კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო ტრავმა მიღებულ კაპრალს სამხედრო პენსიაზე უარს ეუბნებიან

4 ოქტომბერი, 2006

zviad_jakel.gif22 წლის ზვიად ჯაყელი სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა. ის სენაკში, II ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურის კაპრალად მუშაობდა. ავარიის შედეგად, ზვიად ჯაყელს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის კატეგორია მისცეს. მას კანონით კუთვნილ ერთჯერადი დახმარებას ფულადი სარგოს სახით და სამხედრო პენსიას არ აძლევენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ზვიად ჯაყელს 3 ივნისს თბილისი-გორის მაგისტრალზე შეემთხვა. მას კაპიტანი მურად საბიაშვილი გადაჰყავდა. ავარიის დღიდან ზვიად ჯაყელს მხოლოდ ეს ახსოვს: „თბილისიდან მოვდიოდით კაპიტანი და მე. იქ იმიტომ ვიყავით, რომ ვიღაც სამხედრო პირი გადავიყვანეთ და უკან ვბრუნდებოდით. გადაღლილი ვიყავით, სამი დღის უძინარი. მახსოვს საჭესთან კაპიტანი რომ დაჯდა, შემდეგ ვერაფერს ვიხსენებ“.
 
დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გორის საავადმყოფოში გაუწიეს, შემდეგ კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ზვიადის დედა, მადონა ჯაყელი განცხადებით, „საავადმყოფოში გავიგეთ, რომ ჩემი  შვილი მძღოლად არ მჯდარა ავარიის დროს, მაგრამ გვითხრეს - ეგ არ თქვა, რადგან დაიჭრენ, კაპიტანს რომ გადასცა მანქანაო”. 

ცნობაში, რომელიც სამხედრო ნაწილმა დაშავებულ ჯაყელს მისცა, მხოლოდ ის წერია, რომ კაპრალმა ჯაყელმა სამხედრო ტრავმა მიიღო. ეს კი სამხედრო პენსიის დასანიშნად და ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს მისაღებად საკმარისი არ არის. „ჩემს შვილს ფიზიკურად მუშაობა აღარ შეუძლია, ერთადერთი შვილი მყავს და ისიც დამიინვალიდდა. მარჯვენა მხარეს ვერ იყენებს, საჭმელსაც ვერ ჭამს მარჯვენა ხელით. სამხედრო პენსია მაინც დაუნიშნონ, მისი მკურნალობისთვის რომ გამოვიყენო“.
 
ზვიად ჯაყელის დედა აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილის იურისტი და კაპიტანი მას გაჩუმებას სთხოვდნენ: „არავისთან არაფერი თქვათ, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ. ამას ჯერ კიდევ საავადმყოფოში მეუბნებოდნენ“.

ის სხვა გარიგებებზეც საუბრობს: „კაპიტანმა მითხრა, საქმე გორში რომ დაიხურება, სამხედრო პოლიციას გადაეცემა და ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებითო. ადრე მთავაზობდა, ნახევარ-ნახევარი გადავიხადოთო მანქანის გასაკეთებლად. ავარიისას ჩემი შვილი არ იჯდა საჭესთან და რატომ უნდა გადამეხადა”. მადონა ჯაყელი ამბობს, რომ ახლა სამხედროს ნაწილის იურისტმა მასთან დაკავშირება აუკრძალა.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ იურისტის, ზვიად ჯაყელის ადვოკატის ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, „ეჭვგარეშეა, რომ ოფიციალური ბრძანების შესასრულებლად დატოვა ნაწილი სამხედრო მანქანამ კაპრალ ზვიად ჯაყელის და კაპიტან მურად საბიაშვილის შემადგენლობით. თუკი კაპიტანი მურად საბიაშვილი იმყოფებოდა მივლინებით (სამხედრო ნაწილის გაცემულ ცნობაში ასე წერია) და აღნიშნული ცნობის საფუძველზე ცენტრალურმა სამხედრო ჰოსპიტალმა გასცა ავადმყოფობის მოწმობა, რომელშიც „ტრავმა სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს“ არის მითითებული, ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ გაიცა სამხედრო მოსამსახურე – კაპრალ ზვიად ჯაყელზეც იგივე ცნობა? აღნიშნულის თაობაზე, 13 აგვისტოს წერილობით მივმართეთ სამხედრო ნაწილის ადმინისტრაციას, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია“. 
სამხედრო პენსიის გარდა, ზვიად ჯაყელს ერთჯერადი დახმარება ეკუთვნის. თუმცა, უარს ეუბნებოდნენ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოცილური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 53-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმის მიღების შემთხვევაში მიეცემა ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით: დაინვალიდებისას 5 წლისა“, _ განაცხადა ჯაყელის ადვოკატმა ბაკურ ბოლქვაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის სენაკის სამხედრო ნაწილის იურისტის მამია არჯევანიძემ ჯაყელის საქმესთან დაკავშირებით სატელეფონო კომენტარში აღნიშნა: „განცხადებაზე პასუხი გაცემულია. ჯერ იმიტომ არ მისვლიათ, რომ ერთი თვე ვადა ჰქონდა კანონით“.

კითხვაზე, თუ რატომ აუკრძალა მადონა ბოლქვაძეს მასთან დაკავშირება, მამია არჯევანიძე გაბრაზდა და საუბრის გასაგრძელებლად ნაწილში მიგვიწვია: „საუბარი თუ გინდათ, ჩამობრძანდით მაშინ სამხედრო ნაწილში, რა ვქნა რომ აჭარიდან მიკავშირდებით. არ მსურს მაშინ მეტი თქვენთან საუბარი” და ტელეფონი გათიშა. 

ავარიას ჯერ კიდევ საპატრულო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო იძიებს. „საქმე ჯერ არ დახურულა, მაგრამ საოლქო პროკურატურაში გადავაგზავნით, გამოძიება იქ გაგრძელდება. საჭესთან ოფიციალურად ზვიადი უნდა მჯდარიყო, მაგრამ მანქანა რამდენჯერმე იყო ამოტრიალებული. მანქანიდან ორთავე გადმოვარდნილი იყვნენ, ამიტომ ვერ გეტყვით თუ ვინ იჯდა“, - აღნიშნა სატელეფონო საუბარში გამომძიებელმა გოჩა ოქროპირიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაიკითხა აქამდე ზვიად ჯაყელი, „დაკითხვა იმიტომ არ ჩატარდა, რომ ჯაყელი კარგად ვერ იყო“, _ აღნიშნა გამომძიებელმა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები