კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებელი „ლომჭაბუკის” თანამშრომლების უფლებებს არღვევს

13 სექტემბერი, 2006

გორის რაიონის გამგებელს ნუკრი პაპუნაშვილს გაზეთ „ლომჭაბუკის” რამდენიმე თანამშრომელი უპირისპირდება. როგორც ჟურნალისტებმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ აცნობეს, გაზეთის თანამშრომლებს ყოველგვარი ხელშეკრულების და ხელფასების გარეშე ამუშავებენ.

გაზეთ „ლომჭაბუკს“ შპს „ლომჭაბუკი“ უშვებს. აღნიშნული გაზეთი რამდენიმე თვის წინ გამომავალ რაიონის გამგეობის გაზეთ „გორის მოამბის“ სამართალმემკვიდრეა. ამ უკანასკნელის რედაქტორი მწერალი ზაურ წაქაძე იყო. წაქაძის გათავისუფლებას გამგეობის სხდომა მიეძღვნა. გორის რაიონის გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა გამგეობის სხდომაზე გაზეთის რედაქტორს კატეგორიულად განუცხადა, რომ „გორის მოამბე“ უქმდება და კარგად იყავიო. მანამდე რედაქტორსა და გამგებელს შორის ფარული დაპირისპირება არსებობდა. როგორც ზაურ წაქაძე შემდგომში იხსენებდა, რაიონის გამგებელს პირდაპირ მხარის გუბერნატორი მიხეილ ქარელი ავალებდა გაზეთიდან რედაქტორის წასვლას. მწერალი ზაურ წაქაძე კი „გორის მოამბიდან“ წასვლას არ ჩქარობდა.

საბოლოოდ, გორის რაიონის გამგებელმა პაპუნაშვილმა გადაწყვიტა, რომ „გორის მოამბე“ საერთოდ გაუქმებულიყო, რითაც მოხერხდებოდა ურჩი რედაქტორის თავიდან მოცილება. მოსალოდნელი გაუქმების მოლოდინში ასაკოვანმა მწერალმა რედაქტორმა „გორის მოამბის“ უკანასკნელ ნომერში ორი გვერდი მიხეილ ქარელის და ნუკრი პაპუნაშვილის უკანონო ქმედებების შეფასებებს მიუძღვნა. ისე, რომ ამ ნომრის არსებობა არც გამგებელმა და არც პაპუნაშვილმა არ იცოდა. გორის რაიონის გამგეობის გაზეთ „გორის მოამბის“ უკანასკნელ ნომერში რაიონის გამგებელი და მხარის გუბერნატორი მიხეილ ქარელი მხილებულ იყო სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ნომრის გამოსვლის მეორე დღეს გამგეობის სხდომა ჩატარდა და „გორის მოამბე“ გაუქმდა. გაუქმებიდან ერთ კვირაში გორის საგადასახადო ინსპექციაში შპს „ლომჭაბუკი“ დარეგისტრირდა, რომლის დამფუძნებელი გაზეთ „გორის მოამბის“ ყოფილი ჟურნალისტი ხათუნა ბალიაშვილი გახდა. გორის რაიონის გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა შპს „ლომჭაბუკს“ დაფინანსების სახით რაიონის ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი გამოუყო. გაზეთის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, გვითხრა, რომ გაზრდილი დაფინანსების პირობებში ხელფასს არ აძლევენ.

„გვერდის ფასი შეფასებული აქვთ 6 ლარად. სულ 6 გვერდიანი გაზეთია. თვეში შესაძლოა სულ ორი გვერდის მასალა დაგიბეჭდონ... თითო ჟურნალისტისთვის მხოლოდ 12-14 ლარია განკუთვნილი“, – აცხადებს გაზეთის ჟურნალისტი.

ჩვენ დავინტერესდით გაზეთ „ლომჭაბუკში“ არსებული პირობებით და იმით, ნამდვილად ასეთ პირობებში ამუშავებენ თუ არა გამგეობაში ჟურნალისტებს. რაიონის გამგებელი ნუკრი პაპუნაშვილი კომენტარისგან თავს იკავებს. ოფიციალურ ცნობაში წერია მხოლოდ, რომ გაზეთ „ლომჭაბუკს“ წელიწადში 13 000 ლარი აქვს გამოყოფილი, ანუ თვეში 1 000 ლარზე მეტი. სხვა არავითარი მონაცემები არ არსებობს. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” გორის კორესპონდენტის სახელით შესული განცხადება კი 10 დღეზე მეტია ურეაგირებოდ დევს გამგეობაში.

კანცელარიაში გვითხრეს, რომ წერილი გორის რაიონის გამგებლის მოადგილეს საფინანსო დარგში თამარ ედიშერაშვილს დაეწერა. თამარ ედიშერაშვილი კაბინეტში გვითხრეს, რომ წერილი ფინანსური განყოფილების გამგეს ფრიდონ აფრიამაშვილს გადაუგზავნეს განსახილველად. ფრიდონ აფრიამაშვილის კაბინეტი კი კვირაზე მეტია დაკეტილია, რადგან ფინგანის გამგე შვებულებაში იმყოფება. ჩვენს პროტესტს იმის შესახებ, თუ რატომ გადააგზავნეს წერილი იმ განყოფილების უფროსთან, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ის შედეგი მოჰყვა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის” კორესპონდენტს წერილი ფინანსური განყოფილების მთავარ სპეციალისტს ქრისტინე კვიწინაძეს 10-ე დღეს გადაუგზავნეს. ქრისტინე კვიწინაძის განცხადებით, წერილში მითითებული მოთხოვნების შესრულებას მინიმუმ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის გამოც წერილზე პასუხის გაცემის კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა.

შპს ,,ლომჭაბუკი” და მისი ადმინისტრაცია გორის რაიონის გამგეობის შენობაში იმყოფება. მისი ხელმძღვანელი ხათუნა ბალიაშვილი ჩვენთან შეხვედრას გაურბის. რეალურად, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია გამგეობის გაზეთში დასაქმებულ ადამიანთა მდგომარეობა და მათი უფლებები...

ახალი ამბები