კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გატაცებითა და შვილის მოკვლით მემუქრებიან“

18 ოქტომბერი, 2006

samxaradz.gifტერორი ჟურნალისტებზე ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკების მხრიდან კახეთში კვლავ გრძელდება. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით კაპანაძემ რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რადიოს დახურვის გარდა, დაზარალებულ ჟურნალისტს გატაცებითა და შვილის მოკვლითაც დაემუქრნენ.

ინციდენტამდე რადიო „ჰერეთს“ ანგარიშსწორებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ყორღანაშვილი დაემუქრა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა ყოფილი პარლამენტარის დავით კაპანაძის სახელით, გადაცემა „მთელ კვირაში“ გასული რეპორტაჟის გამო, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და დავით კაპანაძის შორის შემდგარი გარიგების შესახებ, რომლის თანახმადაც, კაპანაძემ კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა, რადგან მას რაიონის გამგებლობას შეჰპირდნენ.

„ნაციონალი ყორღანაშვილი „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს დაემუქრა, თუ ეთერში გასულ მასალას მას არ გადასცემდნენ, იგი „ჰერეთს“ „თავისებურ“ სასამართლოს მოუწყობდა. რეპორტაჟით უკმაყოფილო იყო ასევე ლაგოდეხის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილების გამგე აკაკი მჭედლიშვილი. მან აღნიშნა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებდა. აღნიშნული მუქარების შესახებ ჩვენ ინფორმაცია რადიოს ეთერით მაშინვე გავავრცელეთ, მაგრამ სამართალდამცავები არ დაინტერესებულან“,- აღნიშნავს „ჰერეთის“ კორესპონდენტი გიორგი ალადაშვილი.
9 ოქტომბერს კი ყოფილი პარლამენტარი დავით კაპანაძე რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცემის შემდეგ ექსდეპუტატი ჟურნალისტს რადიოს დახურვით, გატაცებითა და შვილის მოკვლითაც დაემუქრა. ინციდენტის შედეგად რამაზ სამხარაძემ სხეულის მსუბუქი დაზიანებაც მიიღო.

„მუქარა მართლაც რეალურია, რაც მომხდარით ფაქტობრივად დამტკიცდა კიდეც. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელნი არიან. ლაგოდეხი კიდევ დიდხანს ვერ გათავისუფლდება იმ მენტალიტეტისგან, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბნელ წარსულში, შევარდნაძის დროინდელ საქართველოში იყო. ძველი მეთოდები, მუქარა დაშინება, საქმის გარჩევა და ტერორი, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია“,- აცხადებს რამაზ სამხარაძე.

ჟურნალისტის სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მუქარებს კატეგორიულად უარყოფს თავად დავით კაპანაძე. მისი თქმით, ბრალდება აბსურდულია. „სამხარაძე ლაგოდეხის შავი ლაქა და ავანტიურისტია, მომხდარი ფაქტი კი გრანტების მოსაპოვებლად, პიარზეა გათვლილი“, - ამბობს კაპანაძე.

რადიოს მიმართ მუქარებს უარყოფს გია ყორღანაშვილიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, პარლამენტარი გურამ კაკალაშვილი კი ამბობს, რომ ყორღანაშვილი მმართველი პარტიის წევრი არ არის.
სამხარაძის ცემის ფაქტზე ლაგოდეხის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ანჯაფარიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქმის გამოძიებას თვალყურს აქტიურად ადევნებს და გამოძიების დასრულებისთანავე მზად არის დაჯდეს პირდაპირ ეთერში და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს. ამ ეტაპზე კი კომენტარისგან თავს იკავებს.

სამხარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილიც. „გვაქვს ინფორმაცია სავარაუდო ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით. მომხდარში არ მონაწილეობდა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი, თორემ ის მკაცრად დაისჯებოდა. ეს იყო ფიზიკური შეხლა–შემოხლა ორ პირს შორის, ანუ მეზობელმა მეზობელს პასუხი მოსთხოვა, შენ ეს რად დამიწერეო. რადგან ეს მოხდა, შეიძლება ამის გამო ითქვას, რომ რეგიონში დემოკრატია არ არის?“- კითხულობს ცისკარიშვილი და ჟურნალისტთა უფლებების დამრღვევთა მკაცრად დასჯის მაგალითად, ზაფხულში მომხდარ ფაქტს იხსენებს - ჟურნალისტები სიღნაღის რაიონში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი საპროტესტო ქციის გასაშუქებლად რომ მივდიოდით და სიღნაღელმა ნაციონალებმა კუბოს ფიცრებთან ერთად კუთვნილი ტექნიკაც რომ ზედ დაგვამტვრიეს. „ეს ადამიანები ციხეში ისხდნენ სამი თვე, სხვა რაღა გინდათ. ნუ გავიწყდებათ, რომ შეხლა-შემოხლისას მათ თქვენც შეურაცხყოფდით, თუნდაც თავდაცვის მიზნით“,- ამბობს პრეზიდენტის რწმუნებული.

„ეს არის ვანდალური ფაქტი, რამაც თითოეული ჩვენგანი აღაშფოთა. გარდა იმისა, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია, აშკარად მიუთითებს იმაზეც, რომ კახეთში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული პროცესები სულს ღაფავს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. შექმნან პრეცენდენტი და ერთხელ მაინც ჩაატარონ ობიექტური გამოძიება. მკაცრად იქნენ დასჯილნი ისინი, ვინც ვანდალური ქმედება ჩაიდინეს“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა.

ბოლო დროს, კახეთის რეგიონში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტების გახშირების გამო, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში განცხადება გაავრცელა ა/ო „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“. განცხადებაში 2006 წელს მომხდარი 11 ასეთი ფაქტია მოყვანილია. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტთა უფლებების უხეშად დარღვევის, მათზე განხორციელებული მუქარებისა და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გახშირების გამო და მიიჩნევს, რომ იგი გამოწვეულია, ამ ფაქტების მიმართ ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულებით, სამართალდამცავების უყურადღებობითა, კანონის დამრღვევთა დაუსჯელობით და საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ეს განცხადება უკომენტაროდ არ დაუტოვებია შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძეს. მისი განცხადებით, „რეგიონის ჟურნალისტებს პოპულარობა სურთ და ამდენი არასასიამოვნო ინციდენტიც ამიტომ ხდება“. 

ანჯაფარიძის აღნიშნული განცხადებით შეშფოთებულნი ვართ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვითხოვთ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები