კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის და რატომ აქვს იარაღი სამეგრელოში?

25 ოქტომბერი, 2006

gun.gif1991 წლიდან სამეგრელოში იარაღის ბუმია. მართალია, მეგრელებს თოფი ყოველთვის უყვარდათ, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის ასეთი რაოდენობა აქ არასოდეს ყოფილა კონცენტრირებული. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის დაჯგუფებები, რომელთა ხელშიც იყო ეს იარაღი - ე.წ. ზვიადისტების რამდენიმე დაჯგუფება: 1. ბადრი ზარანდიას დაჯგუფება. 2. ჯამბულ ბოკუჩავას დაჯგუფება. 3. აკაკი ელიავას რაზმი. 4. ანზორ ჩხეიძის რაზმი. 5. გოჩა ესებუას ხალხი.

1992 - 1993 წლების ქართულ- აფხაზური ომის დამთავრების შემდეგ, იარაღიანთა ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ. პირველ რიგში, ესენი იყვნენ აფხაზეთის ომის მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით სხვადასხვა ჯგუფებში აღმოჩნდნენ. ასე მაგალითად, ყოფილ მეომართა რამდენიმე დაჯგუფება შეიქმნა - “თეთრი ლეგიონი”, მეთაური რამინ გოგოხია; “ ტყის ძმები”, მეთაური დათო შენგელია; კვარაცხელიას, ბულისკირიას, ბიგვავას, კაკულიას რამდენიმე კაციანი ჯგუფები. იარაღის უდიდესი რაოდენობა და ყველაზე მეტი სახეობა სწორედ მათ ხელში იყო. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ჯგუფებს სახელმწიფო ამარაგებდა. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იარაღის დიდი რაოდენობა იყო მოსახლეობაშიც (მათ ის თავდაცვის მიზნით ჰქონდათ შეძენილი).

სამეგრელოში არსებული იარაღის ფართო მასშტაბიანი ამოღება მხოლოდ 2004 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 4 თებერვალს შსს სპეცოპერაციის შედეგად, ერთ დღეში ამოღებულ იქნა 40 ავტომატი, 5 ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნები და ა.შ. 4 თებერვლიდან 11 –ის ჩათვლით კი ამოღებული ავტომატების რიცხვმა 120-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, იმავე პერიოდში იარაღი ჩააბარა “ტყის ძმების“ მეთაურმა დათო შენგელიამ - "ნურსის”, “იგლას”, “შაითან ტრუბას” ტიპის სარაკეტო დანადგარები. არაფერს ვამბობთ საბრძოლო მასალაზე – ტყვიასა და ხელყუმბარებზე, ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, რადგანაც მათი ზუსტი რაოდენობის  დადგენა საკმაოდ რთულია.

შსს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია კატეგორიულად უარს აცხადებს რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ მინისტრის ან ხიზანიშვილის ნებართვის გარეშე საუბარიც კი არ უნდათ.

ის, რისი მოპოვებაც შევძელით, ჩვენთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა- სამეგრელოში იარაღის უდიდესი ნაწილი ამჟამად პირველ რიგში ყაჩაღების და შემდეგ საქონლის ქურდების ხელშია თავმოყრილი. მოსახლეობაში ძირითადად დარჩა ერთ და ორლულიანი თოფები.

ზუგდიდის #4 იზოლატორში, ძროხის ქურდობაში ეჭვმითანილი ედემ ხარჩილავა ზის. მას ათეულობით ძროხისა და ცხენის ქურდობაში ედება ბრალი. ე.ხარჩილავას ჰყავდა თანამზრახველებიც, თუმცა მათი დაკავება ჯერ არ მომხდარა. სწორედ ედემ ხარჩილავას და მის ჯგუფს ჰქოდათ ავტომატები. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში ერთი წლის წინ, ძროხის ქურდებმა ავტომატით ჩაცხრილეს თალიკო სორდია. ბოროტმოქმედები დაკავებულნი არიან. ავტომატებით არიან შეიარაღებულნი ზუგდიდისა და გალის რაიონების საზღვარზე მოქმედი ნაქურდალი ძროხების გადამცვლელი ქართულ - აფხაზური ჯგუფები. რუხიდან ადგილობრივი ქურდები ფონით მიერეკებიან ნაქურდალ ძროხებს და თაგილონში, ჭუბურხინჯში, სიდაში ახდენენ მათ გაცვლას. ცვლიან ენგურსგაღმა მოპარულ საქონელზე. საკმაოდ ხშირია საქონლის ქურდობა მარტვილისა და აბაშის რაიონებშიც, თუმცა ზუგდიდისაგან განსხვავებით, იქაურ ქურდებს იარაღი ნაკლებად აქვთ ხოლმე.

2005 წლის  9 თვეში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მუშაკთა მიერ ამოღებულია 41 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, 2006 წლის იმავე პერიოდში კი - 43, ანუ 2 ერთეულით მეტი. ბოლო 2 წლის განმავლობაში სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში იქნა აღმოჩენილი ნაღმები, ყუმბარმტყორცნის ყუმბარები. იყო შემთხვევაც, როცა ნაღმი ჯართის მიმღებ პუნქტშიც კი აღმოუჩენიათ (მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ფოთში).

პოლიციის მიერ ბოროტმოქმედებისაგან (უმეტესწილად ყაჩაღებისაგან) იარაღის ამოღება ხშირად დამნაშავის დაკავებისას ხდება, მაგრამ იყო ისეთი ფაქტებიც, როცა დამნაშავემ (ზაზა შამუგიას თავდასხმა პოლიციის მანქანაზე) პირველმა გაუხსნა ცეცხლი და შემდეგ მოხდა მისი ლიკვიდაცია. ორიოდე დღის წინ მარტვილის რაიონში სამხარეო პოლიციამ დააკავა ყაჩაღობისათვის ძებნილი გოგი ნაჭყებია. მას ჩხრეკისას აღმოუჩინეს 3 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.

ჩადენილი მძიმე კატეგორიების (მკვლელობა, ყაჩაღობა) დანაშაულთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი.

იარაღი 1995-2003 წლებში თავისუფლად შემოდიოდა აფხაზეთიდან, ავტომატი 100 აშშ დოლარადაც კი იშოვებოდა.  დღეს ვითარება შეიცვალა. იარაღი აღარ გადმოდის, რაც აქ არის ისიც საკმარისია კრიმინოგენური ვითარების გასაუარესებლად. 

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები