კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი მონები საბერძნეთში (ნაწილი II)

20 ოქტომბერი, 2006

როგორ მოხვდნენ და ცხოვრობენ თურქეთის აუქციონზე გაყიდული ქართველი არალეგალები საბერძნეთში?

„თურქეთის ტყეში 2 ახალგაზრდა გაგვეყინა, ერთიც ხევში გადაიჩეხა, საბერძნეთის ციხეში კი ჯერ გვაწამეს და შემდეგ გაგვაუპატიურეს“...

ექსკლუზიური რეპორტაჟი საბერძნეთიდან

„სტამბულის აუქციონზე 10 დღით 400 დოლარად გამყიდეს“

saberznetis_sazrvari.gif20 დეკემბერს დილის ოთხ საათზე ტრაპზონიდან გავედით. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც მსუბუქ მანქანას მართავდა, პასპორტები გამგზავრებამდე ჩამოგვართვა. წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ღამე იყო, სტამბულში რომ ჩავედით. ტრაპზონიდან მძღოლის მეტი არავინ გამოგვყოლია. მარტო თურქულად ლაპარაკობდა, გზაში არსად გაგვიჩერა, კინაღამ მოვკვდით. მის გვერდით მხოლოდ თეა იჯდა, დანარჩენი ხუთნი კი უკან ვიყავით მოთავსებულნი. კარგად მახსოვს, ტრაპზონიდან სტამბულამდე მძღოლმა ცენტრალური გზიდან რამდენჯერმე გადაუხვია. ვეკითხებოდით სად მივყავდით, მაგრამ მისგან პასუხს მანამ ვერ ვიღებდით, სანამ მიუდგომელ ადგილზე არ მივიდოდით. ერთხელ მანქანაც გაგვიჩერა, გვანიშნებდა, თუ გინდათ ჩადით, რა შემაღონეთო, მაგრამ თვალწინ მთების მეტი არაფერი იყო, სად უნდა წავსულიყავით...

სტამბულში, სასტუმროში დაბინავებამდე, მაღალი შენობის წინ არსებულ თავშესაფართან გავჩერდით. ჩვენს გარდა იქ სხვებიც იყვნენ, უცხოელებიც ჩანდნენ და შორიახლოს ქართველებიც. თურქი ქალი და მამაკაცი მოვიდნენ. მძღოლს დაელაპარაკნენ, ცოტა ისაუბრეს, ცელოფნის პატარა პარკით რაღაც გადასცეს და პასპორტები გამოართვეს. ისინი რუსულადაც საუბრობდნენ. გვითხრეს, დოკუმენტები სასტუმროსთვის გვჭირდებაო. ხმა არ ამოგვიღია. ისე გვციოდა მარტო იმას ვნატრობდით, სადმე ოთახში შევსულიყავით. სასტუმროშიც მივაღწიეთ. შეიძლება ეს ამბავი დაუჯერებელიც კი ჩანდეს, მაგრამ ოთახებში დავბინავდით თუ არა, ის ადამიანები, ვისაც ყურადღება უნდა მოექციათ, აღარსად ჩანდნენ.

 აქაც იგივე განმეორდა, რაც ტრაპზონში და კიდევ უფრო უარესიც. მამაკაცები, რომელსაც გავუძალიანდით, არა მარტო გვეჩხუბებოდნენ და გვიყვიროდნენ, არამედ გამეტებით გვირტყამდნენ. ერთი სიტყვით, ღირსების შენარჩუნებისათვის ბრძოლის არაქათი საბოლოოდ გამოგველია, მანამდე კი ანთებული სიგარეტით ხელებიც ამოგვიწვეს. დამწვარი დღესაც შრამად მაქვს. ეს საზიზღრობა, წამება იყო.

დილით სასაუზმოდაც არავინ დაგვიძახა, არც ჩვენ ვიცოდით არაფერი. ქალაქში ვერ გავიდოდით, რადგან პასპორტები არ გაგვაჩნდა. სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონს პოლიციის მისამართი ვთხოვეთ, რაზედაც უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ასეთი საკითხები მას არ ეხებოდა და გვირჩია სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მიგვემართა. სასტუმროს ადმინისტრატორს მაღაზიის მისამართი მე და თეამ ვკითხეთ. ვუთხარით, რომ მცირეოდენი სურსათის შეძენა გვინდოდა. ტრაპზონიდან ცოტაოდენი ფული გამოგვყვა. მოხუცი ადმინისტრატორი დიდი გაიძვერა ვინმე აღმოჩნდა. თან ვიღაც გამოგვაყოლა სათვალთვალოდ. გვინდოდა ტელეფონით დაგვერეკა, მაგრამ ვერ შევძელით. მაღაზიაში პური ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. გამყიდველისთვის პოლიციის მისამართი აღარ გვიკითხავს.

 სასტუმროს ოთახში ასვლამდე ჩხუბის ხმა შემოგვესმა. გვეგონა რომელიმე ქართველი თურქ კაცს ეჩხუბებოდა, მაგრამ ოთახში შესვლისას უცხო თურქი ქალი რაღაცას გვედავებოდა და საცემლად იწევდა. ბოლოს გავარკვიეთ, რომ გვეუბნებოდა, მე თქვენ გიყიდეთ, 400 აშშ დოლარი გადავიხადე თითოეულში და რა პოლიცია აგიტყდათო. დაგვემუქრა, სანამ ამ ფულს სამმაგად მაინც არ ამოვიღებ, ფეხს ვერსად გასდგამთო.

ეს ქალი, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ყოფილა, რუსულად ისე ლაპარაკობდა, რომ ძლივს გამოგვქონდა აზრი მისი ნათქვამიდან. ისიც გვითხრა, ჩემი ქმარი სტამბულის მილიციაში მუშაობს და პოლიციაში თქვენს მისვლას აზრი არ აქვს. პასპორტები არ გაქვთ და მაშინვე დაგაპატიმრებენო. გაკვირვებულები ერთმანეთს შევყურებდით და თან ვტიროდით. მისთვის არაფერი გვითქვამს. გადავწყვიტეთ, საღამოს გავპარულიყავით, მოსახდენი მომხდარიყო, რადგან ამდენი ძალადობის ატანა აღარ შეგვეძლო.

 სასტუმროდან გაპარვა ვერ შევძელით. ოთახები შეგვიცვალეს, ფანჯრებს რკინის გისოსები ჰქონდა, კარებთან კი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცები იდგნენ. მათი მოტყუებაც ვცადეთ, მაგრამ ამაოდ.

ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაღამებული, რომ ოთახში თურქი ქალი შემოვიდა, ვახშამი შემოგვიტანა. ჩაი დავლიეთ თუ არა, გამოვშტერდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს...

მესამე ღამეს იგივე განმეორდა, რაც პირველ ღამეს იყო. საღამოს 8 საათიდან დილის 10 საათამდე სექსუალურ მომსახურებას მინიმუმ სამ მამაკაცს მაინც ვუწევდით. უფრო საშინელებებიც ხდებოდა. ისე ვიყავით სხვადასხვა მამაკაცებისგან ნაცემი, რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გვქონდა. ასე გაგრძელდა 8 დღე და ღამე, თუ არ ვცდები. სულ დალურჯებულები ვიყავით, სახეც დასიებული გვქონდა. სასტუმროს მოსამსახურეები თვალს გვარიდებდნენ, ვერ გვიყურებდნენ.

 იმ ღამეს სასტუმრო დავტოვეთ. ქალაქის განაპირა სოფელში ერთსართულიან, კრამიტით გადახურულ სახლში ერთი ღამე გავათენეთ, მერე კი გზას გავუდექით. თანმხლები თურქი შეგვპირდა რომ საბერძნეთში გადაგვიყვანდა“.

მონატრებული სიკვდილი

„ჯერ მანქანით ვიარეთ, მერე ფეხით, მერე რამდენიმე საათი ისევ მანქანით. რომელიღაც სოფელში კიდევ ხუთი ადამიანი დაგვემატა, სამი ქართველი იყო, ორი სომეხი – თბილისიდან. თურქი პატარა მდინარეს მიუყვებოდა და ჩვენც მივდევდით.

მინდორში ვიყავით, რომ დაგვიღამდა. ვთხოვდით, იქნებ გავჩერებულიყავით და ცეცხლი დაგვენთო გასათბობად, მაგრამ ის კაცი არ ჩერდებოდა. ხელით გვანიშნებდა მომყევითო. ბნელოდა, მაგრამ გზას არაფრით ინათებდა. როგორც ჩანს, ზეპირად იცოდა ბილიკები. ყინავდა, თან წვიმდა. დრო და დრო ქარიც ქროდა. ყველაფერი სახეში გვეყრებოდა.

დაღამებული იყო, ტყეში პატარა ქოხს რომ მივუახლოვდით. თურქი გაჩერდა, ჩანთა მოიხსნა, ჩაი თვითონაც დალია და ჩვენც დაგვალევინა.

ბოლოს რომ ხალხი დაგვემატა, იქიდან ერთ-ერთი ასე 50 წლამდე ქალი იყო. ასანთი ჰქონდა წამოღებული და ცეცხლის დანთება სცადა. თურქმა იმისთანა სილა გააწნა სახეში, რომ მიწაზე მჯდომი ქალი გადავარდა. ხმა არ ამოგვიღია, რადგან გზაში თურქმა გაგვაფრთხილა, თუ ხმას ამოიღებთ, პოლიცია ყველგან არის, გაიგებს და ციხეში აღმოჩნდებითო. იმ კაცმა ცეცხლის დანთებაზე ფიქრიც კი აგვიკრძალა.

დიდხანს არ გავჩერებულვართ. ერთი დღე და ღამე კვლავ ვირბინეთ. მივადექით მერე ჭაობებს. ვერ გაგვეგო, როგორ უნდა გადაგველახა. თურქი მირბოდა და მივყვებოდით. ჭაობი გავიარეთ, მერე ისევ ტყე, წყალშიც ბევრი ვიარეთ.

დიდი ჩანთა არავის გვქონდა, გზაში ყველაფერი გადავყარეთ, ვეღარ მიგვქონდა. პატარა პარკებიც სულ დაგვისველდა და დაიხია. ტანსაცმელიც დაგვეფლითა, მათხოვრებს დავემსგავსეთ. საჭმელი არავის გვქონდა, თურქი იშვიათად მოგვიტეხავდა ხოლმე პურს, ისიც ყველას არ გვხვდებოდა. წინ მიმავალი ნატეხებს უკან გვიყრიდა და ვინც დავიჭერდით, მისი იყო.

ისევ ღამე იყო, სომეხმა რომ დაიძახა, ჩემი ნათესავი და კიდევ ერთი გოგო ჩამოგვრჩნენო. თურქს ვანიშნეთ, რომ დავლოდებოდით, რაზედაც უარი გვითხრა. ვაიძულეთ, თუ არ ნახავდა ჩამორჩენილებს, ვიყვირებდით.

 ვნახეთ... ახალგაზრდები სიცივისგან კანკალებდნენ და ვეღარ მოდიოდნენ. შევჩერდით. ღამე იყო, ირგვლივ არაფერი ჩანდა. თურქსაც ჩაეძინა და ჩვენც. რიჟრაჟზე თურქმა გაგვაღვიძა. აღარ ვიცოდით რა გვექნა, რადგან ორივე ადამიანი, რომლებიც მცირე ხნის წინ ძლივს დაგვეწივნენ, გაყინულიყვნენ. ვტიროდით და მიწას ისე მივაბარეთ, გვამები ნადირს რომ არ შეეჭამა.

გზა გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული მინდორზე ისევ რომ გავედით. თურქმა ფული მოგვაკრეფინა და მეცხვარეებს მისცა. მინდორი მალე გავიარეთ და კლდის მსგავს მთებს მივადექით. საცალფეხო ბილიკები უნდა გაგვევლო. თურქმა სიფრთხილისაკენ მოგვიწოდა და გვაჩვენა, მიწა და პატარა მცენარეების ფესვები, რომელსაც უნდა მოვჭიდებოდით, როგორ წყდებოდა და დაბლა მიექანებოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ სიკვდილს ვნატრობდით, სიცოცხლე აღარ გვინდოდა, მაგრამ ოჯახები გვებრალებოდა, მკვდრებსაც რომ ვერ დაგვიტირებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა ამდენი უბედურების შემდეგ ესეც უნდა გაგვევლო. ფეხებს ძლივს მივათრევდით შიმშილის, სიცივისა და ნანახისგან მისავათებულები.

ერთი ახალგაზრდა ღრმა ხევში ისე გადაიჩეხა, რომ უკან ვერც კი მივიხედეთ, რადგან ასეთი მოძრაობისას, ჩვენც იგივე საფრთხის წინაშე ვიდექით. მის უკან მდგომმა რომ იკივლა, ისე დავიბენით, რომ გადაჩეხვას ძლივს გადავურჩით. . .

საბერძნეთში დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს...

თურქმა რომ გვანიშნა, საბერძნეთის საზღვარს მივუახლოვდითო, ჯერ ისევ ღამე იყო. სიარულის ძალა საერთოდ აღარ შეგვწევდა და დავსხედით. დაღლილებს ჩაგვეძინა. გამოგვაღვიძეს. თურქი აღარსად ჩანდა, თავს კი სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელები გვადგნენ, იარაღით ვიცანით, თან საბუთები მოგვთხოვეს, რაც არავის გვქონდა. ადგილზევე გაგვჩხრიკეს და ერთ-ერთის ჩანთაში პასპორტებიც იპოვეს ქაღალდში შეხვეული. ყველას თურქეთის ვიზები გვქონდა.

მანქანებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. ოფიციალური საზღვარი არ გადაგვილახავს, საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლში ისე მივედით. იქაც კერძო სახლში დავბინავდით.

 სამი დღის მანძილზე იმ სახლში მცხოვრები ბერძენი ქალი გვივლიდა, გვაჭმევდა. მესამე დღეს რამდენიმე ადამიანი გაუშვეს, სალონიკის გზა მიასწავლეს, ოთხნი კი დაგვტოვეს.

 მომდევნო დღეს კი ის ოთხი კაცი მოვიდა, ვინც ალექსანდროპოლში მიგვიყვანა. ფეხზე გამართულად ვიდექით, თუმცა ჯანმრთელობა აშკარად შეგვერყა. გვახველებდა და ავადვმყოფობდით. მათ არც არაფერი უკითხავთ, ისე მოინდომეს ჩემთან, თეასთან და კიდევ ორ გოგოსთან დროს ტარება. გავუძალიანდით და ცუდ დღეშიც აღმოვჩნდით. ოთხივე სახლის პირველ სართულზე, ე.წ. სარდაფში ჩაგვყარეს და კარი დაგვიკეტეს, თუმცა დიასახლისს ჩვენი გამოკვება არ შეუწყვეტია.

სარდაფში ყოფნიდან მეორე საღამოს იგივე განმეორდა, რაც თურქეთში. ჩვენგან ყველა სექსუალურ მომსახურებას ითხოვდა, სანაცვლოდ კი „მეპატრონეს“ ფულს უხდიდნენ. ბიჭებზე იმდენად ვიყავით გაბრაზებულნი, რომ ყველაფერზე უარს ვეუბნებოდით, რის გამოც, მათ დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს. სარდაფს თავი მხოლოდ ამის შემდეგ დავაღწიეთ.

გაშვებით ჩვენც გაგვიშვეს, მაგრამ არაფერი მოუციათ. გზის ფულიც არ გვქონდა, რომ სალონიკამდე მივსულიყავით. ეს ქალაქი გაგონილი გვქონდა მხოლოდ. ვიცოდით, რომ იქ სამუშაოს შოვნა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე სხვაგან. არც გზა ვიცოდით. ორნი დაგვშორდნენ, დავრჩით მე და თეა. ალექსანდროპოლის გარეუბანის ქუჩებში ხეტიალისას ქართველი ქალი ვნახეთ, კასპის რაიონიდან წამოსული, რომელიც ბერძნულ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის მოგვეხმარა რამდენიმე დღე კერძო სახლში გაგვეთია, მოგვიანებით კი დაგვიკავშირდებოდა და სადმე დაგვასაქმებდა. ანაზღაურების ოდენობას აღარ ვჩიოდით.

დაპირებისამებრ დავიწყეთ მუშაობა. 60 წლის მოხუცს ვუვლიდი, არადა მოსავლელი უკვე თავად ვიყავი. სამი თვე ვიმუშავე, მერე ის მოხუცი გარდაიცვალა. მოგროვილი ფულით სალონიკისკენ გავეშურე და მას შემდეგ აქ ვმუშაობ, აქაც ბებიას ვუვლი. ნორმალურად მიხდიან მისი შვილები, თან მოხუცის სახლში ვცხოვრობ, რადგან მარტოა და ოჯახის ფინანსებით შეძენილი საკვებით ვსულდგმულობ.

...ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს. თანხა რაც მრჩება, საქართველოში ვაგზავნი. ჩემი ძმა უკვე გაიზარდა და თავადაც მუშაობს მტვირთავად. დედაც ძალიან დაბერდა. არაფერი აღარ შეუძლია. საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ მინდა თან ცოტა ფულიც წავიღო, მაღაზია გავხსნა და ვივაჭრო, რომ სხვას ხელებში არ შევყურო. იმ გზის გავლას, რაც მე გავიარე, არავის ვუსურვებ. ამის შესახებ პირველად თქვენთან ვისაუბრე, ოჯახის წევრებისთვისაც კი არ მითქვამს არაფერი“,- აღნიშნა მაიამ, რომელსაც თუ შეხედავთ, ძნელად დაიჯერებთ, ან შეიძლება სულაც არ დაიჯეროთ, რომ იგი 29 წლის არის.

გელა მთივლიშვილი საბერძნეთიდან

ახალი ამბები