კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბიტურიენტები მათი უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდნენ

26 აგვისტო, 2006

უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები დამთავრდა და აპელაციების ეტაპი დაიწყო. აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც მათი პრეტენზიები გამოიწვია. როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ყველაზე მეტად უცხო ენების გამოცდით დაზარალდნენ, რადგან შესწორებული ტესტებისა და გამოცხადებული ქულების შემდეგ ტესტები ხელახლა გასწორდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს შეგნებულად მოხდა.

როგორც რამდენიმე აბიტურიენტმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“  ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, ყველაზე მაღალი ქულა 85-95 მათ უცხოენაში მიიღეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფასებისას რაღაც გაურკვევლობა მოხდა და ქულები ხელახლა დაიწერა.

„რადგან უცხო ენაში მაღალი ქულები გვქონდა და სხვა საგნებში შედარებით დაბალი, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მაღალი ქულები დაბალს გაათანაბრებდა და უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდით.  ჩვენი ქულები ინტერნეტ საიტზეც გამოქვეყნდა. როცა საბოლოო შედეგებს ველოდით და გვეგონა,  დღე-დღეზე ჩარიცხულთა სიებსაც გამოაქვეყნებდნენ, მოულოდნელად გავიგეთ, რომ თურმე უცხო ენაში რაღაც შეცდომა მოუვიდათ და ქულები ხელახლა უნდა დაწერონ.  დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეგნებულად მოხდა. ალბათ იმ სტუდენტებმა, რომლის ჩარიცხვაც თავად უნდოდათ, გამსვლელი ქულები ვერ მოაგროვეს და ამიტომაც გააკეთეს ასე. საბოლოო შედეგები 20 აგვისტომდე უნდა ყოფილიყო და დღემდე არ არის. სიების გასაგებად ყოველ დღე დავდივართ, მაგრამ, გვეუბნებიან, ჯერ არ არის და არც ვიცით, როდის იქნებაო.  ეს ჩვენი უფლებების დარღვევა არ არის?“ - ამბობენ აბიტურიენტები. 

აღნიშნული ინფორმაცია  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადავამოწმეთ. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია
გაბუნიამ  დაგვიდასტურა, რომ უცხო ენის ტესტებთან დაკავშირებით მცირედი გაუგებრობა მოხდა და გვითხრა, რომ პრობლემა უკვე ამოწურულია.    

მაია გაბუნია: „უცხო ენაში მე-5 და მე-6  დავალება თავიდან შესწორდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აბიტურიენტებმა ტესტში ზმნის ფორმა სწორად მიუთითეს, მაგრამ მითითებული ფრაზა კი არ გადაიტანეს შეფასების ფურცლებზე, არამედ, ტექსტი მთლიანად. დავალება კი მის მთლიანად გადატანას არ მოითხოვდა. რადგან ინსრტუქციაში საკმარისად არ იყო ხაზგასმული, რომ მხოლოდ ზმნის ფორმა უნდა გადაეწერათ, ამიტომ, მათ ეს სრულ პასუხად ჩაეთვალათ. საუბარია მხოლოდ იმ კონტიგენტზე, ვინც ზმნის ფორმა სწორად დაწერა, მაგრამ მთელი ტექსტი გადაწერა.“

აბიტურიენტები პრეტენზიებს გამოხატავენ, რომ ამ ცვლილების გამო მათი ქულები შემცირდა. მცირედ სხვაობას არც მაია გაბუნია უარყოფს. მისი თქმით: „ამან ის ცვლილება გამოიწვია, რომ თუ თავიდან ამ კატეგორიის აბიტურუენტებს პასუხები არასწორად ჩაეთვალათ, ხელახალი გასწორების შემდეგ, პასუხი ჩაითვალა და შესაბამისად მათი ქულები გაიზარდა. ამან კი ყველა აბიტურიენტის შედეგზე იმოქმედა და ამ კატეგორიის სტუდენტების ხარჯზე უცხო ენაში დაფიქსირებულმა ქულებმა ოდნავ უკან დაიწია.“

აბიტურიენტებმა აღნიშნულის გარდა სხვა დარღვევებიც აღმოაჩინეს და სააპელაციო კომისიას მიმართეს. მათი თქმით, რამდენიმე კითხვას სწორად უპასუხეს, თუმცა, პასუხი არ ჩაეთვალათ. თბილისში 522 სააპელაციო განაცხადი შევიდა, რაიონებში კი 160. რაც შეეხება შარშანდელ მონაცემებს, სულ 1600 აპელაცია დაფიქსირდა.
სააპელაციო კომისიამ მუშაობა 19 აგვისტოს დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  ამბობენ, რომ მათ თავად არ იციან, საბოლოო შედეგები როდის იქნება. აქედან გამომდინარე, აბიტურიენტთა პრეტენზიებს უსაფუძვლოდ თვლიან. „ჯერ ცხადება ტესტების შედეგები, შემდეგ  მიმდინარეობს სააპელაციო განაცხადების მიღება,  ხდება აპელაცია და ამის შემდეგ ცხადდება ჩარიცხულთა სიები. ზუსტად არავინ იცის, ეს როდის მოხდება. ალბათ მაშინ, როცა კომისია მუშაობას დაამთავრებს. ჯერ ჩარიცხულებზე საუბარი პრაქტიკულად ზედმეტია. აპელაციის საშუალება რადგან არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიის ნაწილი კმაყოფილდება“ - ამბობს გაბუნია.

ეკა გულუა   

ახალი ამბები