კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განცხადება, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით

10 ოქტომბერი, 2006

samxaradz.gif„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში დამოუკიდებელი ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფების გამო. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტთა უფლებების უხეშად დარღვევის, მათზე განხორციელებული მუქარებისა და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გახშირება გამოწვეულია, ამ ფაქტების მიმართ ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულებით, სამართალდამცავების უყურადღებობითა და კანონის დამრღვევთა დაუსჯელობით.

გაზეთების „სპექტრის“ და „24 საათის“ რეგიონულ კორესპონდენტს ზვიად რუაძეს იანვარში, გაზეთში გამოქვეყნებული წერილის გამო „სიღნაღის მთავარი გინეკოლოგი და პოლიკლინიკა სკანდალში ეხვევა“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკული ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ჟურნალისტზე ზეწოლის გამო არავინ დაუსჯიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად რუაძემ სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართა.

2006 წლის თებერვალში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე. ამ ფაქტს წინ უძღოდა ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა, რამაც პრობლემები შეუქმნა საინფორმაციო სამსახურის მუშაობას. ენრი კობახიძეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ჯარიმის სახით 15 ლარის გადახდა დააკისრა. ტელეკომპანიის თანამშრომლები „თანამგზავრზე“ განხორციელებულ ამ ზეწოლებს პირდაპირ უკავშირებდნენ თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გოჩა მამაცაშვილს, რომელიც სრულ იგნორირებას უკეთებს „თანამგზავრის“ ჟურნალისტთა შეკითხვებს.

2006 წლის 7თებერვალს შს თელავის სამმართველოში სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჟურნალისტების, გელა მთივლიშვილისა და რომან ქევხიშვილის მიმართ. კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თელავის რაიონის გამგეობის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა 2006 წლის 31 იანვარს თელავის რაიონის გამგეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და იხულიგნეს. რეალურად კი გამგეობის შენობაში კომენტარზე მისული ჟურნალისტები თელავის რაიონის გამგებლის მოადგილემ გია პაპუნაშვილმა და გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ნოდარ ფარადაშვილმა ფიზიკურად შეურაცხყვეს. პაპუნაშვილმა გელა მთივლიშვილს სკამი ესროლა, რომან ქევხიშვილი კი ნოდარ ფარადაშვილმა გამგეობის კიბეებზე დააგორა.

2006 წლის 6 მარტს გურჯაანის რაიონულ პროკურატურას და შს გურჯაანის სამმართველოს განცხადებით მიმართა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ კახეთის ოფისის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, თუმცა განცხადებაში მოყვანილი მუქარების ფაქტებით, განმცხადებლის შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციისა და გატაცების შესახებ, არავინ დაინტერესებულა. გურჯაანის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა არჩილ ბოჟაძემ, რეაგირების თხოვნით პოლიციაში მისულ მთივლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. აღსანიშნავია, რომ მუქარებს წინ უძღოდა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ჟურნალისტმა თავის ტვინის შერყევა მიიღო და მის საცხოვრებლ სახლში ორჯერ ხელყუმბარის აფეთქებაც. მომხდარი დანაშაულებიდან ყველა გამოუძიებელი და გაუხსნელია.

შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოს განცხადებით მიმართა კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ კორესპონდენტმა თამარ მახარაშვილმა. იგი განცხადებაში მიუთითებს, რომ „ეკონომიურ დანაშაულთან, კონტრაბანდასთან დ კორუფციასთან ბრძოლის კავშირის“ თავმჯდომარე ბორის მამისაშვილი მას არაერთგზის აშანტაჟებს და ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. მახარაშვილმა პოლიციას განცხადებით ადრეც მიმართა მამისაშვილის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.  მომდარიდან მცირე ხანში თამარ მახარაშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა გურჯანის რაიონის გამგებლის მ/შ-ს აკაკი სიხარულიძის პრესმდივანმა და ამავე დროს საზოგადოებრივი არხის ოპერატორმა პაატა ჯაჭვლიანმა და ჟურნალისტს გამგეობის შენობაში შესვლა აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ეს ფაქტიც რეაგირების გარეშე დარჩა.

2006 წლის 15 ივნისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა იოსებ ნანობაშვილმა, ჯემალ დემეტრაშვილმა, ვასიკო მუნჯიშვილმა და სხვებმა, სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, ძალის გამოყენებით დაარბიეს ანაგის საკრებულოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი თეატრალიზებული აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები. მათ მიაყენეს უკიდურესი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუმტვრიეს მიკროფონები, ფოტო და ვიდეო კამერები, დიქტოფონები, წაართვეს ვიდეოკასეტები. ჟურნალისტებმა რომან ქევხიშვილმა, ზვიად რუაძემ და გელა ჯალიაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღეს. მიუხედავად დაზარალებულების არაერთი სატელეფონო შეტყობინებისა და თხოვნისა, ინციდენტის ადგილზე სიღნაღის რაიონული პოლიციისა და შს კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც დამრბევებმა განზრახვა სისრულეში მოიყვანეს. უმოქმედოდ იყვნენ ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი პოლიციელებიც, მეტიც ისინი მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტების შეურაცხყოფაში და სხვებსაც აქეთკენ მოუწოდებდნენ. გარდა იმისა, რომ გამოძიებამ უგულებელყო დაზარალებულების საჩივრები და შუამდგომლობები, სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულები იოსებ ნანობაშვილი და ვასიკო მუნჯიშვილი გირაოს გადახდის სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. ჯემალ დემტრაშვილს კი გირაო მოსამართლემ დაკავებისთანავე შეუფარდა.
ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯა მოითხოვა, თუმცა ამაოდ.

2006 წლის 8 ივლისს ლაგოდეხის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ გია ლომიძემ, გაზეთ „იმედის“ კორესპონდენტს მარინა გოგოლაძეს, რომელიც ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს ეზოში პოლიციის მოწმეებს იწერდა, ხელჩანთაში მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდეს. ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით განცხადებით ლაგოდეხის პოლიციას მიმართა. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოგვიანებით ჯერ გურჯაანის, ხოლო შემდეგ კახეთის საოლქო პროკურატურამ გაითხოვა. მარინა გოგოლაძე დაზარალებულად ცნობილი არ არის. პოლიციელი გია ლომიძე და სხვები გამოძიების გაჭიანურებით სარგებლობენ და გოგოლაძეს პოლიციიდან განცხადების გამოტანას სთხოვენ, წინააღმდე შემთხვევაში კი მას უცნობი პირები სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან, რაზედაც ჟურნალისტმა გურჯაანის პროკურატურას აცნობა, თუმცა რეაგირების გარეშე.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის - ცენტრის წინ გამართული აქციის გაშუქებისას დაზარალდა გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქტორი მაია მამულაშვილი, რომელსაც სერვის - ცენტრის მენეჯეტრის ხათუნა ჭუმბურიძის ძმამ, პოლიციის თანამშრომელმა დავით ჭუმბურიძემ ფოტო აპარატი დაუზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაია მამულაშვილმა პოლიციას განცხადებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

სექტემბრის თვეში საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გარსევან ბუხნიკაშვილმა გაზეთ „პროგრესის“ კორესპონდენტი მიშიკო ლაზაშვილი სიტყვიერად შეურაცხყო და გამგეობის საჯარო სხდომიდან გააძევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რამდენიმე დღით დრე, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის პრესმდივანმა და ამავე დროს თელავში გამომავალი „ჩვენი გაზეთის“ რედაქტორმა ნანა ქიბიშაურმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტს თელავის რაიონში რომან ქევხიშვილს. ჟურნალისტმა ქიბიშაურს პოლიციაში უჩივლა, თუმცა მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

2006 წლის 9 ოქტომბერს, დღის 12 საათისთვის, ლაგოდეხში, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით კაპანაძემ, რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ექსდეპუტატმა კაპანაძემ რადიოს ეთერში გასული სიუჯეტი, რომელიც მის ძველ საქმიანობას შეეხებოდა, ამ ფორმით გაპროტესტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა მუქარა ლაგოდეხში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გია ყორღანაშვილის მხრიდან, რომელიც რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს „თავისებური სასამართლოს“ მოწყობას დაპირდა. რადიოს ინფორმაციით, სამხარაძეს, რომელსაც ცემის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული, გატაცებითაც დაემუქრნენ.

ეს გახლავთ კახეთის რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე, მიმდინარე წელს განხორციელებული ზეწოლების არასრული ჩამონათვალი.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებულია ასეთი ფაქტების სიმრავლით და ხელისუფლებას, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები