კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზაფხულზე ვაზი ტირის, შემოდგომაზე გლეხი

28 სექტემბერი, 2006

კახელ გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ, „გენერალი“ ოქრუაშვილი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება

28_sek._vazi.gifსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად კახეთში ყურძენს 50-მდე ქარხანა იბარებს, თუმცა გლეხები ამბობენ რომ მათ ყურძენი ვერ ჩაუბარებიათ და ღვინის ფალსიფიკაციაზე საუბრობენ. მევენახეს ცრემლი ახრჩობს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს კი ბოღმა, როგორ გაბედეს და ქიზიყელი გლეხები აქციის გამართვას შეეცადნენ. „ვიღაცეებს თუ უნდათ გზების გადაკეტვა, მიტინგების მოწყობა და განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ ყურძენი ვენახებში ულპებათ და ა.შ, ვაფრთხილებ, რომ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. დადგნენ, თორემ ორი წლის მოსავლის ფული თბილისში, ციხეში „პერედაჩების“ ტარებაში არ ეყოფათ“,- ასე დაემუქრა გლეხებს ირაკლი ოქრუაშვილი ორშაბათს, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გურჯაანში გახსნილ შტაბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

„ვისაც არც მაღალჩინოსანი ნათესავი გვყვავს და არც ღვინის ქარხნებში ახლობლები, მოწეული ყურძენი ვენახებში გვილპება. პრეზიდენტი და მინისტრები რომ აცხადებენ, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს და გლეხები ყურძენს უპრობლემოდ აბინავებენო, ტყუილია. ერთი კვირაა ქარხნიდან ქარხანაში დავდივარ, მაგრამ ყურძენი ვერ ჩამიბარებია. ზოგან მითხრეს, ჯერ ჩვენი ყურძენი არ დაგვიბინავებია და თქვენსას ვერ მივიღებთო. „გურჯაანის ღვინის მარანში“ დამცინეს, ყურძენსა და ღვინოს თუ გინდა აქეთ მოგყიდითო. სხვაგან მითხრეს, ჩავიბარებთ, მაგრამ თანხის ნახევარს დეკემბერში მოგცემთ, ნაწილს კი აპრილსა და მაისშიო. გასული წლის თანხები ჯერაც არ აგვიღია, ნისია ხომ სხვისია. ვისაც პატრონი ჰყავს, თანხის მიღებას ახლავე ახერხებს, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? პრეზიდენტის ჩათვლით, ამბობენ, ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ვიბრძვითო, მაგრამ ღვინის ქარხნებში წელსაც ტონობით შაქრის ფხვნილი შეიტანეს. არ ვიცით რა ვქნათ, მთელი წლის ნაამაგარი წელსაც წყალში გვეყრება. გლეხს არაფერი ეშველება. ყველაზე მეტად კი ის გვაშფოთებს, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენი უბედურებით მანიპულირებენ“,- ამბობენ გურჯაანელი გლეხები.

მიუხედავად იმისა, რომ კახელ გლეხებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების გამართვა, რთველი – 2006-ის კურატორი ძალოვანი მინისტრების სახელით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად აუკრძალეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან მთავრობის ყურადღება ამ გზით მიიქციონ. „ჯერ წვიმებისგან, შემდეგ კი სიცხისგან მარცვალი უკვე დასკდა, ჭკნება და ლპება. ოჯახის სამი წევრი, მეც და ჩემი ძმის შვილებიც ამაოდ დავდივართ ქარხნიდან ქარხანაში და ვიხვეწებით, რომ იქნებ ყურძენი ჩაიბარონ, მაგრამ ვერაფერი გავაწყეთ. უწამლი ან ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი თუ გაქვთ ჩავიბარებთო, გვეუბნებიან. უწამლში, 20 თეთრს გვთავაზობენ. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენში კი 15 თეთრს. რქაწითელის მიღებაზეც არ ამბობენ უარს, მაგრამ ზუსტად არ იციან თანხას როდის გადაგვიხდიან. ხელშეკრულებას გაგიფორმებთ და თანხას აუცილებლად მიიღებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, როდისო. ყურძნის მეტი არაფერი გაგვაჩნია, საზამთრე შეშაც მაგით უნდა ვიყიდო და პურიც. ვიცი რომ ქუჩაში გასვლისას შეიძლება დამიჭირონ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მშიერი მოკვდები თუ ციხეში მომკლავენ. ყურძენი უნდა მოვკრიფო და რომ ამბობენ, გურჯაანში შტაბია გახსნილიო, სადაც რამდენჯერმე ვიყავით და არავინ არაფერზე გვპასუხობს, პირდაპირ იქ უნდა დავყარო“,- აღშფოთებულია ლიანა მამისაშვილი.

ჩვენთან საუბარში მეღვინეები არ მალავენ, რომ რუსეთის მხრიდან ქართულ ღვინოზე გამოცხადებული ემბარგოს გამო, ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით აუთვისებელი ყურძენი ყველა შემთხვევაში დარჩებათ. რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის გარდა, კომპანიათა უმრავლესობას საკუთარი ვენახები აქვს და დამატებით პროდუქციას აღარ საჭიროებს. „იმაზე მეტ ყურძენს ვიბარებთ, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობთ, პრობლემები მაინც იქნება“,- აცხადებენ მეღვინეები.

რთველთან დაკავშირებით, გურჯაანში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის კოორდინატორის გიორგი ცხაკაიას თქმით, გლეხების განცხადებები იმის შესახებ, რომ ყურძენი ვერ ჩაუბარებიათ, ტყუილია. „გლეხებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ და ვერ გეტყვით, რატომ აკეთებენ ისინი ასეთ განცხადებებს. მთავრობის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული კილოგრამი ყურძენი იქნება დაბინავებული, სრულდება. ტენდენციური არ არის მაგრამ, აღინიშნება ყურძენზე ფასის აწევა, რის გამოც გლეხები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ ყურძნის ჩაბარებისგან და საუბარი იმაზე, რომ მოსავალს ვერ აბინავებენ, ან ვინმე ხელს უშლის მათ საპროტესტო აქციების გამართვაში, სიმართლეს არ შეესაბამება. ქარხნების ნაწილი ნაღდს იხდის, ნაწილი ყურძენს ნისიად იღებს, ზოგი კი, მაგალითად „ჭანდრის ღვინის ქარხანა“ ნაწილ-ნაწილ ფარავს. ყველაზე აქტიური ქარხნები „ნაფარეული“, „წინანდალი 21-ე საუკუნე“, „სენაკური“, „აკურა“, „ოკამი“, „თელიანი ველი“, „ხირსა“, „ქართული პროდუქტი“ და კიდევ რამდენიმე კომპანიაა. ყველაზე დიდი მოთხოვნა კომპანია „ქართულ პროდუქტს“ აქვს, რომელიც 20 ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს. რაც შეეხება ფასებს, ეს ურთიერთმოლაპარაკებაზეა“,- აღნიშნავს ცხაკაია და ღვინის ქარხნებში ტონობით შაქრის ფხვნილის შეტანის თაობაზე დასძენს, რომ შტაბს ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია.

გიორგი ცხაკაის კომენტარის გლეხებს არ სჯერათ. მათ გვითხრეს, რომ ზუსტად იციან გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ღვინის ქარხანაში 16 სექტემბერს, საღამოს, როგორ შეიტანეს 30 ტონა შაქრის ფხვნილი, თუმცა აღნიშნული ღვინის ქარხნის დასახელებისგან მათ გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავეს. 

ცხაკაიას მსგავსად, სოფლის მეურნეობის მინისტრიც იმას აცხადებს, რომ რთველი წარმატებით მიმდინარეობს. „დღეისათვის მოკრეფილი და დაბინავებულია დაახლოებით 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსაკრეფია კიდევ დაახლოებით 25-30 ათასი ტონა. რეგიონში 44 ღვინის ქარხანა მუშაობს. ჩვენი ვარაუდით ყურძენს სრულად 10 დღეში დავაბინავებთ“,- განაცხადა მიხო სვიმონიშვილმა, არადა მინისტრი ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ კახეთში დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ელოდნენ.

ორშაბათს, რთველთან დაკავშირებით გურჯაანში შექმნილ შტაბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე კი პრეზიდენტის მიერ „რთველი – 2006“-ის გენერლად წოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურნენ და იმაზე მეტი ყურძენი შეისყიდეს, ვიდრე სჭირდებოდათ. „მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურნენ და იმაზე მეტი ყურძენი იყიდეს, ვიდრე რეალურად სჭირდებოდათ. წელს ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ასეთი ორგანიზებული და წარმატებული რთველი არასოდეს ჩატარებულა. ხომ აკვირდებით, რომ არავითარი ეიფორია და არანაირი გართულებები არ შეინიშნება. ახლა მოვდივართ სოფელ ვაქირიდან, მე, გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი და მიხო. მოსახლეობას ავუხსენით, რომ შანტაჟის ენით საუბარს ვერ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, აწყობთ თუ არა გლეხებს, მეწარმეების მიერ შეთავაზებული ფასები. ვაცხადებ, თუ ვიღაცეებს უნდათ გზების გადაკეტვა, მიტინგების მოწყობა და განცახადებების გაკეთება იმაზე, რომ მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს, რომ ყურძენი ვენახებში ულპებათ და ა.შ, კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ იქნება ადეკვატური ზომები. დადგნენ, თორემ ორი წლის მოსავლის ფული თბილისში, ციხეში „პერედაჩების“ ტარებაში არ ეყოფათ. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა, რომლის გამოსვლასაც, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილიც შეუერთდა.

„მიმდინარე რთველი მართლაც წარმატებულია. მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შეიკრა გარეშე აგრესორების წინააღმდეგ, ვისაც ერთი სული ჰქონდათ, კახეთში არეულიყო მდგომარეობა აქაურ თანამოაზრეებთან ერთად, მაგრამ ნურას უკაცრავად. ხელისუფლებამ ორგანიზებულად იმუშავა. მთავრობა ფასებში ვერ ჩაერევა. ფასს ბაზარი განსაზღვრავს. იაფია თუ ძვირი, ნისიაა თუ ნაღდი, ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ. გარკვეული პრობლემები არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წააქეზონ თავიანთი მეზობლები და ახლობლები, გამოხატონ პროტესტი, რაც არ მოხდება“,- დასძინა ცისკარიშვილმა.

პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ყურძენი იკრიფება და ბინავდება დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებშიც.
მინისტრის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია, სოფლების სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობასთან გადავამოწმეთ. „კახეთში ყურძენი ყველაზე ადრე აქ იწევა. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით, მაგრამ მარტო დაპირებებს ვისმენთ. წელს, წინასაარჩევნოდ ხომ პირდაპირ წაიღეს ყურები. ბევრჯერ გვითხრეს, გურჯაანისა და თელავის ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ თქვენს ყურძენსო, მაგრამ რა ფასად ან როდის, არავინ ამბობს. ამასობაში ყურძენი დაგვილპა, რთველი კი ჩვენთან ჯერაც არ დაწყებულა. ბიზნესმენები ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენში მხოლოდ 19-20 თეთრს გვთავაზობენ, საფერავის ფასი კი 48 თეთრს არ აღემატება. მარტო სამთაწყაროში 700-800 ტონა ყურძენია დასაკრეფი. ყველანაირი იმედი გადაგვეწურა. რას აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. აქციების გამართვის საშუალებას ხომ არ გვაძლევენ და პოლიციით გვემუქრებიან, გადავწყვიტეთ, პროტესტის ნიშნად 5 ოქტომბრის არჩევნებზე არ მივიდეთ და ბოიკოტი გამოვაცხადოთ“,- აღნიშნეს სამთაწყაროელმა როლანდ ხუციშვილმა, რობიზონ საკანელიშვილმა და სხვებმა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები