კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია ძალადობის მსხვერპლი გახდა

23 ოქტომბერი, 2006

akcia1.gifქართველი ხელოვანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის კანცელარიასთან ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათ მთავრობის გამოსაფხიზლებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გამართეს ლოზუნგით „არა ძალადობას“, თუმცა პატრულმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალა. 

„თანასწორობის ინსტიტუტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო ფესტივალი 20 ოქტომბერს ხელოვნების მონაწილეობით გაიმართა. პოეტები ძალადობისა და ომის წინააღმდეგ მიმართულ ლექსებს კითხულობდნენ, მომღერლები ამავე თემატიკის სიმღერებს მღეროდნენ, მოსახლეობა კი მათ მხარდაჭერას სხვადასხვა შეძახილებით გამოხატავდა. 

აქცია 17 საათზე მშვიდად დაიწყო, თუმცა, შეხლა-შემოხლის გარეშე არ ჩაუვლია. მართალია, აქციის ორგანიზატორებს აქციის გამართვასთან დაკავშირებით თბილისის მერიისგან კანონით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვა ჰქონდათ მიღებული, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ აქციის დასრულების საშუალება არ მისცა.

დაახლოებით 19 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან როგორც ფორმიანი პოლიციელები, ისე უფორმო სპეცსამსახურის წარმომადგენლები გამოჩდნენ. მათ აქციის ორგანიზატორებს მიკროფონების გამორთვა და აქციის დაშლა სთხოვეს. მიზეზად კი მოსახლეობის მოთხოვნა დაუსახელეს. აქციის მონაწილეებმა ლექსები და სიმღერები არ შეწყვიტეს. ამის შემდეგ კი პოლიციელები სცენაზე აცვივდნენ და მონაწილეებს მიკროფონები წაართვეს. ამ ყველაფერს გაწევ-გამოწევის გარეშე არ ჩაუვლია.  

მონაწილეები მიკროფონების წართმევით რომ ვერ დაშალეს, იმ ტექნიკურ მანქანასთან მივიდნენ, სადაც ტექნიკა იყო მიერთებული და სადენები გადაჭრას შეეცადნენ. ამას მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა აქციაზე არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებმა კი სხვადასხვანაირი პლაკატები ააფრიალეს, მათ შორის „მე აფხაზი ვარ“, „მე ოსი ვარ“...      

ამ ყველაფრის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა იმის თქმა მაინც მოახერხეს, რისთვისაც შეიკრიბნენ. მათ ყველასათვის კარგად ცნობილი პოეტებისა თუ მომღერლების შემოქმედება შეასრულეს. მაგალითად: ბობ მარლის „ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე“; ჯონ ლენონის „მიეცით მშვიდობას შანსი“; ზურაბ რთვილიაშვილის „რომი -რომამდე მივა, ომი - არაფერს ნიშნავს.“ შემსრულებლები კი გახლდნენ ზურაბ რთველიაშვილი, შოთა იათაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ლევან რამიშვილი,  და სხვა ცნობილი სახეები.   

აქციის დაშლას კი სხვადასხვანაირი განცხადებები მოჰყვა. „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მათი დაშლა ტექნიკის გამორთვით მოახერხეს, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრეს: „როგორც ჩანს, პრეზიდენტი პოეტებისა და მომღერლებისგან მშვიდობაზე საუბარს და მოწოდებას ვერ იტანს და მშვიდობიან აქციას ისევ ძალადობითვე უპირისპირდება. ჩვენ კი სათქმელი ვთქვით და ვისაც უნდა გაეგო, გაიგო კიდეც. მსგავსი მშვიდობიანი აქციები ხშირად გაიმართება, რადგან, ძალადობა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მოწოდებაა“.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“  ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილიც ფიქრობს, რომ აქციამ შედეგი გამოიღო და მის ჩატარებას აზრი ნამდვილად ჰქონდა: „შედეგი მიღწეულია, რადგან აქციას საზოგადოების დაინტერესება მოჰყვა, ის თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა. მათ შორის უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებიც გახლდნენ. მთავარი შედეგი კი საზოგადოების ყურადღების მიქცევა იყო“.

როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფი აქციის დაშლას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა, რადგან რამდენიმე მომღერალმა თავდაპირველად მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა აქციაზე არ მივიდა. 

ეკა გულუა    

ახალი ამბები