კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიციის აგენტი შესაძლოა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

10 ოქტომბერი, 2006

sabaj_10.10.gif კახეთის ფინანსური პოლიციის მიერ ყალბი ფულის რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ლეილა კუსრაშვილს ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კუსრაშვილმა სასამართლო პროცესზე დუმილი დაარღვია და ყალბი ფულის მიცემაში „სახალხო ბანკის“ ლაგოდეხის ფილიალის მმართველი და მისი მეუღლე დაადანაშაულა. პატიმარი დაიმუქრა, რომ ყველაფერს იტყვის საბაჟოზე არსებული განუკითხაობისა და კორუფციის შესახებ, თუმცა მანამდე, შიშობს, არ „გაასაღონ“.

“მეგონა საპროცესო შეთანხმება შედგებოდა და ამიტომ ვდუმდი, მაგრამ ახლა დუმილს აღარ ვაპირებ და ვაცხადებ, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. 2006 წლის 18 მარტს, სულიკო ლოლაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე. რადგან მე არ მქონდა ბელქანში გადასვლის უფლება, ლოლაშვილის მეშვეობით გადმომქონდა იქიდან საწვავი და ვყიდდი, რაც ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნებოდა. როგორ უნდა ეთქვათ? იმ დღესაც ლოლაშვილი საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლით უნდა გასულიყო აზერბაიჯანში, რათა საწვავი შეეძინა და საქართველოში გადმოეტანა. ავტომანქანის დასაზღვევად დაგვჭირდა 120 ლარი, რაც არც ერთს არ გვქონდა. ამიტომ იქვე, საბაჟოს ტერიტორიაზე მდებარე „სახალხო ბანკის“ ლაგოდეხის ფილიალის სერვის-ცენტრში მივედი და ბანკის თანამშრომლებს – ქეთინოს და ლიას ვთხოვე, 120 ლარი ესესხებინათ. ლია, რომელიც ბანკის მმართველის მეუღლეა, საზღვარზე გავიცანი, როცა იქ ვიდექი და საწვავს ველოდებოდი, გასათბობად მასთან შევდიოდი. ქეთინომ 20 ლარი მასესხა. მან კი უარი მითხრა, ბანკიდან ვერ ავიღებო და ქმარს დაურეკა. მე თვითონ მოვისმინე, ტელეფონზე რომ ეუბნებოდა, დათო, სახლში ტელევიზორთან დევს 100 ლარიანი და მომიტანე, მჭირდებაო. ცოტა ხანში ლიას ფული მანქანით მოუტანეს. მან 100 ლარიანი გადმომცა, თან მითხრა: ეს ფული ჩემმა მეუღლემ მომიტანა, არსად თქვა და მალე დამიბრუნე, მეც მჭირდებაო. იმ ღამით ფული მანქანის დაზღვევისთვის აღარ დაგვჭირდა.

მეორე დილას, 19 მარტს წამოვედი სახლში, ამ პერიოდში ლაგოდეხში, ზაქათლის ქ #1ა-ში ვცხოვრობდი. გზაზე, მონო-ბარათების გამყიდველისგან, ლერი მღებრიშვილისგან ორი ცალი 10 ლარიანი მონო-ბარათი ვიყიდე. ის 100 ლარიანი მივეცი. მან ხურდა 80 ლარი დამიბრუნა და სახლში წამოვედი.

21 მარტს ჩემთან სახლში მოვიდა ლერი მღებრიშვილი და მითხრა, შენ რომ 100 ლარიანი მომეცი, ყალბი იყო და თუ გინდა, რომ არ გიჩივლო, თანხა სრულად დამიბრუნეო, რაზედაც უარი ვუთხარი, რადგან ვიცოდი, რომ ბანკის თანამშრომლის მიერ მოცემული ფული არ შეიძლებოდა ყალბი ყოფილიყო, თუმცა მღებრიშვილისთვის არ მითქვამს, რომ ის 100 ლარიანი ბანკის თანამშრომლისგან მივიღე. მღებრიშვილი წავიდა, მე კი მაშინვე ლიას დავურეკე და ვუთხარი, რომ შენს მიერ ნასესხები ფული ყალბი იყო და თუ ამ თანხას მონო-ბარათების გამყიდველს დღესვე არ დავუბრუნებ, იჩივლებს მეთქი. ლიამ კი მიპასუხა, ხვალ მოდი საზღვარზე და ყველაფერი გავარკვიოთო. ლიასთან შეხვედრა და სიტუაციის გარკვევა ვეღარ შევძელი, რადგან პოლიციამ იმავე დღეს დამაკავა.

არც დაკავებისას და არც დაკავების შემდეგ, გამოძიებისას არ მიხსენებია ლიას სახელი, რადგან გარეთ გამოყვანას მპირდებოდა. შემომითვალა, რომ საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდნენ და ჩემს დასახსნელად თანხას გაიღებდა, მაგრამ ამაოდ. ...ბევრ რამეს ვიტყვი, აღარ გავჩუმდები. საბაჟოზე არსებული განუკითხაობისა და კორუფციის შესახებ, მაგრამ ვშიშობ, მანამდე არ გამასაღონ. ჩემნაირი ხალხი სჭირდებათ, მაგრამ თავიდანაც ადვილად იშორებენ“,- განაცხადა ლეილა კუსრაშვილმა.

დაზარალებული ლერი მღებრიშვილის თქმით კი, მონო-ბარათების რეალიზაციის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში ეძებდა განსასჯელს, რადგან იგი შეცვლილი სახელით „მზიათი“ გაეცნო და უთხრა, რომ აფთიაქში მუშაობდა. „მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც შევძელი მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და მოვთხოვე ნამდვილი ფულის გადახდა, ხოლო უარის გამოცხადების შემდეგ მივმართე პოლიციას“,- აცხადებს მღებრიშვილი.

მოსამართლის აზრით, ლეილა კუსრაშვილს დაზარალებულის მოტყუება და შეცვლილი სახელით გაცნობა სურდა იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს ვერ დაედგინა მისი პიროვნება, რაც მოსამართლის ვარაუდით, იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ კუსრაშვილმა იცოდა, მღებრიშვილზე ყალბ 100 ლარიან კუპიურას რომ ასაღებდა და აღნიშნულს უარყოფს პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით.

კუსრაშვილის ადვოკატმა ნატო ჩიხრაძემ შუამდგომლობის სახით მოითხოვა მოწმის სახით იმ პირების დაკითხვა, ვისგანაც კუსრაშვილმა ფული ისესხა, რაც მოსამართლემ „უსაფუძვლობის“ მიზეზით არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ სასამართლომ ლეილა კუსრაშვილი დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად ხუთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ჩვენ კუსრაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე ნახსენებ ბანკის თანამშრომლებთან შეხვედრას და ლეილა კუსრაშვილის პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას შევეცადეთ.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე 2005 წლის სექტემბრიდან არსებული ლაგოდეხის „სახალხო ბანკის“ სერვის-ცენტრის ოპერატორმა ქეთინო ცუხიშვილმა ლეილა კუსრაშვილისთვის 20 ლარის სესხება დაადასტურა.
მეორე ოპერატორმა, ლაგოდეხის „სახალხო ბანკის“ მმართველის მეუღლემ ლია ნოზაძემ კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში კუსრაშვილთან ნაცნობობაც უარყო და 100 ლარიანი კუპიურის სესხებაც. ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს თავად ბანკის მმართველი დავით გოგოლაძეც. „არაფერსაც არ ჩაგაწერინებთ. ვიღაცა დებილი რაღაცა განცხადებას გააკეთებს, მე იმასთან რა საერთო მაქვს. ეგ იმას ჰკითხეთ“,- აღნიშნა გოგოლაძემ და ისიც „გვირჩია“, რომ წერილი საერთოდ არ გამოგვექვეყნებინა.

ლეილა კუსრაშვილი რომ ნამდვილად ფინანსური პოლიციის აგენტი იყო, ამას საბაჟოზე მდგარი მოქალაქეებიც ადასტურებენ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ისნი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

„ლეილა კუსრაშვილი რამდენიმე უწყების აგენტი იყო. მისი მანქანა უპრობლემოდ კვეთდა საზღვარს. თვითონ ვერ გადადიოდა აზერბაიჯანში, რადგან ბევრი ხალხი ჰყავდა გამწარებული. საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის გივი სხილაძის კაბინეტში საათობით იჯდა, ხანაც ბანკში, ლია ნოზაძესთან“,- გვითხრა რესპონდენტმა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები