსს ირგებს და კომენტარისთვის ბაზრობის მფლობელთან გვიშვებს. ბეჟანიძის მიერ დირექტორობის უარყოფის მიუხედავად, ბაზრის კედლებზე გამოკრულ განცხადებებში, დირექტორის ხელმოწერა რეზო ბეჟანიძისაა. 

ბაზრის მეპატრონე, თენგიზ ბაკურიძე სატელეფონო საუბარში აცხადებს _ „ის ჩვენი ტერიტორიაა და შესაბამისად უნდა გადაიხადონ კიდეც როცა იქ დგანან და ყიდიან მათ საქონელს. გადასახადი კანონიერია, მათ დანომრილ ქვითრებს ვაძლევთ“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები