კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელები უფლებამოსილებას ამეტებენ

28 სექტემბერი, 2006

patrol.jpg27 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე გორის რაიონის სოფელ ზერტში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციისას 25 წლის ბიჭს, მირზა ბესიაშვილს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს. იმ დროისთვის სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. დაახლოებით 30-მდე ნიღბოსანი პოლიციელი ბესიაშვილის ოჯახში იარაღის სროლით შევიდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მირზა ბესიაშვილს სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე  ედება ბრალი.

ლალი ოქრუაშვილი-ბესიაშვილი (დაჭრილის დედა): „საღამოს 6 საათი იყო. ოჯახის ყველა წევრი სახლში ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეზოში შემოცვივდნენ ავტომატიანები. გვითხრეს პოლიციელები ვართო, თუ რატომ მოვედითო, ამას მერე გაიგებთო. ბავშვები და მეზობლები დაწიოკდნენ. თან ავტომატებს აჩხაკუნებდნენ, სახლი უნდა გავჩხრიკოთო. ამ დროს ჩემი ბიჭი მძინარე წამოდგა ლოგინიდან და გამოვარდა აივანზე, ყვირილით რა ხდებაო. აუტეხეს სროლა. ფეხებში ესროლეს. მირზა მუხლებზე ჩაიკეცა, ხელები აწია და ყვიროდა, არ მესროლოთ, ხომ ხედავ უიარაღო ვარო. ფეხის ქუსლებიდან უკვე სისხლი გასდიოდა. რომელიღაც პოლიციელმა ახლა მეორედაც ესროლა. ჩემს შვილს ტყვია ხელაწეულ მტევანზე მოხვდა. გამწარებული წამოდგა ფეხზე და ბაღისკენ გაიქცა, მკლავენო. უკან პოლიციელები გაჰყვნენ, დავჭერით და მაინც გარბის. დავჭერით, მამლუქები ვართო. ამასობაში ჩემი მეორე ვაჟი მოვიდა. ისიც დაინახეს პოლიციელებმა და ახლა იმას დაუწყეს სროლა. ძალიან ჰგვანან ძმები ერთმანეთს. ჩემს მეორე ვაჟს ახლა მეზობლის ქალი გადაეფარა, არ ესროლოთო. ჩააგდეს მანქანაში დაჭრილი და წაიყვანეს საავადმყოფოში.”

დაჭრილი გორის ქალაქის საავადმყოფოში მიიყვანეს. იმ დროისთვის მორიგე ექიმი იყო ავთო..., რომელმაც დაჭრილის ახლობლებს და პოლიციელებს განუცხადა, რომ დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ დედაქალაქის რომელიმე საავადმყოფოშია გადასაყვანიო. პოლიციელებმა მორიგე ექიმის შენიშვნას ყურადღება არ მიაქციეს. ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა დავით ბუხრაძემ იმავე საავადმყოფოს სხვა ექიმი მოიყვანა, რომელიც მის მეგობრად ითვლება. სახლიდან მოყვანილმა ექიმმა დაჭრილს წვეთოვნები დაუდგა და ჭრილობები შეუხვია და წავიდა სახლში.

ზაირა ბესიაშვილი (დაჭრილის მამიდა): „მთელი ორი დღე ავადმყოფი საავადმყოფოში ჰყავდათ და არავინ მიხედა. არც ერთი ექიმი არ ეკარებოდა. მორიგე ექიმმა თქვა, მე ხელს არ დავადებო. მაგათი მოყვანილი ექიმი ჯერ მოვიდა, შეუხვია ჭრილობები და წავიდა. ბიჭი სასწრაფოდ გადასაყვანი იყო საავადმყოფოში. რესპუბლიკური საავადმყოფოდან რეანომობილი გამოვიძახეთ. სასწრაფოს მანქანა მეორე დღეს, საღამოს 12 საათზე გამოვიძახეთ. პოლიციელები ამბობდნენ, რომ ექიმმა დაგვიწეროს წერილობით რომ ავადმყოფი მძიმეაო. მოვძებნეთ ისევ მაგათი მოყვანილი ექიმი, რომელიღაც სუფრაზე იყო და ქეიფობდა. დაწერა წერილობით რომ ავადმყოფი სასწრაფოდ გადასაყვანია საავადმყოფოში, მაგრამ ღამის 2 საათზე აღარც გამომძიებელი ჩანდა და აღარც აღარავინ. ყველა მიიმალა. პოლიციის უფროსი საერთოდ არ მოვიდა.”

გორში 28 აგვისტოს ჩამოსული სასწრაფო მანქანა დაჭრილის ახლობლებს ყოველ ერთ საათში 10 ლარს ახდევინევდა. მანქანა დღენახევრის განმავლობაში ელოდებოდა თანხმობას, რომ ავადმყოფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაეყვანათ. 29 აგვისტოს კი საავადმყოფოში პროკურორები და გამომძიებლები ბრალის წასაყენებლად გამოცხადდნენ. დაჭრილს ბრალად ყაჩაღობა წაუყენეს. მირზა ბესიაშვილის დაკავება უკავშირდება 2004 წლის მკვლელობის ფაქტს. 2004 წლის 21 სექტემბერს სოფელ ზერტში, დღეობაზე სტუმრადმყოფმა სოფელ ციცაგიანთკარელმა სოფლის თავშეყრის ადგილზე იარაღი ისროლა, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი და დაიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი. მირზა ბესიაშვილი დაღუპული ბავშვის ახლობელი იყო. იგი მეგობრებთან ერთად სოფელ ციცაგიაანთკარში მკვლელის ოჯახში ავიდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ახლობლებს უცხადებდა, რომ ვიდრე არ მოვიდოდა მკვლელი, ისინი სახლს არ დატოვებდნენ. სწორედ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ახლობლების ჩვენების შედეგად დააკავეს 25 წლის მირზა ბესიაშვილი. მათი ჩვენებით, მირზა ბესიაშვილმა ოჯახი დააყაჩაღა და უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთა. თვითონ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი ამჟამად დაკავებულია.

ზურა საძაგლიშვილი (გორის პროკურორის მოადგილე): „დაკავებულს ბრალი წავუყენეთ და მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ეტაპზე ჩვენ გადავაგზავნეთ პატიმარი საპყრობილეში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაწყვეტავენ, თუ რომელ სამკურნალო დაწესებულებაში გადაგზავნიან დაჭრილს. ეს უკვე იმათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პოლიციელებმა გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას, ეს საქმე გამოსაძიებელია და მიდის ძიება. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ პოლიციელს არ აღენიშნებათ რაიმე დაზიანება. ამდენად, საჭირო იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან იარაღის გამოყენება, ამის თქმის უფლება მე არა მაქვს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს.”

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები