კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიტანეთში ქართველი ჟურნალისტი უკანონოდ დააკავეს

2 ოქტომბერი, 2006
eka41.gif

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტი ეკა გულუა ლონდონის პოლიციამ უკანონოდ 4 საათი დააპატიმრა. მას არაადამიანურად ექცეოდნენ, არც ადვოკატის მოთხოვნის უფლება მისცეს, არც დარეკვის, არც თარჯიმანის და არც წყალი დაალევინეს. როცა პოლიციამ გაარკვია, რომ ის კრიმინალი არ იყო, გაათავისუფლა, თუცა, არც ბოდიში მოუხდია და პირიქით, გარკვეულ ფურცლებზეც მოაწერინა ხელი.

დაკავების ისტორია კი ასეთია: ჟურნალისტი ლონდონში ტელეკომპანია „როიტერის“ მიწვევით სამუშაოდ იმყოფებოდა. შაბათს უკრაინელ კოლეგასთან  ერთად სასეირნოდ წავიდა. ინციდენტიც სწორედ 17 სექტემბერს მოხდა.

„მე და უკრაინელი კოლეგა ჩვენს სასტუმროსთან ახლოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევედით. მაღაზია დავათველიერე, ფუნჯი და სარკე ავიღე და იმავე მაღაზიაში პარფიუმერიის სექციაში გადავინაცვლე. ამ დროს მაღაზიის დაცვამ დამიძახა და მითხრა, რომ ფული არ გადამიხდია და ჩემს საქმეს პოლიცის გაარკვევდა. დავიბენი და ვუთხარი, რომ ფულს მაშინ გადავიხდიდი, როცა მაღაზიის დათვალიერებას და საჭირო ნივთების შერჩევას მოვრჩებოდი. მან მითხრა, ყველა სექციაში  სათითაოდ უნდა გადაიხადოო და სადღაც გადარეკა. როცა საუბარს მორჩა, მკითხა  საიდან ხარო. როცა გაიგო ქართველი ვიყავი, ირონიულად ჩაიცინა და  მითხრა, „გასაგებია, ქართველი კრიმინალი იქნები და პოლიცია ეხლავე მოვა“-ო.

ვუხსნიდი, რომ კრიმინალი კი არა ჟურნალისტი ვიყავი და „როიტერში“ ვმუშაობდი, მაგრამ მითხრა პოლიციას აუხსენიო. დაახლოებით ერთ საათში პოლიციაც მოვიდა. პასპორტი მომთხოვა, მაგრამ თან არ მქონდა, სასტუმროში დავტოვე. იფიქრეს არალეგალიაო. წამიყვანეს პოლიციაში. დაახლოებით 4  საათი ფეხზე ვიდექი და ველოდებოდი, რას გაარკვევდნენ. ადვოკატზე, მთარგმნელზე და დარეკვაზე უარი მითხრეს. მკითხეს დაკავებული არასდროს ყოფილხარო. ვუპასუხე, რატომ უნდა ვყოფილიყავი დაკავებულითქო, რაც ძალიან გაუკვირდათ. როცა კომპიუტერში ჩემზე ინფორმაციები შეიყვანეს და დარწმუნდნენ, კრიმინალი არ ვიყავი, ერთხელ დარეკვის საშუალება მომცეს. კონსულთან დარეკვაზე უარი მითხრეს. ჩემს მეგობარს შალვა ალავერდაშვილს დავურეკე, რომელიც პოლიციაში დაახლოებით ერთ საათში მოვიდა. როცა მან პოლიციელებს უთხრა, იურისტი ვარო, ვითარება 100%-ით შეიცვალა. ძალიან ადამიანურები გახდნენ.

საბოლოოდ, ორი ვარიანტი შემომთავაზეს. ან სასამართლოს უნდა დაელოდო, მაგრამ ძალიან დიდი რიგია და 3-დან 6 თვემდე აქ უნდა იყოო ან გარკვეულ ფურცლებს უნდა მოაწერო ხელი, რომ რაც მოხდა შენი შეცდომა იყო  და ეხლავე გაგიშვებთო. რადგან იქ დარჩენა წარმოუდგენელი იყო, ხელი მოვაწერე და გამომიშვეს“ - ამბობს ჟურნალისტი.

ამის  შემდეგ მან იქაურ იურისტებთან გაიარა კონსულტაცია. მათ აუხსნეს, რომ პოლიციამ უკანონოდ დააკავა და ბევრი დარღვევა ჩაიდინა. ჟურნალისტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატებსაც შეხვდა და საქმის კურსში ჩააყენა. დიპლომატები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ და დაპირდნენ, რომ სათანადო ზომებს მიიღებდნენ.

მომხდარის გამო გაკვირვებული დარჩა საქართველოს კონსული დიდ ბრიტანეთში ირაკლი ასაშვილი. მისი განმარტებით: „პოლიციას მომხდარის შესახებ ჩემთვის მაშინვე უნდა ეცნობებინა, რაც არ მომხდარა. არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემთან დარეკვა აეკრძალათ. როცა ქართველს აკავებენ, საკონსულოში შეტყობინება                   
მეორე დღეს მაინც უნდა მოვიდეს, ჩემთან ასეთი არაფერი მოსულა. აუცილებლად გავარკვევ, რატომ ექცევიან ქართველებს ასე“.       

აღნიშნული ისტორიით ბრიტანული  გაზეთი „SUN“-იც დაინტერესდა. ისინი ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას აპირებენ. როგორც აღნიშნული გაზეთის ჟურნალისტები ამბობენ, ლონდონში ტერაქტის მცდელობის შემდეგ პოლიცია მიგრანტებს ძალიან არაადამიანურად ექცევა და მათ უფლებებს ხშირად არღვევს. ჟურნალისტ ეკა გულუას კი იმედი აქვს, რომ აქტიურობის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიცია ბოდიშს მაინც მოიხდის: „ეს იყო გაუგებრობა, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება და პოლიცია არასწორად მოიქცა. მე რომ ბრიტანეთის კანონები მცოდნოდა, შევეწინააღმდეგებოდი და ვერაფერს იზამდნენ, მაგრამ რადგან უცხო ქვეყანაში ვიყავი და იქაური კანონები არ ვიცოდი, საკმაოდ დამჩაგრეს. პოლიციაში ყველა გამვლელ პოლიციელს ეუბნებოდნენ, რომ ქართველი კრიმინალი ყავდათ დაკავებული და დამცინოდნენ. ამ ყველაფრისთვის ბოდიში უნდა მიუხადონ“.

ეკა გულუა

ახალი ამბები