კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპელ ყოფილ ჩინოვნიკ ქალს კვლავ დაპატიმრება ელის

9 ოქტომბერი, 2006

L_Titirashvili.gifკასპის რაიონულმა სასამართლომ კასპის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ლუიზა თითირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო. როგორც იქნა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ წინასწარი გამოძიება კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ამჟამად აღარარსებული მეტეხის ნავთობბაზის ჯართად გაყიდვის საქმეზე აღძრულ საქმეზე წინასწარი გამოძიება დაასრულა. ქონების მართვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ლუიზა თითირაშვილს ბრალი სწორედ მეტეხის ნავთობბაზის განიავების დროს გამოხატული სამსახურებრივი გულგრილობის გამო წაუყენეს.

2004 წლის აგვისტოში დაკავებულ თითირაშვილს წინასწარი პატიმრობა რამდენჯერმე გაუგრძლეს. მხოლოდ 8 თვის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში მიხვდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ყოფილი სახელმწიფო მოხელის ყოფნა პატიმრობაში არ იყო აუცილებელი და გაათავისუფლეს. 2004 წლის აგვისტოში აღძრულ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ორი წლის შემდეგ, 2006 წლის აგვისტოში დაასრულა. უახლოეს ხანებში კი გაირკვევა, თუ რა სასჯელს გამოუტანს კასპის სასამართლო უკვე 8 თვიან პატიმრობაში ნამყოფ ლუიზა თითირაშვილს.

ლუიზა თითირაშვილმა დახმარებისათვის “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მიმართა. მისი თქმით, გამოძიება შეგნებულად აჭიანურებს დროს, რათა პროკურატურის მიერ 2004 წელს დაშვებული შეცდომა მიჩქმალოს. პროკურატურის მიერ დაშვებულ შეცდომად ლუიზა თითირაშვილს მისი დაპატიმრება მიაჩნია.

ლუიზა თითირაშვილი: „ამ სქელბურუსიანი საქმის – სს „მეტეხის ნავთოპროდუქტის“ ქონების გაყიდვაში, დაშლასა და დაჭრაში არანაირი მონაწილეობა რომ არ მიმიღია და არც შეიძლებოდა მიმეღო, სისხლის სამართლის საქმიდან ცალსახად ჩანს: ქონება არ ეკუთვნოდა ქონების მართვის განყოფილებას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ეკუთვნოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. თანხმობა მის გაყიდვაზე მე არ გამიცია, გასცა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ, მისი შეფასება მე არ მომითხოვია, მოითხოვა სასამართლო აღმასრულებელმა ჯემალ მერებაშვილმა; მე არ შემიფასებია, შეაფასა დამოუკიდებელმა აუდიტორმა ნიკო ბერიანიძემ; მე არ გამიყიდია, გაყიდა სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა გიორგი ბუთხუზმა, რაიონულ სასამართლოს მიერ შეჩერებული ამ ქონების დემონტაჟის სამუშაოების გაგრძელების უფლება დამონტაჟზე პასუხისმგებელ პირებისთვის, მაგალითად ჯემალ მერებაშვილისთვის მე არ მიმიცია და არც შეიძლებოდა მიმეცა ერთი უბრალო მიზეზის გამო – მე არც საამისოდ უფლებამოსილება გამაჩნდა და არც საამისო გავლენა. ერთადერთი, რაც ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობიდან და ამ სააქციო საზოგადოების კერძო აქციონერის მოვალეობიდან გამომდინარე შემეძლო გამეკეთებინა, იყო რაიონის გამგებლის, რაიონის პროკურორის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დროული ინფორმირება. ჩემს მიერ სამივე ინსტანცია დროულად იქნა ინფორმირებული, თუმცა გამოძიება არ დაინტერესებულა, რატომ არ გადაიდგა მათგან კონკრეტული ნაბიჯები ამ და სხვა მსგავსი ქმედებების გადასარჩენად.“

თავის დროზე შიდა ქართლის პროკურორი დავით წითური მეტეხის ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ქონების მართვის სამმართველომ და მისმა უფროსმა ლუიზა თითირაშვილმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა, არავითარი წერილი არ გაუგზავნა ზემდგომ ორგანოებს, რათა მოეხდინათ მეტეხის ნავთობპროდუქტის დემონტაჟზე რეაგირება. წითურის მტკიცებით, წერილი, რომელიც ქონების მართვის ყოფილ ხელმძღვანელს ხელთ უკავია, არის ასლი, რომლის დედანი ქონების მართვის სამინისტროში არ დევს. „მანდ ეგეთი პრაქტიკა იყო, გააკეთებდნენ ხოლმე წერილების ასლებს, დედანი კი ვითომ სადმე გაგზავნეს, არავის არსად არაფერი უცნობებია”, – ამტკიცებს წითური.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ლუიზა თითირაშვილი აცხადებს: „ჩემს მიერ ამ ქონების თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ეცნობა 2002 წლის 18 ივლისის #121 წერილით; 2002 წლის 20 აგვისტოს #151 და 2003 წლის 29 იანვრის #20 წერილებით. სამინისტროსგან მიღებული მითითებების შესასრულებლად, ჩემს მიერ 2002 წლის 18 ივლისის #120 და 2002 წლის 8 სექტემბრის #190 წერილებით გორის სააღსრულებლო ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ამ ქონების გაყიდვის მასალები სამინისტროსთვის მათი წარდგენის მიზნით, მაგრამ ვერ მივიღე. აღნიშნული მასალა ბიუროდან გამოითხოვა და 2002 წლის ნოემბერში მიიღო რაიონულმა სასამართლომ, სადაც იხილებოდა სააქციო საზოგადოების კერძო აქციონერთა სარჩელი. საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაერთო ქონების მფლობელი და განმკარგავი – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და არა განყოფილება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ზემოთ აღნიშნული სამი წერილი, ასევე წერილების მიღების თაობაზე სამინისტროს დასტური, აგრეთვე სამინისტროში ამ წერილების მოძრაობაზე კომპიუტერული ამონაბეჭდი და განმარტება იმის თაობაზე, რომ  სააქციო საზოგადოება ეკუთვნოდა სამინისტოს, მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმის მე-4 ტომის 51-55 გვერდებზე. გამოძიება არ დაინტერესებულა, რატომ არ აცნობა არავის დემონტაჟის ფაქტი სს-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. მელაძემ, რომელსაც ევალებოდა და არა გამყიდველებს. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის და სააქციო საზოგადოების წესდების შესასრულებლად, მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ზემდგომი სამინისტროსთვის და კერძო აქციონერებისთვის და რატომ დარჩა იგი ამ საქმისთვის შეუწირავ პაიკად?!“

კასპის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გენადი მელაძე აცხადებს, რომ ლუიზა თითირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამოძიება უახლოეს ხანებში დაიწყება. თუ ლუიზა თითირაშვილი გამართლდა, მაშინ დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იგი 8 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ამყოფა. თუ გამტყუნდა, მაშინ მოსამართლეზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომის საჯელს მიუსჯიან ერთხელ უკვე პატიმრობაში მყოფ ლუიზა თითირაშვილს. არადა, საქმის მასალებით ჩანს, რომ თითირაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი ბათილდება, რაც უდავოდ იმ პროკურორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ვინც იგი დააპატიმრა.

საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები