კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლკოვნიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

13 სექტემბერი, 2006
polkovnik.gif

 ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნანა ჩალათაშვილმა, საზღვრის დაცვის #6 რეგიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს, ბესიკ ზურაბიშვილს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაპატიმრებულის ადვოკატი ნინო აგაბეკოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ზურაბიშვილის დაპატიმრებას ახირებას უწოდებენ.

საზღვრის დაცვის #6 რეგიონული სამმართველოს უფროსის ბესიკ ზურაბიშვილის, ოფიცრების ალექსანდრე მაჭარაშვილისა და რამაზ თურმანიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ჯერ კიდევ გასულ წელს აღძრა. მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას სახალხო დამცველის აპარატიდან მიაწოდეს.

ბათუმელი ჯარისკაცები ვაჟა დოლიძე, არჩილ კუტალაძე, არტურ მინასიანი და მირზა კურცხალიძე, ბათუმის სამხედრო გარნიზონის კომენდატის გოჩა ნინიძის დახმარებით ომბუდსმენს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც თვითდათხოვნაში მყოფი ჯარისკაცების საქმე ბესიკ ზურაბიშვილმა პროკურატურას გადასცა. ამის შემდეგ ხსენებულმა ჯარისკაცებმა თავის მართლება სცადეს და განაცხადეს, რომ ოფიცრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და თვითდათხოვნაში ამიტომ არიან.

მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა, მაშინ თელავის რაიონულმა სასამართლომ ოფიცრებს, მაჭარაშვილსა და თურმანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათი განთავისუფლება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სასამართლო გამოძიებისას ბრალდების მხარემ ოფიცრების მხრიდან რიგითებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარადგინა, თუმცა ძიება ბესიკ ზურაბიშვილის მიმართ არ შეწყვეტილა.

`როდესაც რიგითები თვითდათხოვნაში იყვნენ, ბათუმის სამხედრო გარნიზონის კომენდატმა გოჩა ნინიძემ რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა მათი საქმე პროკურატურისთვის არ გადამეცა. ამისათვის მომწერა კიდეც, რომ ერთ-ერთ რიგითს, არტურ მინასიანს გადაუვადებელი მკურნალობის გამო 10 დღით გაუგრძელა შვებულება, რომელიც მას თვითდათხოვნამდე ჰქონდა აღებული. ნინიძე თვითნებურად უგრძელებდა შვებულებას თვითდათხოვნაში მყოფ ჯარისკაცებს. იგი მპირდებოდა, რომ რიგითები ნაწილში მალე გამოცხადდებოდნენ, მაგრამ დაპირებები არ გამართლდა. მერე ისიც მკითხა, როგორ შეიძლებოდა ხსენებული რიგითების ლაგოდეხიდან ბათუმის ნაწილში გადაყვანა, რაზედაც ვუთხარი, რომ ეს დეპარტამენტის კომპეტენცია იყო და არა ჩემი. გარდა ამისა, თავად რიგითებმა თქვეს, რომ ერთ-ერთი ბათუმელი სამხედროსთვის მათ, ლაგოდეხიდან ბათუმში გადაყვანის სანაცვლოდ 400 აშშ დოლარი ჰქონდათ გადახდილი. 3-4 დღის მერე ნინიძე მირეკავს და მეუბნება, რომ ჯარისკაცებს არ უნდათ ლაგოდეხში სამსახური, რადგან მანდ სცემენ, შეურაცხყოფენ და ბოთლზე დასმით ემუქრებიანო. ვუთხარი რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო და ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ რიგითები პროკურატურას გადავეცით, რასაც მოჰყვა კიდეც ეს ამბავი. ბუნებრივია თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მიკვირს როგორ შეიძლება ნინიძის ჩვენების საფუძველზე მაპატიმრებდნენ~ - გვითხრა ბესიკ ზურაბიშვილმა.

ჯარისკაცები კუტალაძე, დოლიძე, მინასიანი და კურცხალიძე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარისაგან თავს იკავებს მოწმის სახით დაკითხული გოჩა ნინიძეც და კახეთის საოლქო პროკურატურის პროკური გიორგი ბაჩიაშვილიც.

ზურაბიშვილის დაპატიმრება გაუმართლებლად მიაჩნიათ კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მომხდარს ახირებას უწოდებენ. `ფაქტობრივად ნინიძის ჩვენების გარდა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ზურაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებდა. როგორც ვიცით, ნინიძე დაინტერესებული პირია და წესით პროკურატურა მოკვლევას მის შესახებ უნდა აწარმოებდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მან რიგითებს უსაფუძვლოდ, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელა შვებულებები~- აცხადებენ `ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის~ კახეთის ოფისში.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები