კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოტყუებული პერსონალი

26 ოქტომბერი, 2006

likani.gifშპს ,,ბორჯომი-ლიკანის”გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით უკვე მერამდენედ ყოფილი სამსახურის წინ აქციებს მართავენ.

ამა წლის 26 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა ,,ყაზმუნაიგაზ- სერვისს” შპს ,,ბორჯომი-ლიკანის” სანატორიუმი 10 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა. იმ დროისათვის სანატორიუმის პერსონალის სამუშაოდან დათხოვნაზე მყიდველის მხრიდან არავის უსაუბრია. თუმცა აღნიშნავდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ნებისმიერი თანამშრომელი ექვსი თვის კონპენსაციას მიიღებდა.

 „შპს,,ბორჯომი-ლიკანის” თანამშრომლებიდან 240 კაცი უმუშევარი დავრჩით. ყაზახები თავიდან რომ ჩამოვიდნენ, კრება ჩაატარეს, რომელსაც სამასივე თანამშრომელი ესწრებოდა. დაგვპირდნენ, როცა გაგათავისუფლებთ, სამი თვის კომპენსაციას აუცილებლად მოგცემთო.  სამს კი, პრეზიდენტთან შეთანხმებით, სახელმწიფო გადაიხდიდა. სულ ექვსი თვის კომპენსაცია უნდა მოეცათ. სიტყვიერად ასე მოვილაპარაკეთ. ახლა აცხადებენ, სანატორიუმი ზარალზე მუშაობდაო,. არადა, ეზოში შესვლაც კი ფასიანი გახადეს. ვერაფერს ვუმტკიცებთ. გვეუბნებიან, არაფერს არ დაგპირებივართო. მათ უნამუსობას საზღვარი არა აქვს”, - აღშფოთებულია აქციის მონაწილე მზიური სუბელიანი.
 

,,შეგვპირდნენ, რომ ექვსი თვის კომპენსაციას მოგვცემდნენ. გაგვათავისუფლეს და არავითარი კომპენსაცია! დირექტორმა განგვიცხადა, სანატორიუმი ჩემი საკუთრებაა და ვერაფერს გადაგიხდით. თანამშრომლებს კი, ვისაც მინდა, იმას მივიღებო. ახლა გვეუბნებიან, არაფერი გეკუთვნით, შტატში არ იყავით, ხელშეკრულებით კი გათავისუფლებულები ხართო. მე სამკურნალოს ნაწილში მორიგე დამლაგებლად ათეული წელი ვიმუშავე, ახლა კი ულუკმაპუროდ დამტოვეს”, - ამბობს აქციის მონაწილე მერი ბერიძე. 
 
ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში შპს ,,ბორჯომი –ლიკანში” მუშაობდნენ, ახლა სანატორიუმის ეზოშიც აღარ უშვებენ. რკინის ჭიშკარს აქ მხოლოდ ერთეულებს უღებენ. დამსვენებლებისთვის განკუთვნილი პატარა რკინის კარები კი მყარად შეადუღეს. 

 ,,ამდენი წელია აქ ვმუშაობ. ახლა ბორჯომის წყლისთვის რომ შევიდე, აღარ მიშვებენ. სანატორიუმის პერსონალისთვის მეოთხე სამმართველო (ადგილობრივები ასე ეძახიან შპს ,,ბორჯომი –ლიკანს”) ჩაიკეტა. ესაა სამართალი, ერთი ჭიქა წყალი ვერ დალიო შენს ტერიტორიაზე?” - გაოცებას ვერ მალავს შპს ,,ბორჯომი – ლიკანის” ყოფილი თანამშრომელი, სამკურნალო კორპუსის მორიგე ნინო მაღრაძე.

ყაზახური ,,ყაზმუნაიგაზ – სერვის” - ის წარმომადგენელი გიორგი ზაქაიძეც აღნიშნავს, რომ  ახალი მფლობელი სანატორიუმის თანამშრომლებს არაფერს დაპირებია და მათი ბრალდება უსაფუძვლოა.
 
,,როცა ჩვენმა კომპანიამ შპს ,,ბორჯომი –ლიკანი” შეისყიდა, ყველა თანამშრომელი ერთთვიან ხელშეკრულებაზე იყო. ხელშეკრულებების ვადა მაქსიმალურად გავუგრძელეთ. წლობით აუღებელი საშვებულებო თანხები და პენსიონერებისათვის დახმარებებიც გავეცით. ვუთხარით, რომ თუ სურვილი ექნებოდათ, სხვადასხვა ინვენტარითაც დავეხმარებოდით. რაც შეეხება ფინანსურ კომპენსაციას, შესყიდვის დროს ამაზე საუბარი არ გვქონია და არაფერს შევპირებივართ. ცხადია, ეს თანხა არც ბიუჯეტშია გათვალისწინებული” - აცხადებს გიორგი ზაქაიძე.

 შპს ,,ბორჯომი –ლიკანის” თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ გათავისუფლების დოკუმენტზე ხელი მოტყებით მოაწერინეს.

,,სანატორიუმში 36 წელი ვიმუშავე. მატერიალურ საკუთრებაზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი. 15 სექტემბერს ისე დაიწერა ჩემი გათავისუფლების ბრძანება და სამუშაოდან ისე დამითხოვეს, ქონება არავისთვის გადამიბარებია. მეგონა კომპენსაციას მომცემდნენ იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელზეც სანატორიუმის იურისტმა ანა საჯაიამ მოტყუებით მოგვაწერინა ხელი. მაგრამ კომპენსაციის გარეშე დავრჩით. ახლა ანა საჯაია გვემალება. მაშინ კი, გაწეული მუშაობისათვის დიდი მადლობა გადაგვიხადა. ამდენი ადამიანი ასე გაგვაბითურეს. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი მოაწერდა ხელს და იტყოდა, კომპენსაცია არ გვინდაო? გამოვიდეს ანა საჯაია და პასუხი გაგვცეს” - ამბობს შპს ,,ბორჯომი –ლიკანის” მე-3 აგარაკის ყოფილი დიასახლისი ნუნუ გეგეჭკორი.

,,ა/წ 15 სექტემბერს მთავრდება თქვენსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული შრომითი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. ასევე გაფრთხილებთ, რომ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა თქვენსა და ადმინისტრაციას შორის მოხდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომპენსაცია არ გაიცემა.”–  ეს არის ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელსაც როგორც გაირკვა, შპს ,,ბორჯომი–ლიკანის” თანამშრომლებმა ხელი  მოაწერეს.

დიდი მცდელობის მიუხედავად, სანატორიუმის იურისტ ანა საჯაიასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

,,ეს პატარა გოგო უდანაშაულოა და თავი გაანებეთ. არ ვიცი, სად არისო”, - გიორგი ზაქაიძის ამ განცხადებას სანატორიუმის გარეთ მდგომ აქციის მონაწილეთა მხრიდან  აღშფოთება მოყვა. მათი თქმით, ანა საჯაია ცოტა ხნის წინ დაუბრკოლებლად შესულა ეზოში და გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტთან უსინდისოდ იცრუა.

შპს ,,ბორჯომი-ლიკანის უკომპენსაციოდ დარჩენილი თანამშრომლები დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ გრიგალაშვილს მიმართავენ. მათი მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი აქციების გამართვითა და უფრო უარესი, უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.

გულო კოხოძე, ბორჯომი

ახალი ამბები