კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლოთობის თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2006

 მხატვარი გურამ აბუსელიძე ამჟამად დეკორატიული ქვების მოპირკეთების ოსტატად მუშაობს. მისი განცხადებით, ფირმა „ყაზბეგის“ წარმომადგენელმა ბათუმში რეზო ლაზიშვილმა ერთ-ერთი დაკვეთის შესრულების დროს სცემა და სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულა. ლაზიშვილის განცხადებით ინციდენტი მთვრალი აბუსელიძის პროვოცირებით მოხდა. 

მხატვარი გურამ აბუსერიძე ფირმა „ყაზბეგს“ და მის წარმომადგენელს, რეზო ლაზიშვილს უჩივის. მას ფირმის კუთვნილ კაფეში მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულების დროს, ლაზიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც აბუსელიძემ თავის ტვინის შერყევა მიიღო და რამდენიმე ნეკნიც აქვს ჩამტვრეული.

„სამუშაოს დასრულებას არაფერი აკლდა, ლაქის წასმაღა იყო საჭირო, გრუნტის გაშრობას ველოდი. „ყაზბეგის“ წარმომადგენელმა, ლაზიშვილმა დამიჟინა, გინდა თუ არა, ლაქი წაუსვი და სამუშაო დაასრულეო. მე ვუთხარი, ამ საქმის სპეციალისტი ვარ და ახლა არ შეიძლება-მეთქი. შელაპარაკებისას ლაზიშვილმა მოულოდნელად გამარტყა. შემდეგ წამაქცია და ცემა დამიწყო. გავითიშე, არაფერი აღარ მახსოვს შემდეგ რა მოხდა. აზრზე როცა მოვედი, წარბი გახეთქილი მქონდა და სისხლში ვიყავი მოსვრილი. იქ მომუშავე დიზაინერმა პირველადი დახმარება აღმომიჩინა. რეზო ლაზიშვილი კი მუქარას აგრძელებდა _ თუ სამუშაოს არ დაასრულებ, მოგკლავო. კაფეში ჩამკეტა. იძულებული ვიყავი, ლაქი წამესვა და სამუშაო დამემთავრებინა“.

დაზარალებული აბუსელიძის თქმით, მან მოგვიანებით ქუჩაში პოლიციელები დაინახა და დასახმარებლად მათ მიმართა, რომლებმაც საქმის გამოსაძიებლად ქალაქის პოლიციის პირველ ქვეგანყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკითხვის დროს გურამ აბუსელიძე ცუდად გამხდარა და სასწრაფო დახმარებით ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაუყვანიათ. ტრავმატოლოგ ავთო დიასამიძის დიაგნოზით დაზარალებულს ორი ნეკნიც აქვს ჩამტვრეული.

ბრალდებული რეზო ლაზიშვილი აბუსელიძის პრეტენზიას ავანტიურისტულს უწოდებს: „ერთხელ მართლა გავარტყი, მაგრამ ცემით არ მიცემია. მან, მართლა გამომიყვანა მწყობრიდან. თავიდან მეცოდებოდა, მეუღლე თურქეთში გაექცა, მცირეწლოვანი ბიჭი მახინჯაურის ბავშვთა სახლში ჰყავს მიბარებული. რამდენჯერმე ბავშვისთვის საჭმლის ფულად 50 ლარიც მივეცი. ის კი მიდიოდა და სვამდა ამ თანხით. ლოთობის გამო, სამუშაოს დასრულებას საშველი არ მისცა. ნეკნები  ალბათ, ჩემგან რომ წავიდა, შემდეგ ჩაუმტვრიეს. ვიცი, რომ მთვრალი ბულვარში ვიღაცეებმა სცემეს. ახლა უნდა, რომ ფული წამართვას. 60 ლარს მთხოვს, მაგრამ არ მივცემ, იმიტომ რომ არ ეკუთვნის“.

შესრულებული სამუშაოდან დარჩენილი 130 ლარიდან აბუსელიძეს თანხის ნახევარი დღემდე ასაღები აქვს. აბუსელიძე ნაქირავებში ცხოვრობს _ „დიასახლისი, სომეხი ქალი სამადლოდ მივლის, საჭმელსაც მაჭმევს. ავადმყოფობის გამო ვეღარ ვმუშაობ. მკურნალობის ფულიც არ გადამიხადეს. უფრო მეტიც, დამემუქრნენ, რომ არავისთან არ მიხვიდე და რაიმე მოუყვეო“.

ბათუმის პოლიციის პირველი ქვეგანყოფილების უფროსმა, ჯუმბერ დიასამიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „საქმე შესასწავლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გადაეცა. ჩვენ ექსპერტის დასკვნას ველოდებით. თუ კი გურამ აბუსელიძეს მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდება, მაშინ მან მოწინააღმდეგესთან დავა სასამართლოში სამოქალაქო წესით უნდა გააგრძელოს. თუკი ნაკლებადმძიმე ან მძიმე დაზიანება აღმოაჩნდება, მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები